შინაარსზე გადასვლა

ბაგრატის ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბაგრატის ტაძარი
ბაგრატის ტაძარი — საქართველო
ბაგრატის ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 42°16′38″ ჩ. გ. 42°42′15″ ა. გ. / 42.2772500° ჩ. გ. 42.7043056° ა. გ. / 42.2772500; 42.7043056
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1003
დეტალები
ბაგრატის ტაძარი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iv
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 42°16′38″ ჩ. გ. 42°42′15″ ა. გ. / 42.2772500° ჩ. გ. 42.7043056° ა. გ. / 42.2772500; 42.7043056
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1994  (მე-18 სესია)
ნომერი 710
საფრთხის ქვეშ 2010 –2017 -
სიიდან ამოიღეს 2017 -
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.

ბაგრატის ტაძარიღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, აგებული 1003 წელს, ბაგრატ III-ის (975–1014) მეფობაში, ქუთაისში, უქიმერიონის გორაზე. ძეგლი წარმოადგენს ქართული შუასაუკუნეების საეკლესიო არქიტექტურაში საეტაპო მნიშვნელობის ტაძარს, როგორც თავისი არქიტექტურული გადაწყვეტით, ასევე ისტორიული და სიმბოლური მნიშვნელობითაც.

ბაგრატის ტაძარი ტრიკონქის ტიპის ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა. გუმბათი ოთხ მძლავრ ბურჯს ეყრდნობოდა, ჯვრის შვერილი მკლავები გარედან სწორკუთხა, შიგნით კი (აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ მხარეს) — ნახევარწრიული აფსიდებით იყო დასრულებული. შიგნითვე დასავლეთის მკლავს შემოუყვებოდა პატრონიკე — გალერეა, სადაც წირვა-ლოცვისა და დღესასწაულების დროს მეფე-დედოფალი და დიდებულები იდგნენ. საკურთხევლის ორსავ მხარეს სამკვეთლო და სადიაკვნე იყო. მშენებლობის დამთავრებამდე ძეგლს ჩრდილო-დასავლეთიდან სამსართულიანი საცხოვრებელი კოშკი, ხოლო XI საუკუნის I ნახევარში სამხრეთიდან და დასავლეთიდან მდიდრულად მოჩუქურთმებული კარიბჭები მიაშენეს.

მდიდარია ტაძრის მორთულობა. ფასადების გასაფორმებლად გამოყენებული დეკორატიული თაღების სისტემა ფასადებს ერთმანეთთან აკავშირებდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია აღმოსავლეთი ფასადი — ხუთი დეკორატიული თაღითა და ორი ღრმა ნიშით. სავსებით დასრულებული სახე აქვს სარკმელთა მოჩუქურთმებულ საპირეებსა და „სათაურებს“. უხვადაა მოჩუქურთმებული კარიბჭეები. ძირითადი ნაგებობის ორნამეტს გრაფიკულობა, ხოლო კარიბჭეთა შემკულობას ღრმა, პლასტიკური კვეთა ახასიათებს. შიგნით ბაზისები და სვეტისთავები რელიეფური გამოსახულებებითა და ჩუქურთმებით იყო შემკული, კედელ-კამარებსა და იატაკს მოზაიკა ამკობდა (იატაკზე დღესაც მოჩანს მისი ფრაგმენტები). სამხრეთ კარიბჭეში შემორჩენილია ფრესკის კვალი — ღვთისმშობლის გამოსახულება. ტაძრის ინტერიერსა და ეზოში აწყვია ქვაზე ნაკვეთი, რელიეფებითა და ორნამენტით შემკული დეტალები და ფრაგმენტები, რომლებიც ტაძრის შიდა კედლებსა და ფასადებს ამშვენებდა.

ბაგრატის ტაძრის დახვეწილი პროპორციები, გარე მასების ჰარმონიულობა, გრანდიოზული შიდა სივრცე, ფასადების კომპოზიცია, მრავალფეროვანი მორთულობა, რთულ ტექნიკურ ამოცანათა დაძლევა მოწმობს არქიტექტორის შესანიშნავ მხატვრულ ნიჭს, დიდ პრაქტიკულ გამოცდილებასა და ოსტატობას.

ბაგრატის ტაძარი (ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი) მდებარეობს ქალაქ ქუთაისში, მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირთან აღმართულ კლდოვან ბორცვზე, რომელსაც უქიმერიონს უწოდებენ. ქალაქი ქუთაისი ისტორიულად ორ ნაწილად იყოფოდა: ზედა და ქვედა ნაწილებად, ბაგრატის ტაძარი სწორედ ქალაქის ზედა ნაწილში მდებარეობდა და საფორტიფიკაციო ნაგებობებში იყო ჩაფლული.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, რომელმაც 2003 წლიდან მოყოლებული ხუთი წლის განმავლობაში აწარმოებდა აქრეოლოგიურ გათხრებს საკუთრივ ტაძრის ინტერიერ-ექსტერიერში, ადამიანის ზემოქმედების კვალი ენეოლით-ადრებრინჯაოს ხანიდან აღმოაჩინა. გაირკვა, რომ დღევანდელი ბაგრატის ტაძარი რამდენიმე ნაგებობაზეა დაშენებული, უძველესი შენობა სავარაუდოდ წინარეანტიკური ხანით თარიღდება, თუმცა ყველაზე საინტერესო მე-6 საუკუნის უზარმაზარი ბაზილიკის ნაშთია, რომლის სიგრძე 30 მეტრს უდრის, ხოლო სიგანე 25 მეტრს, სავარაუდოდ ის სპარსელებმა დაანგრიეს. აქვე აღმოჩნდა VII–VIII საუკუნის ახალი ტაძარი ე.წ. „ქუთათისის საყდარი“, რომელიც სავარაუდოდ წყაროებში ნახსენები ის ტაძარი უნდა იყოს, სადაც ქართლის ერისმთავარი სტეფანოზი იყო დაკრძალული. ბაგრატის ტაძრის ზოგი კედელი სწორედ ძველ ნაგებობებზეა დაშენებული.

