შინაარსზე გადასვლა

მარია ლუისა ესპანელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარია ლუისა ესპანელი
María Luisa de España
ტოსკანის დიდი ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 16 თებერვალი, 1764
მმართ. დასასრული: 20 თებერვალი, 1790
წინამორბედი: მარია ტერეზა ავსტრიელი
მემკვიდრე: ლუიზა მარია ნეაპოლელი
ავსტრიის ერცჰერცოგინია, უნგრეთის, ხორვატიისა და ბოჰემიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 20 თებერვალი, 1790
მმართ. დასასრული: 1 მარტი, 1792
წინამორბედი: ელიზაბეთ კრისტინა ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელი
მემკვიდრე: მარია ტერეზა სიცილიელი
საღვთო რომის იმპერატრიცა, გერმანიისა და იტალიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 30 სექტემბერი, 1790
მმართ. დასასრული: 1 მარტი, 1792
წინამორბედი: მარია იოზეფა ბავარიელი
მემკვიდრე: მარია ტერეზა სიცილიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 24 ნოემბერი, 1745
დაბ. ადგილი: ნეაპოლი, ნეაპოლის სამეფო
გარდ. თარიღი: 15 მაისი, 1792, (46 წლის)
გარდ. ადგილი: ვენა, ავსტრიის საჰერცოგო, საღვთო რომის იმპერია
მეუღლე: ლეოპოლდ II, საღვთო რომის იმპერატორი
შვილები: 1. მარია ტერეზია, საქსონიის დედოფალი
2. ფრანც II, საღვთო რომის იმპერატორი
3. ფერდინანდო III, ტოსკანის ჰერცოგი
4. მარია ანა
5. კარლ ლუდვიგი, ტეშჩენის ჰერცოგი
6. ალექსანდერ ლეოპოლდი
7. იოზეფი, უნგრეთის კურფიურსტი
8. მარია კლემენტინა, სიცილიის დედოფალი
9. ანტონ ვიქტორი, ტევტონთა დიდი მაგისტრი
10. მარია ამალია
11. იოჰანი
12. რაინერი, ლომბარდო-ვენეციის ვიცეროი
13. ლუდვიგი
14. რუდოლფი, ოლომოუცის არქიეპისკოპოსი
სრული სახელი: მარია ლუისა დე ბურბონ ი ვეტინი
დინასტია: ბურბონები
მამა: კარლ III, ესპანეთის მეფე
დედა: მარია ამალია საქსონიელი
რელიგია: კათოლიციზმი

მარია ლუისა ესპანელი (ესპ. María Luisa de España, გერმ. Maria Ludovica von Spanien; დ. 24 ნოემბერი, 1745, ნეაპოლი, ნეაპოლის სამეფო — გ. 15 მაისი, 1792, ვენა, ავსტრია, საღვთო რომის იმპერია) — ბურბონთა დინასტიის ესპანური შტოს წარმომადგენელი. ესპანეთის, ნეაპოლისა და სიცილიის მეფე კარლ III-ისა და მისი ცოლის, დედოფალ მარია ამალია საქსონიელის ქალიშვილი. ტოსკანის დიდი ჰერცოგინია 1764-1790 წლებში, საღვთო რომის იმპერატრიცა, ავსტრიის ერცჰერცოგინია, უნგრეთის, ხორვატიის, ბოჰემიის, გერმანიისა და იტალიის დედოფალი 1790-1792 წლებში, როგორც ლეოპოლდ II-ის მეუღლე და მისი ცამეტი შვილის დედა. იგი იყო საღვთო რომის უკანასკნელი იმპერატორის, ფრანც II-ის დედა.

მარია ლუისა დაიბადა 1745 წლის 24 ნოემბერს ნეაპოლში. იგი იყო ნეაპოლისა და სიცილიის მეფე კარლ III-ისა და მისი ცოლის, დედოფალ მარია ამალია საქსონიელის ქალიშვილი. იგი მათთვის მეხუთე, მაგრამ მეორე გადარჩენილი შვილი იყო. ამ პერიოდში მისი მშობლები ჯერ კიდევ არ იყვნენ ასულნი ესპანეთის ტახტზე, ამიტომაც მისმა ბავშვობამ ნეაპოლში გაიარა.

მამამისი კარლი, რომელიც ესპანეთის ტახტის მემკვიდრე იყო, 1735 წელს ავსტრიელებს წაართვათ ნეაპოლისა და სიცილიის სამეფოები და იქ გამეფდა, მანამ სანამ ესპანეთში მისი დრო დადგებოდა. მას შემდეგ რაც მარია ლუისას ბიძა, ესპანეთის მეფე ფერდინანდ VI 1759 წელს გარდაიცვალა, ტახტზე მამამისი კარლ III ავიდა, რის გამოც ნეაპოლის ტახტი მარია ლუისას ძმამ მიიღო, კარლი კი ცოლთან და დანარჩენ შვილებთან ერთად ესპანეთში გადასახლდა.

ტოსკანის დიდი ჰერცოგინია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მარია ლუისა 1764 წელს

თავდაპირველად იგეგმებოდა მარია ლუისას მითხოვება ავსტრიისა და საღვთო რომის იმპერატორ იოზეფ II-ზე, თუმცაღა ეს მოლაპარაკებები მალევე ჩაშალა საფრანგეთის მეფე ლუი XV-მ, რომელმაც იოზეფს თავისი შვილიშვილი იზაბელა პარმელი შერთო ცოლად.

1764 წლის 16 თებერვალს მადრიდში მარია ლუისა დააქორწინეს ავსტრიის იმპერატრიცა მარია ტერეზიასა და საღვთო რომის იმპერატორ ფრანც I-ის მეორე ვაჟზე, ერცჰერცოგ ლეოპოლდ ავსტრიელზე, რომელთაც სამართავად ტოსკანა უბოძეს და იქ დაასახლეს. ქორწინების კონტრაქტის მიხედვით, მარია ლუისას და ლეოპოლდის შთამომავლებს ყველანაირი უფლება ერთმეოდათ ესპანეთის ტახტზე, შემდგომში მათი პრეტენზიების თავიდან ასაცილებლად. ქორწინების შემდეგ წყვილმა მოგზაურობა დაიწყო. ისინი ეწვივნენ ბარსელონას, გენუასა და ბოლცანოს. ვინაიდან მადრიდში გამართული ქორწინება მარიონეტული იყო, მომდევნო წლის 5 აპრილს მარია ლუისა და ლეოპოლდი რეალურად დაქორწინდნენ ერთმანეთზე ინსბრუკში. ქორწილიდან მალევე მარია ლუისას მამამთილი, იმპერატორი ფრანც I გარდაიცვალა, რის გამოც ლეოპოლმა და მარია ლუისამ მალევე დატოვეს ავსტრია და ტოსკანაში გაემგზავრნენ, სადაც გაატარეს მათი თანაცხოვრების მომავალი ოცდახუთი წელი. ახლად დაქორწინებული წყვილი ფლორენციაში 1765 წლის 13 სექტემბერს შევიდა დიდი ზეიმით. ფლორენციაში მაც რეზიდენციად პიტის სასახლე იქცა.

ჯერ კიდევ ქორწილში მოხიბლა მარია ლუისამ ლეოპოლდი თავისი ცისფერი თვალებით, კეთილი და დახვეწილი ბუნებით, განუმეორებელი გარეგნობითა და შარმით. მარია ლუისა ძალიან კეთილი და თბილი პიროვნება იყო, განსხვავებით ლეოპოლდისგან. მათი ქორწინება საკმაოდ მყარი და ბედნიერი აღმოჩნდა. მკაცრი კათოლიკური ტრადიციებით აღზრდილი მარია ლუიზა ქმრის ერთგული და დიდი მხარდამჭერი იყო. მათ ქორწინებაში ცამეტი შვილი შეეძინათ, რომელთაგან სამი გოგონა, ათი კი ვაჟი იყო. მათი ყველა შვილი ჯანმრთელი იყო და ყველამ მიაღწია სრულწლოვანებამდე. თუმცაღა მიუხედავად ამისა, ამას ხელი არ შეუშლია ლეოპოლდისთვის, რომ საყვარელი გაეჩინა ლივია რაიმონდის სახით, რომელთანაც 1788 წელს ვაჟიც კი შეეძინა, თუმცა მაც თავისი კანონიერი ცოლ-შვილისგან შორს, სან მარკოს სასახლეში აცხოვრებდა.