ბაგრატ III ბაგრატიონმა (978–1014 წ.), რომელიც იწოდებოდა „აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა“ მეფედ, გააერთიანა ყველა ქართული მიწა (გარდა თბილისისა) და ერთიანობის სიმბოლოდ ქუთაისში (რომელიც 978–1122 წლებში საქართველოს დედაქალაქი იყო) ააგო გრანდიოზული საკათედრო ტაძარი, რომელსაც ხშირად „ბაგრატის ტაძრად“ მოიხსენიებდა ხალხი. ქუთათისის კათედრალი ბაგრატ III-ისა და მისი დედის-ეგრის-აფხაზეთის მეფის გიორგი II ის ასულის გურანდუხტ დედოფლის შემწეობით აშენდა, რასაც გვამცნობს ამავე ტაძრის კედლებზე არსებული წარწერები. ქუთაისის დიდებული ტაძარი ყოვლადწმინდა მარიამ ღვთისმშობლის სახელზე აკურთხეს. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით: „აქა აღაშენა ბაგრატ ყოვლად წმიდისა ეკლესია შუანიერი, გუმბათიანი, სრულიად სოფიის კენჭით შინაგან ქმნული და მარმარილოთა სპეტაკითა, წითლითა და ჭრელითა და სუეტებითვე მისითავე და ყოვლითა შემკობილებითა სრული და ფრიად დიდი“.

ბაგრატის ტაძრის სამშენებლო წარწერა

ბაგრატის ტაძრის წარწერიდან ჩანს, შენობა დასრულებულა 1003 წელს: „ოდეს განმტკიცნა იატაკი. ქორონიკონი იყო 223“ ამბობს წარწერა. აღსანიშნავია, რომ თარიღი წარწერაში არაბული ციფრებით არის მოცემული, რაც არაბული ციფრების ხმარების უადრესი შემთხვევაა საქართველოში. იქვე არის მეორე წარწერა: „ჰოი მეუფეო, მფლობელო ყოველთა სუფევათაო, უმეტეს ადიდე ძლიერი ბაგრატ კურაპალატი, აფხაზთა და ქართველტა მეფე, თანა მამით, დედით, დეოფლით და ძით მ(ათით)...ამინ“. აღმოსავლეთის ფასადზე კი სარკმელის თავზე მოთავსებული წარწერა შემდეგი შინაარსისაა: „ქ. შეწევნითა ღმრთისათა, ბაგრატისაგან, ნებითა ღმრთისათა და ქართველთა მეფ(ისა)თისა გურანდუხტ დედოფლისა აღეშენა წმიდაი ესე საყდარი ხელითა...“ (წარწერა წყდება).

კურთხევა როგორც ჩანს გრანდიოზულ ვითარებაში ჩატარდა, მოწვეული იყო მრავალი საპატიო პირი. ძველი ქართველი მემატიანე გვამცნობს: „აკურთხა ეკლესია ქუთათისა განგებითა დიდითა და მიუწდომელითა. რამეთუ შემოკრიბნა მახლობელნი ყოველნი ხელმწიფენი და კათალიკოსნი, მღვდელთმოძღუარნი და ყოველთა მონასტერთა წინამძღუარნი და ყოველნი დიდებულნი ზემონი და ქუემონი მამულისა და სამეფოსა მისისა მყოფნი და სხუათა ყოველთა სახელმწიფოთანი“, როგორც ჩანს ამ მასშტაბურ ზეიმს უპირველესად ზოგადეროვნული მნიშვნელობა ჰქონდა და ერთიანი სახელმწიფოს ძალას და შესაძლებლობას უსვამდა ხაზს.

მშენებელი ოსტატის სახელი არ შემოინახა. აღმოსავლეთ სარკმელთან შემდეგი შინაარსის წარწერაა: „აღეშენა წმინდა ...ესე საყდარი..ხელითა..“ თუმცა ოსტატის სახელი გადაშლილია. ტაძრის წარწერებში ასევე მოხსენიებულია ზაქარბერ თურმანიძე და ოქროპირი. ერთი ოქროპირი ბაგრატ მეოთხის თანამედროვე კათალიკოსი იყო, „ქართლის ცხოვრებაში“ ოქროპირ კათალიკოსზე კი შემდეგი ცნობებია დაცული: „წმინდამან ამან პატრიარქმან ოქროპირ (მა) მრავალნი ეკლესიანი აღაშენა და განაახლნა“, თუმცა დაზუსტებით თქმა ძნელია ნამდვილად ის იხსენიებოდა თუ არა წარწერაში.

ტაძრის აგებიდან ცოტა ხანში, ჩრდილო დასავლეთის კუთხეში დასავლეთიდან მიაშენეს სამსართულიანი საცხოვრებელი კოშკი, სამივე სართულში თითო ოთახით, ბუხრებით და თახჩებით. სავარაუდოდ ამ კოშკში ქუთათელი ეპისკოპოსი ცხოვრობდა. ცალკეული სამუშაოები ტაძარზე 1008 წლამდე გაგრძელდა. 1020-იან წლებში კი ტაძარს მიაშენეს დასავლეთისა და სამხრეთის კარიბჭეები.

ბაგრატის ტაძარს როგორც ჩანს მტრის მახვილი მალევე შეეხო, როგორც დავით აღმაშენებლის უცნობი ისტორიკოსი წერს, გიორგი მეორეს დროს თურქები საქართველოს შემოსევიან „ასისფორნი და კლარჯეთი ზღვის პირამდის, შავშეთი, აჭარა, სამცხე, ქართლი, არგუეთი, სამოქალაქო და ჭყონდიდი აღივსო თურქითა, მოისრა და ტყუე იქმნა ამათ ქუეყანათა მკუიდრი ყოველი და მასვე ერთსა დღესა დაწუეს ქუთათისი და არტანუჯი და უდაბნონი კლარჯეთისანი“ ბუნებრივია ქუთაისის დაწვის დროს მტერმა დააზიანა ბაგრატის ტაძარიც.