როგორც ტოსკანის დიდმა ჰერცოგინიამ, მან ფლორენციელთა დიდი სიყვარული იქ ჩასვლიდან პირველივე წელს დაიმსახურა. როცა ფლორენციაში ომის გამო შიმშილობა დაიწყო, იგი ხალხს პირადად ურიგებდა საკვებს და ზრუნავდა, რომ მათთვის საჭირო სამედიცინო დახმარება აღმოეჩინათ. მართალია მისი კორონაცია არასდროს შემდგარა, თუმცა 1768 წელს იგი ლეოპოლდის კორონაციას ესწრებოდა. მას ასევე ძალიან ახლო და თბილი ურთიერთობა ჰქონდა თავის მულთან, ნეაპოლისა და სიცილიის დედოფალ მარია კაროლინა ავსტრიელთან, რომელსაც ძალიან ხშირად სწერდა წერილებს. 1770 წელს იგი ლეოპოლდთან ერთად ვენას ესტუმრა. მარია ლუისა და ლეოპოლდი ასეთ ოფიციალურ შეხვედრებზე ძალიან იშვიათად დადიოდნენ და ძირითადად ასეთ საქმეებზე თავიანთ წარმომადგენლებს უშვებდნენ ხოლმე. მართალია მათი სამეფო კარი ბრწყინვალებისა და გართობის ცენტრი იყო და ლეოპოლდიც ამის ნაწილად იქცა, თუმცა თანდათან მარია ლუისა მთლიანად იზოლირებული აღმოჩნდა საზოგადოებისგან, რადგან იგი მთელს თავის ცხოვრებას შვილების აღზრდას უთმობდა. მარია ლუისამ და მისმა ქმარმა შვილების თავისუფლად აღზრდა გადაწყვიტეს, რის გამოც მათ სამეფო კარიდან შორს, ყოველგვარი ზედმეტი პროტოკოლისა და წესების გარეშე ზრდიდნენ, ასევე ხშირად უშვებდნენ სამოგზაუროდ. სწორედ ამიტომ, მარია ლუისა იტალიურ არისტოკრატიაში ნაკლებად ცნობილი იყო, იგი კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა თავისი მეგობრების მცირე წრეში.

საღვთო რომის იმპერატრიცა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1790 წელს ლეოპოლდის ძმის, იმპერატორ იოზეფ II-ის უშვილოდ გარდაცვალების შემდეგ მთელი მისი სამფლობელოები, რომელიც მოიცავდა თანამედროვე ავსტრიის, უნგრეთის, ტრანსილვანიის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, სლოვენიისა და ხორვატიის ტერიტორიებს ლეოპოლდ II-სა და მარია ლუისას გადაეცათ. მალევე მარია ლუისას ქმარი არჩეულ იქნა საღვთო რომის იმპერატორადაც. ამის შემდეგ ლეოპოლდი და მარია ლუისა შვილებთან ერთად ვენაში გადავიდნენ საცხოვრებლად. ლეოპოლდი ტახტზე ასვლიდან ორ წელიწადში, 1792 წლის 1 მარტს გარდაიცვალა, ტახტზე კი მათი ვაჟი ფრანც II ავიდა. მარია ლუისა ქმარზე ნერვიულობას გადაჰყვა და ამავე წლის 15 მაისს ისიც გარდაიცვალა, 46 წლის ასაკში.

ავსტრიაში ხანმოკლე მმართველობისას ლეოპოლდმა და მარია ლუისამ გაიცნეს მოცარტი. მათი დაკვეთით მოცარტმა რამდენიმე ოპერა დაწერა, რომელიც პრაღასა და ვენაში დაიდგა, სპეციალურად საიმპერატორო ოჯახის მოთხოვნით. მიუხედავად იმისა, რომ მარია ლუისა ძალიან ცოტა ხნით იჯდა ტახტზე, მან მაინც მოასწრო და გარკვეული კუთხით რამდენიმე ხელოვანისა და მეცნიერის შემოქმედება დააფინანსა. იგი განისვენებს ვენაში, საიმპერატორო აკლდამაში, ლეოპოლდის გვერდით.