XI საუკუნეში თურქთაგან გადამწვარი და აოხრებული ქუთათისის განახლება დავით აღმაშენებლის დროს მოხდა. სავარაუდოდ აღორძინება ბაგრატის ტაძარსაც შეეხებოდა.

ბაგრატის ტაძრის როლი რა თქმა უნდა არც მომდევნო საუკუნეებში დაკნინებულა, ქუთათელს მეფეთა კურთხევისას მნიშვნელოვანი როლი და გვირგვინის დადგმის პატივი ჰქონია, რაც ხაზგასმითაა აღნიშნული თამარის პერიოდის ისტორიკოსთან. ბაგრატის ტაძრის წინამძღვარი თამარის და სამეფო ხელისუფლების ერთგული რჩებოდა, მაშინაც კი, როცა ექსორიაქმნილი გიორგი რუსი გადმოვიდა საქართველოში და დასავლეთ საქართველოს ფეოდალებისაგან ზურგგამაგრებული ცენტრალურ ხელისფლებას დაუპირისპირდა, ვახუშტი ბაგრატიონი წერდა: „გარნა კათალიკოსი აფხაზეთისა და ქუთათელი არა შეერთებულ იყვნენ ზრახვასა მას ბოროტს და წინაშე იყვნენ თამარისა“.

ქუთაისის ტაძარში აკურთხეს მოგვიანებით დავით რუსუდანის ძე ჯერ საქართველოს მეფედ, შემდეგ დასავლეთ საქართველოს მეფედ.

1490 წელს კონსტანტინე II-ს მიერ მოწვეულმა სამეფო დარბაზმა საქართველოს ფაქტობრივი დაშლა ფორმალურადაც სცნო და ამის შემდეგ ქუთაისი ხდება იმერეთის სამეფოს დედაქალაქი.

1510 წელს იმერეთში შემოჭრილ ოსმალებს ბაგრატ იმერთა მეფე ვერ წინააღუდგა, ოსმალებმა ვახუშტის სიტყვებით „დაწუეს ქუთაისი და გელათი“, ბუნებრივია მტრის ხელს ვერც ბაგრატის ტაძარი გადაურჩებოდა. (აღსანიშნავია, რომ 2003 წლიდან მიმდინარე ქუთაისის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ 1510 წლის დიდი ხანძრის კვალი დაადასტურა ბაგრატის ტაძრის ინტერიერში.)

1669 წელს შემოჭრილმა ოსმალებმა მთელი საუკუნით დაიკავეს ქუთაისის ციხე, თუმცა მანამდე რუსმა ელჩებმა ალექსი იევლევმა ნიკიფორე ტოლოჩანოვმა, რომლებიც მოვლენილი იყვნენ რუსეთის მეფის ალექსი მიხეილის ძის დავალებით და 1650–1652 წლებში იმერეთში იმყოფებოდნენ იმერეთის მეფესთან ალექსანდრე მესამესთან ბაგრატის ტაძრის დაწვრილებითი აღწერაც დაგვიტოვეს. „ქუთაისის ამ დიდ ციხე-გალავანში საკრებულო ტაძარია ერთგუმბათიანი, საუცხოოდ აგებული, გუმბათი გადახურულია სპილენძით, თევსმეტ წახნაგად, საყდარი დიდი თლილი ქვებით არის აგებული, საჟნიანით და ზოგჯერ მეტი სიდიდის... საკრებულო ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა. შიგ წინათ კედლის მხატვრობა ყოფილა. საყდარში მრგვალად თლილი რვა სვეტია. საყდარში ამ სვეტებზე, აქეთ-აქეთ გვერდებზე თაღებს ქვემოთ პატრონიკეა შესანიშნავად გაკეთებული. ამ პატრონიკეზე ასავალი შიგნიდან, საყდარში არის. გვიამბეს, რომ როცა დღესასწაულებია და მეფე-დედოფალი მწუხრს, ცისკარს, წირვას ესწრება, მაშინ დედოფალი სხვა დიდებულთა მეუღლეებითურთ ამ პატრონიკეზე იმყოფება, დედოფალს გალობა ესმის, იქ მყოფს ყველას ხედავს, მაგრამ ხალხი მას ვერ დაინახავს. საყდარში მარჯვენა მხარეს სვეტთან ქვისგან გაკეთებული მეფის ადგილია, ზედ მეფეებია დახატული. როცა მეფე იმ საკრებულო ტაძარში მოდის, იმ თავის ადგილას დგება. ამ ადგილას პირდაპირ საკურთხევლის კედელზე, ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის ადგილობრივი (ქართული) ხატია წელს ზემოთ გამოსახული. ხატის გვრიგვინი ოქროსია, გვირგვინის სამკაულები მინანქრით არის გაკეთებული. ღვთისმშობელს და მაცხოვარს სამოსელი, სახატე და მისი კარები ოქროთი დაფერილი ვერცხლით აქვს მოჭედილი. სამოსლის მოჭედილობაზე საღვთო დღესასწაულები და წმინდანებია ამოტვიფრული. ადგილი საგანგებოდ მოწყობილია, ხატი თავის ბუდით ქვით არის ამოშენებული და ისეთ სიმაღლეზე დგას, ხელით თუ მიწვდება კაცი. ამიტომ ხატის ბუდემდე სამი ქვის საფეხურია ასასვლელი, რათა ხატის მთვევა შესაძლებელი იყოს“. ამის შემდეგ ელჩები ბაგრატის ტაძრის სხვა შემკულობასაც ახასიათებენ. მათი დაკვირვებით ბაგრატის ტაძრის ყველა ჭურჭლეული ოქროსი ყოფილა, გარდა ორი საცეცხლურისა.

ბაგრატის ტაძრისათვის განსაკუთრებით საბედისწერო გამოდგა მე-17 საუკუნე, როდესაც ოსმალებისაგან ქუთაისის ციხე-ქალაქს საშიშროება შეექმნა, იმერეთის მეფე ალექსანდრე III (1639–1660) იძულებული გახდა გაემაგრებინა ქალაქი და დიდი ზღუდე შემოევლო. თუმცა მოგვიანებით, 1666 წელს მოღალატე ფეოდალის სეხნია ჩხეიძის დახმარებით ოსმალებმა ხელთ იგდეს ქუთაისის ციხე, რომელშიც მდებარეობდა ბაგრატის ტაძარი, ხოლო 1691 წელს კი, როცა არჩილ მეფის მეთაურობით ქართველებმა მისი გათავისუფლება კიდევ ერთხელ სცადეს, ალყა შემოარტყეს უქმიერიონს და „დიდ ქუთაისს“. გამძვინვარებულმა ოსმალებმა ციხის ტერიტორიაზე არსებულ ბაგრატის ტაძარს ოთხივე კუთხეში თოფის წამალი ჩაუწყეს და ააფეთქეს, ჩამოიქცა გუმბათი და შეირყა კედლები, ტაძრის მოკაზმულობა და მარმარილოს პერანგი მოხსნეს და ოსმალეთში წაიღეს. ვახუშტი ბაგრატიონის თქმით: „გამოვიდნენ ციხიდამ ოსმალნი და შემუსრეს ქუთაისის ეკლესია ყოვლად წმიდისა, დიდ შუენიერად გებული და წარიღეს სუეტნი მისნი და მარმარილოსნი სამცხეს“. 1740 წელს ტაძრის დარჩენილი ნაშთები ოსმალებმა იარაღის საწყობად აქციეს.

ოსმალებისაგან თითქმის მორღვეულ ტაძარს საბოლოო დაზიანება რუსთა კორპუსის გენერალმა ტოტლებენმა მიაყენა 1770 წელს. ქუთაისის ციხის ოსმალთაგან გამოსახსნელად სოლომონ პირველის ქართული ჯარი ყველა ღონეს ხმარობდა, რა დროსაც მის დასახმარებლად მოვიდა გენერალი ტოტლებენი. მან არ გაიზიარა სოლომონ პირველის მიერ შემუშავებული საბრძოლო გეგმა, ციხის გაძარცვით აჟიტირებულმა ტოტლებენმა, ზარბაზნები ქუთაისის ციხის მიმდებარედ განალაგა მწვანაყვავილას კონცხზე და იქიდან დაუწყო სროლა, რამაც ბაგრატის ტაძრის ისედაც სავალალო მდგომარეობაში მყოფი აღმოსავლეთის კედელი კიდევ უფრო დააზიანა. როდესაც 1770 წლის 6 აგვისტოს მოიერიშეები ციხეში შევიდნენ იქ არავინ დახვდათ, ოსმალები ღამით გაპარულიყვნენ. თუმცა როგორ მოახერხა ყველა კუთხეში ჩადგმული რუსების საგუშაგოებისაგან მალულად ოსმალების მოზრდილმა დანაყოფმა გაპარვა, ეს საკითხი დღემდე გარკვეული არ არის. საძარცვავად შეცვენილ რუსებს ქუთაისის ციხეში ტყვე ქართველი ახალგაზრდების მოზრდილი ჯგუფიც დახვდათ, რომელიც სტამბოლის ნაცვლად ახლა უკვე რუსეთის გზას გაუყენეს. ამ ტყვეებს შორის ერია, მოგვიანებით ბოროდინოს ბრძოლის გმირის, რუსეთის არტილერიის სარდალის ალექსანდრე კუტაისოვის მამა.

მეფე სოლომონმა, იმის შიშით, რომ ოსმალები კვლავ მობრუნდებოდნენ და შეეცდებოდნენ უქიმერიონის ციხის ხელში ჩაგდებას, ციხის კედლების დარჩენილი ნაწილი საფუძვლიანად დაანგრია.

1772 წელს ქუთაისში ჩამოვიდა გერმანელი მკვლევარი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი იოჰან ანტონ გიულდენშტედტი, რომელსაც ქუთაისი ომებისაგან მთლიანად გაპარტახებული და დაცლილი დაუხვდა, ის წერდა „დავათვალიერე ქუთაისი...ქალაქის კედლის შიგნით...დგას დანგრეული ქრისტიანული ეკლესია, რომელიც სიდიდით მცხეთის ეკლესიის ტოლია“.

სავარაუდოდ 1770 წლიდან სოლომონ პირველმა ტაძრის სამხრეთ კარიბჭეში ეკლესია მოაწყობინა (იმდროინდელია აქ შემორჩენილი მოხატულობაც), დაახლოებით ამ პერიოდის უნდა იყოს აგებული სამიარუსიანი სამრეკლოც. სწორედ კარიბჭეში მოწყობილ ეკლესიაში იყო 1820-იან წლებამდე ქუთათელი ეპისკოპოსის კათედრა, ხოლო მოგვიანებით 1820–1871 წლებში იმერეთის ეპარქიის მმართველის კათედრა. ხოლო 1871–1918 წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის ეკლესია. 1918–1923 წლებში კი ქუთათელ მიტროპოლიტთა კარის ეკლესია.

1819 წელს ბაგრატის ტაძარი უნახავს თბილისიდან იერუსალიმში მიმავალ ქართველ დიპლომატს გიორგი ავალიშვილს: „ფრიად მაღალსა კლდესა ზედა არს ძუელი ტაძარი ყოვლად წმიდისა ღვთისმშობლისა მიძინებისა თეთრისა თლილითა ქვითა ნაშენი და დიადთა შორის შერაცხული“.

1822 წელს ქუთაისში იმყოფებოდა საფრანგეთის მეფის კონსული გამბა, რომელიც მოგვიანებით წერდა: „აქ არის ქვით ნაგები ძალზე ლამაზი ეკლესიის ნანგრევები“.