სახელი პორტრეტი დაიბადა გარდაიცვალა ზოგადი ცნობები
მარია ტერეზია 14 იანვარი, 1767,

ფლორენცია, იტალია

7 ნოემბერი, 1827,

ლაიფციგი,

საქსონია,

(60 წლის)

საქსონიის დედოფალი 1827 წლის 5 მაისიდან 7 ნოემბრამდე, როგორც ანტონი

საქსონიელის მეუღლე, გადაჰყვა მეოთხე მშობიარობას.

ფრანც II 12 თებერვალი, 1768,

ფლორენცია, იტალია

2 მარტი, 1835,

ვენა, ავსტრია,

(67 წლის)

საღვთო რომის უკანასკნელი იმპერატორი 1792-1806 წლებში, ასევე იყო გერმანიის,

ავსტრიის, უნგრეთის, ხორვატიისა და ბოჰემიის მეფე 1792 წლიდან გარდაცვალებამდე.

იქორწინა ოთხჯერ:1. ელიზაბეთ ვიუტემბერგელზე, 2. მარია ტერეზა ნეაპოლელზე,

3. მარია ლუდოვიკა მოდენელზე და 4. კაროლინა ავგუსტა ბავარიელზე, სულ ჰყავდა

13 შვილი, მხოლოდ პირველი და მეორე ცოლებისგან.

ფერდინანდო III 6 მაისი, 1769,

ფლორენცია, იტალია

18 ივნისი, 1824,

ფლორენცია,

იტალია,

(55 წლის)

ტოსკანის დიდი ჰერცოგი, ზალსბურგის კურფიურსტი და ვიურსბურგის ჰერცოგი.

იქორწინა ორჯერ: პირველად ლუიზა ნეაპოლელზე, ხოლო მეორედ მარია ფერდინანდა

საქსონიელზე, პირველი ცოლისგან ჰყავდა ხუთი შვილი, მეორე ცოლისგან კი შვილები

არ ჰყოლია.

მარია ანა 21 აპრილი, 1770,

ფლორენცია, იტალია

1 ოქტომბერი, 1809,

ნედორფი,

რუმინეთი,

(39 წლის)

ავსტრიის ერცჰერცოგინია დაბადებით, გარდაიცვალა გასათხოვარი და უშვილო
კარლ ლუდვიგი 5 სექტემბერი, 1771,

ფლორენცია, იტალია

30 აპრილი, 1847,

ვენა, ავსტრია,

(75 წლის)

ტეშჩენის ჰერცოგი, ცოლად შეირთო ჰენრიეტა ნასაუ-ვეილბურგელი, რომელთანაც

შეეძინა შვიდი შვილი.

ალექსანდერ

ლეოპოლდი

14 აგვისტო, 1772,

ფლორენცია, იტალია

12 ივლისი, 1795,

ვენა, ავსტრია,

(22 წლის)

უნგრეთის კურფიურსტი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო.
იოზეფი 9 მარტი, 1776,

ფლორენცია, იტალია

13 იანვარი, 1847,

ბუდაპეშტი,

უნგრეთი,

(70 წლის)

უნგრეთის კურფიურსტი, იქორწინა სამჯერ:1. ალექსანდრა პავლოვნა რუსზე, 2. ჰერმინა

ანჰალტ-ბერმუნგერზე, ხოლო 3. მარია დოროთეა ვიუტემბერგელზე, სულ სამივე

ცოლთან შეეძინა ცხრა შვილი.

მარია

კლემენტინა

24 აპრილი, 1777,

ფლორენცია, იტალია

15 ნოემბერი, 1801,

ნეაპოლი, იტალია

(24 წლის)

ნეაპოლის პრინცესა როგორც ფრანჩესკო I-ის მეუღლე, მასთან შეეძინა მხოლოდ ერთი

გოგონა.

ანტონ ვიქტორი 31 აგვისტო, 1779,

ფლორენცია, იტალია

2 აპრილი, 1835,

ვენა, ავსტრია,

(55 წლის)

ლომბარდო-ვენეციის ვიცე-მეფე, ვესტფალიის ჰერცოგი, ტევტონთა ორდერის დიდი

მაგისტრი, მიუნსტერის პრინცი და კელნის კურფიურსტი. გარდაიცვალა

დაუქორწინებელი და უშვილო.