1833 წელს ცნობილი ფრანგი მოგზაური დიუბუა დე მონპერე აღტაცებაში მოუყვანია ბაგრატის ტაძრის ნანგრევებს: „ბაგრატის ტაძარი არის ყველაზე შესანიშნავი ძეგლი საქართველოში. იგი კიევის სოფიის ტაძრის თანამედროვეა, მაგრამ სილამაზითა და დიდებულებით ბევრად აღემატება“.

1837 წელს საქართველოში იმოგზაურა ნიკოლოზ პირველმა, საქართველო-იმერეთის სინოდის კანტორის ხელმძღვანელობამ სამზადისი დაიწყო იმპერატორთან შესახვედრად. დასავლეთ საქართველოში გამოიგზავნა სინოდის კანტორის არქიტექტორი რიპარდი, მას დაევალა დაეთვალიერებია იმპერატორის მარშრუტზე არსებული ისტორიული ძეგლები და მისი შეკეთების ან დანგრევის შესახებ არსებული მოსაზრებები ხარჯთაღრიცხვასთან ერთად. რიპარდმა მოინახულა ბაგრატის ტაძარიც და მისი კედლები სიძველის გამო მიიჩნია საშიშად, ვინაიდან დარჩენილი იყო მხოლოდ კარიბჭე და ამიტომ მიზანშეწონილად ჩათვალა მისი დანგრევა, რომელიც დაჯდებოდა 700 მანეთი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ბაგრატის ტაძრის გრანდიოზული კედლების დასანგრევად დრო არ ჰყოფნიდათ, მისი დანგრევა მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული. ასე გადარჩა ბაგრატის ტაძრის ნანგრევები კიდევ ერთხელ.

მთელი მე-19 საუკუნის განმავლობაში ბაგრატის ტაძრის ნანგრევებს აღტაცებაში მოყავდა მნახველი. 1846 წელს ცნობილი რუსი მწერალი და მოგზაური ა.ნ. მურავიოვი მას „ბაგრატის საკრებულო ტაძრის დიდებულ ნანგრევებს“ უწოდებს. მიხეილ სელეზნიოვი კი 1847 წელს შედგენილ „სახელმძღვანელო კავკასიის შეცნობისათვის“ ბაგრატის ტაძარს ასე ახასიათებს: „ციტადელის ახლოს არის ნაშთები გრანდიოზული ტაძრისა, რომელიც აგებულია მე-10 საუკუნის ბოლოს. ტაძარი თავისი სიდიადით აოცებს ყველა მნახველს“ 1876 წელს მოსკოვში დაბეჭდილ რუსი მეცნიერის ნ.პ. კონდაკოვის შრომაში „საქართველოს ძველი არქიტექტურა“ სათანადოდაა შეფასებული ბაგრატის ტაძრის ჩუქურთმების დახვეწილობა. 1879 წელს ბაგრატის ტაძრის ნანგრევები დაუთვალიერებია რუსეთის არქეოლოგიური საზოგადოების თავმჯდომარეს, კავკასიოლოგ გრაფ ა.ს. უვაროვას მეუღლემ პ.ს. უვაროვამ და მას ,„სოფლიოში უმშვენიერესი ტაძრის ნანგრევები“ უწოდა.

1881 წელს თბილისში ცატარდა რუსეთის არქეოლოგთა V ყრილობა, რომლის მონაწილეები ესტუმრნენ ბაგრატის ტაძარს და ხაზი გაუსვეს მისი დაცვის აუცილებლობას.

1893 წელს აკადემიკოსი პ.მ. პავლინოვი ბაგრატის ტაძარს კავკასიის არქიტექტურის ყველაზე მდიდარ ძეგლს უწოდებს.

მეოცე საუკუნის დასაწყისში იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელის თაოსნობით ქუთაისში შედგა ჯგუფი, რომელიც ყოველნაირად ცდილობდა დაეცვა ბაგრატის ტაძრის ნანგრევები საბოლოო განადგურებისაგან. უპირველეს ყოვლისა, ეპისკოპოს გაბრიელის მეცადინებოთ ბაგრატს შემოავლეს ქვის ყორე, ვინაიდან ადგილობრივი მოსახლეობა თვითნებურად იტაცებდა და ეზიდებოდა ბაგრატის ტაძრის ქვებს და იყენებდნენ სახლების, ღობეების და ა.შ. სამშენებლოდ.

რეკონსტრუქცია XX საუკუნეში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XX საუკუნეში ტაძრის გადასარჩენად აქტიური მოქმედებები დაიწყო. 1911–1913 წლებში იმერეთის ეპისკოპოსმა ნანგრევებში განაახლა წირვა-ლოცვა, რისთვისაც სამხრეთი კარიბჭე გადაკეთდა მცირე სამლოცველოდ.

1911 წელს ზემოხსენებული ჯგუფის თხოვნით ქართულ სიძველეთა მკვლევარმა ს. გიორგაძემ გამოსცა ბროშურა „ბაგრატის ტაძარი“ ეს იყო ქართულ ენაზე დაწერილი პირველი შრომა ბაგრატის ტაძრის შესახებ.

1912 წლიდან რაც ქუთაისში დაარსდა საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოება და მუზეუმი, ისინი ცდილობდნენ ძეგლის მოვლა-პატრონობას, იმ მწირი სახსრების პირობებში რაც მათ გააჩნდათ.

ბაგრატის ტაძრის აღმოსავლეთი ფასადი საბჯენი კედლებით. 1930 წლების ფოტო

1930 წელს ხელოვნების ძგელებისა და სიძველეთა დაცვის კომიტეტმა საგანგებოდ გამოყო სახსრები ბაგრატის ტაძრის ნაშთების გასამაგრებლად. სამუშაოები მაშინდელმა მსხვილმა სამშენებლო კანტორამ „რიონჰესმა“ ჩაატარა და საყრდენი კედლები გაამაგრა.

პეტრე ჭაბუკიანი იყო პირველი ვინც მიწისაგან გაასუფთავა ბაგრატის ტაძარი. 1933 წელს აღმოაჩინა მიწაში ჩამარხული სამრეკლოს კარები და ივარაუდა რომ ტაძრის ძირითადი ნაწილიც მიწაში უნდა ყოფილიყო ჩამარხული. გათხრებმა იმედები არ გააცრუა და გაწმენდისთანავე გამოჩნდა ბაგრატის ტაძრის უდიდესი ნაწილი. სწორედ ამის შემდეგ იქნა შესაძლებელი ტაძრის საფუძვლიანი შესწავლა და გეგმის აღდგენა.

1936 წელს ჩატარდა პირველი არქეოლოგიური გათხრები. 1937 წელს საკურთხეველში აღმოჩნდა კირხსნარის პოლიქრომული იატაკი.

ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქცია. 1950-იანი წლების ფოტო

XX საუკუნის შუა წლებში ტაძარზე დაიწყო არქეოლოგიური და კვლევითი სამუშაოები. 1940–1941 წლებში აკადემიკოს გ. ჩუბინაშვილისა და არქიტექტორ ნ. სევეროვის ხელმძღვანელობით ტაძრის ტერიტორიაზე ჩატარდა პირველი არქეოლოგიური გათხრები. მოპოვებული მასალების საფუძველზე შესაძლებელი გახდა ტაძრის გეგმის აღდგენა. შენობის საინჟინრო კვლევამ დაასაბუთა, რომ შენობის მდგრადობა უკიდურესად ცუდი, ხოლო კედლები ერთმანეთთან დაუკავშირებელი იყო. 1952 წელს არქიტექტორ, პროფესორ ვ. ცინცაძის მიერ შემუშავდა ტაძრის რესტავრაციის პროექტი, რომლის მიხედვითაც განხორციელდა ძეგლზე სამუშაოები.

1952 წლიდან ბაგრატის ტაძარზე დაიწყო მასშტაბური სარეკონსტრუქციო სამუშაოები. რკინაბეტონისა და ცემენტის ხსნარისა და ძველი ქვების გამოყენებით განხორციელდა ტაძრის შენობის ძირითადი ნაწილის რეკონსტრუქცია და შეიკრა შენობის დაშლილი ტანი. ტაძრის სარეკონსტრუქციო პოლიტიკა ეფუძნებოდა საერთაშორისო დოქტრინაში, როგორიცაა ვენეციის ქარტია, ჩამოყალიბებულ ინსტრუქციებს. ამგვარად, ყველა თავდაპირველი კონსტრუქცია და ქვა კარგად დაცული და, შესაძლებლობის შემთხვევაში, დაბრუნებული იყო თავდაპირველ ადგილას — ერთგვარი ანასტილოზი. ახალი ქვის წყობა მკვეთრად გამორჩეული იყო, თუმცა აშენებული იყო იგივე ქვით, რათა შესაბამისობაში ყოფილიყო მთლიან კონსტრუქციასთან.

1992–1994 წლებში მოხდა დასავლეთის კარიბჭის აღდგენა.

რეკონსტრუქცია XXI საუკუნეში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1937 წელს გამოვლენილი კირხსნარის პოლიქრომული ილიატაკი ტაძარის საკურთხეველში[1]
არქეოლოგიური გათხრები ტაძრის ინტერიერში. 2009

2000 წლიდან ბაგრატის ტაძრის 1000 წლის იუბილესთან (2003 წ.) დაკავშირებით, ახალი ტემპით გაგრძელდა კვლევითი და არქეოლოგიური სამუშაოები. მოხდა ავთენტური და XX საუკუნეში დამატებული ქვების დეტალური აღწერა და ინვენტარიზაცია. ამავე პერიოდში, განხორციელდა ტაძრის გეოლოგიური და კონსტრუქციული მდგრადობის კვლევა. კვლევის შედეგად გამოვლინდა რომ XX საუკუნეში რეკონსტრუირებული მასალა ძალიან მყიფე იყო და ვერ უზრუნველყოფდა ავთენტური ელემენტების მდგრადობას.

ტაძარზე კვლევები 2005 წელს ისევ განახლდა, დადგინდა სტატიგრაფია, აღმოჩნდა უნიკალური არქეოლოგიური არტეფაქტები და შენობის ინტერიერის დეტალები. გარდა განხორციელებული კომპლექსური კვლევებისა, საინჟინრო ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ტაძრის კონსერვაციის მდგრადობა უაღრესად რთული იყო: არათანაბარი საძირკვლები, ზოგ შემთხვევაში საძირკველი საერთოდ არ ჰქონდა კედლებს, არ იყო ბმა გარე და შიდა კედლებს შორის, გამოქარული იყო კედლების დიდი ნაწილი. შეინიშნებოდა ძლიერი ბზარები, კედლებს შორის ბმის შესუსტება და სამხრეთი კედლის 30–40 სმ-ით გადახრა. მთელი ტაძრის სხეულში ცემენტის ხსნარშიც და ძველ კირის გულშიც დიდი რაოდენობის და მოცულობის ფუღროები აღმოჩნდა. გამოვლინდა საერთო სეისმიკის ძალზე სუსტი მაჩვენებელი. გაიხსნა ტაძრის გადახურვა, რის შედეგადაც სახურავის ნაწილებში გამოვლინდა XX საუკუნეში დამატებული სამშენებლო ნაგვის მასა. ძეგლის მდგომარეობის სტაბილიზაციისათვის და სეისმომდგრადობის გასაძლიერებლად გადაწყდა, XX საუკუნეში აშენებული ნაწილების მარკირება, დაშლა და მათი ხელახლა აშენება, იმისათვის, რომ დაცული დდდდდა ერთიანად სტაბილიზებულიყო მთელი შენობა და მასში არსებული XI საუკუნის ავთენტური მონაკვეთები.