მარია ამალია 17 ოქტომბერი, 1780,

ფლორენცია, იტალია

25 დეკემბერი, 1798,

ვენა, ავსტრია,

(18 წლის)

ავსტრიის ერცჰერცოგინია დაბადებით, გარდაიცვალა გაუთხოვარი და უშვილო.
იოჰანი 20 იანვარი, 1782,

ფლორენცია, იტალია

11 მაისი, 1859,

გრაცი, ავსტრია,

(77 წლის)

გერმანიის იმპერიის რეგენტი 1848-9 წლებში, ცოლად შეირთო ანა პლოხლი და შეეძინათ

მხოლოდ ერთი ვაჟი.

რაინერ იოზეფი 30 სექტემბერი, 1783,

პიზა, იტალია

16 იანვარი, 1853,

ბოლცანო, ავსტრია,

(69 წლის)

ლომბარდო-ვენეციის ვიცე-მეფე 1818-1848 წლებში, ცოლად შეირთო ელიზაბეტა

სავოიელი, რომელთანაც შეეძინა რვა შვილი.

ლუდვიგი 13 დეკემბერი, 1784,

ფლორენცია, იტალია

21 დეკემბერი, 1864,

ვენა, ავსტრია,

(80 წლის)

ავსტრიის ერცჰერცოგი დაბადებით, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო.
რუდოლფი 8 იანვარი, 1788,

ფლორენცია, იტალია

24 ივლისი, 1831,

ბადენი, ავსტრია,

(43 წლის)

კარდინალი და ოლომოუცის არქიეპისკოპოსი.
  • 24 ნოემბერი, 1745 - 10 აგვისტო, 1759: მისი სამეფო უდიდებულესობა მარია ლუისა, პრინცესა ნეაპოლისა და სიცილიისა;
  • 10 აგვისტო, 1759 - 16 თებერვალი, 1764: მისი სამეფო უდიდებულესობა მარია ლუისა, ესპანეთის ინფანტა;
  • 16 თებერვალი, 1764 - 18 აგვისტო, 1765: მისი სამეფო უდიდებულესობა მარია ლუისა, ავსტრიის ერცჰერცოგინია, უნგრეთის, ხორვატიისა და ბოჰემიის პრინცესა;
  • 18 აგვისტო, 1765 - 20 თებერვალი, 1790: მისი სამეფო უდიდებულესობა მარია ლუისა, ტოსკანის დიდი ჰერცოგინია;
  • 20 თებერვალი, 1790 - 1 მარტი, 1792: მისი საიმპერატორო უმაღლესობა, მარია ლუისა, საღვთო რომის იმპერატრიცა, ავსტრიის ერცჰერცოგინია, უნგრეთის, ხორვატიის, ბოჰემიის, გერმანიისა და იტალიის დედოფალი;
  • 1 მარტი, 1792 - 15 მაისი, 1792: მისი საიმპერატორო უმაღლესობა, მარია ლუისა, საღვთო რომის ქვრივი იმპერატრიცა, ავსტრიის ქვრივი ერცჰერცოგინია, უნგრეთის, ხორვატიის, ბოჰემიის, გერმანიისა და იტალიის ქვრივი დედოფალი.
  • Justin C. Vovk: In Destiny's Hands: Five Tragic Rulers, Children of Maria Theresa (2010).
  • Maria Luisa's participation in her husband's coronation as king of Bohemia in Prague in 1791 is detailed in Daniel E. Freeman, Mozart in Prague (Minneapolis, 2013), 148–177; the passage from Meissner's Rococo-Bilder that attributes the phrase "porcheria tedesca" to her is translated on pp. 173-74.
  • Genealogie ascendante jusqu'au quatrieme degre inclusivement de tous les Rois et Princes de maisons souveraines de l'Europe actuellement vivans [Genealogy up to the fourth degree inclusive of all the Kings and Princes of sovereign houses of Europe currently living] (in French). Bourdeaux: Frederic Guillaume Birnstiel. 1768. p. 9.