ახალმა კვლევებმა, სრულყოფილმა არქეოლოგიურმა გათხრებმა და მახლობელად მდებარე XIX საუკუნის შენობების დემონტაჟმა გამოავლინა მრავალი ახალი ქვა, რომლის დეტალურ სამეცნიერო შესწავლაზე დაყრდნობით შესაძლებელი გახდა მათი თავდაპირველი ადგილის დადგენა შენობის სტრუქტურაში და შესაბამისად, შენობის ელემენტების შესახებ სანდო ინფორმაციის მოპოვება. ამგვარად, აღმოჩენილი გუმბათის ქვების შესწავლის შედეგად მოხდა გუმბათის ავთენტური ფრომის დაზუსტება. კერძოდ დადგინდა კედლის სისქე, სარკმლებს შორის მანძილი და მათი რაოდენობა, გამოიკვეთა წახნაგების რაოდენობა, წირთხლთა დახრის დონე. გუმბათის აბსოლუტური სიმაღლე კი აღებულ იქნა მისი თანადროული პარალელების მეტროლოგიური ანალიზით. ახალმა აღმოჩენებმა განაპირობა პატრონიკეს ძირითადი მოხაზლობის დადგენა. კვლევა-არგუმენტირების ამ ეტაპმა შესაძლებელი გახადა გადაწყვეტილების მიღება ძეგლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. გადაწყდა 60-იან 80-იან წლების გზის გაგრძელება. ერთგვარი ანასტილოზით ტაძრის დადგენა, ძველის აღდგენით და ახლის თავსებადი ჩანართების შერწყმით.

რესტავრატორებმა ივანე გრემელაშვილმა, რომელიც ვახტანგ ცინცაძის სამეცნიერო-კვლევითი ჯგუფის წევრია, ბაგრატის ტაძრის ცინცაძისეული რეკონსტრუქციის მიხედვით შეიმუშავა ტაძრის რეკონსტრუქციის პროექტი და მეთოდოლოგია, რომელიც ითვალისწინებდა ყველა ავთენტური ქვის, რომელთა იდენტიფიცირებაც მოხდა (ადგილი მიუჩნდა 400-მდე პროფილირებულ ჩუქურთმიან კვადრს ტაძრის სხეულსა და გუმბათზე), თავის ადგილზე დაბრუნებას და იმ ფორმების შევსებას თავდაპირველი სტილით, რომლის მოხაზულობაც ეჭვს არ იწვევდა, სადაც გამოყენებულ იქნებოდა ანალოგიური ქვის მასალა, თლის ტექნიკა და დიზაინი. ეჭვს იწვევდა მხოლოდ დასავლეთი მკლავი, რომელიც ავთენტური მასალის სიმწირის გამო რეკონსტრუქციისას იმიტაციის საშიშროებას ქმნიდა, ამ პრობლემების გადასაჭრელად და პროექტის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად, UNESCO-ს რჩევების შესაბამისად 2010 წლიდან, სახელმწიფოს მიერ მოხდა პროექტის განვიტარებაში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა. მოწვეულ იქნა მსოფლიოში ცნობილი არქიტექტორი ანდრეა ბრუნო, რომელსაც უდიდესი გამოცდილება გააჩნდა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებისა და ზოგადად ისტორიული შენობების წარმატებული რეკონსტრუქციის მიმართულებით.

რეაბილიტაციის სტრატეგიის დახვეწაზე მუშაობდა კონსერვაციის დარგის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ცნობილი თეორეტიკოსი იუკა იოკილეტო. ქართველ არქიტექტორებისა და ექსპერტების მიერ შემუშავებული და უცხოელი სპეციალისტების — ანდრეა ბრუნოსა და იუკას იოკოლეტოს მიერ განხილული პროექტის კონსტრუქციული და ტექნიკური ნაწილი დამატებით შესწავლილ იქნა უცხოელი კოლეგების — ჯოვანი ვერჩელისა და მაურიციო მილანის მიერ.

ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ XX საუკუნის შუა ხანებში დაწყებული ფიზიკური სამუშაოები ემსახურებოდა დასაღუპად განწირული ნანგრევის სტაბილიზაციასა და მის გადარჩენას. თუმცა, რადგანაც იმ დროს არ იყო დაგეგმილი შენობის სრული აღდგენა (კონსტრუქციული არამდგრადობისა და არასაკმარისი დაფინანსების გამო) — ძეგლმა მიიღო ერთგვარი ახალი ნანგრევის დიდებული სახე. იგი ასეთად შევიდა 1994 წელს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში.

2005 წელს განახლებული სამუშაოები აგრძელებდა 1970–1980-იანი წლების რეკონსტრუქციის გეზს. დამატებითი არტეფაქტების აღმოჩენამ და კვლევებმა საშუალება მისცა რესტავრატორებს, როგორც კულტურული გამაგრების შესაძლებლობისა, ასევე შენობის ნაწილების აღდგენისა. ტაძრის გაძლერებულ სხეულს საშუალება მიეცა ახალ კონსტრუქციაზე დაყრდნობით, შეევსებინა XI საუკუნის ძველი სტრუქტურა. იქ, სადაც არ იყო საკმარისი ავთენტური მასალა და იმიტირების საფრთხე არსებობდა (დასავლეთი მკლავი), შეიქმნა თანამედროვე, ძველთან თავსებადი სტრუქტურა (ავტორი ა. ბრუნო). გუმბათის ტრადიციულმა ფორმამ, რომელზეც მეტყველებს მიკვლეული არტეფაქტები, დააგვირგვინა ტაძრის სხეული და საშუალება მისცა რესტავრატორებს ამოეხსნათ პარალელურად ორი რთული ამოცანა:

ავთენტური ნაწილების ახალ სხეულში გამომზეურება, იმიტაციის ნაცვლად თაბამედროვე ნაწილის ცხადი წარმოჩენით და ლიტურგიული ფუნქციის აღდგენა, რამაც მართებულად გადაწყვიტა ძეგლის სწორი გამოყენება, ტრადიციული ფუნქციის აღდგენა და სამომავლოდ განვითარება.

2009 წელს საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით საქართველოს მთავრობამ დაიწყო ტაძრის რეკონსტრუქცია. პროექტი შენობაზე გუმბათის დადგმას გულისხმობდა.

საზოგადოების პროტესტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეკონსტრუქციის პროექტმა საზოგადოების არაერთგვაროვანი და მძაფრი რეაქცია გამოიწვია,[2][3] მიუხედავად ამისა, სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბაგრატის ტაძარი, მიუხედავად წინააღმდეგობებისა, მაინც უნდა აღდგენილიყო და სამუშაოები გაგრძელდებოდა. ამის მიზეზად კომიტეტმა 2009 წელს ტაძარზე დაწყებული სარეკონსტრუქციო სამუშაო დაასახელა გახდა, რომელიც შენობის ავთენტურობასა და მთლიანობას არღვევს.[4] 2012 წელს სანქტ-პეტერბურგში გამართულ 36-ე სხდომაზე მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა ბაგრატის ტაძარი კვლავ საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა სიაში დატოვა.

ტაძრის სასულიერო ისტორია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაგრატის ტაძარს მისი არქიტექტურული ისტორიის პარალელურად ჰქონდა თავისი სასულიერო ფუნქციონირების ისტორიაც. ის იყო ქართველი მეფეების კურთხევისა და მათი გარდაცვალების შემდეგ მათი განასასვენებელი ადგილი.

ბაგრატის ტაძარში დაკრძალულია ერთიანი საქართველოს მეორე მეფე გიორგი I (1002–1027), ვარაუდობენ რომ აქვე უნდა იყოს დაკრძალული ჰერეთის დედოფალი დინარა და ბაგრატ IV-ს პირველი მეუღლე ბიზანტიის იმპერატორის ასული ელენე, საკათალიკოსო ტაძარში განისვენებენ ქუთათელი მღვდელმთავრები. ჯუანშერის ცნობით, VIII საუკუნის დასაწყისში „ქუთათისის საყდარში დაჰფლენ“ ქართლის დევნილი ერისმთავარი სტეფანოზ II, ცნობილი მეფისა და მოწამის არჩილის მამა. სავარაუდებელია, რომ პირველი მეფე, რომელიც ქუთაისის საკათედრო ტაძარში აკურთხეს გიორგი I იყო. ეს მოხდა 1014 წელს. 1027 წელს ის თრიალეთში გარდაიცვალა, წამოიყვანეს და „დამარხეს საყდარსა ქუთაისსა“.

„შემდგომად მიცვალებისა დიდისა გიორგისა, მასვე ჟამსა მეფედ იქმნა“ მისი 9 წლის ვაჟი ბაგრატ IV (1027–1072), სავარაუდოდ მეფე გიორგი დამარხეს ქუთაისის საყდარში და ამავე დროს მეფედ აკურთხეს მისი მცირეწლოვანი ვაჟი-ბაგრატი.

1054 წელს ბიზანტიაში წასვლის წინ ბაგრატ IV-ემ „დაუტევა ქუთათისს მეფედ სამეფოსა ზედა აფხაზეთისასა“, სავარაუდოდ ეს იმას ნიშნავს, რომ ბაგრატმა მეფედ აკურთხა გიორგი II (1072–1089), თუმცა ურჩმა ფეოდალმა კლდეკარის ერისთავთ-ერისთავმა ლიპარიტმა, ბაგრატის ბიზანტიაში ყოფნის დროს, გამოითხოვა ქუთაისში დატოვებული გიორგი, წაიყვანა რუისში და მეფედ აკურთხა, სავარაუდოდ ეს იმას ნიშნავდა, რომ იგი არ ცნობდა ქუთაისში ცენტრალური ხელისუფლების რეზიდენციაში გიორგის მეფედ კურთხევას და ის ხელმეორედ აკურთხა თავისი ზედამხედველობის ქვეშ.

დავით აღმაშენებელის მეფედ კურთხევის ადგილზე არაფერი ვიცით, სავარაუდოდ ეს უნდა მომხდარიყო ქუთაისის საკათედრო ტაძარში.

1230 წელს რუსუდანმა „მოუწოდა ყოველთა სპათა მისთა, აფხაზთა, დადიან-ბედიანთა, რაჭის ერისთავთა, კათალიკოზსა აფხაზეთისასა და დასუეს მეფედ დავით ძე რუსუდანისა, აკურთხეს ქუთათისს და დაადგეს თავსა მისსა გვირგვინი“.

1259 წელს მონღოლთა წინააღმდეგ აჯანყებული დავით ნარინი იძულებული გახდა ქუთაისში გადმოსულიყო: „...ხოლო ვითარ ცნეს აფხაზთა, სუანთა, დადიანმან, ბედიანმან, რაჭის ერისთავმან და სრულიად ლიხთ იმერელთა, შემოკრბეს სიხარულითა დიდითა და მეფედ-ყვეს დავით აფხაზთა, ვიდრე ლიხთამდე“ ანუ ამ წელს მომხდარა დავით ნარინის კურთხევა დასავლეთ საქართველოს მეფედ.

1360 წელს გამეფებული ბაგრატ V, დავითის ძის, (რომელიც 1393 წლამდე მეფობდა), კურთხევა ივანე ჯავახიშვილის აზრით ასევე ქუთაისში მომხდარა.

1414 წელს ქუთაისის საკათედრო ტაძარში მეფედ აკურთხეს ალექსანდრე პირველი კონსტანტინეს ძე. ვახუშტის თქმით: „შემოკრებული იმერ-ამერთა დიდებულთა და კათალიკოზთა და ეპიზკოპოსთაგან ეკურთხა მეფედ მუნ“.

XV–XVIII საუკუნეებში ბაგრატის ტაძარში ასევე ხდებოდა იმერეთის მეფეების კურთხევა.

ოსმალების მიერ 1691 წელს ბაგრატის ტაძრის დანგრევის შემდეგ საეპისკოპოსო კათედრა დროებით მოშლილა, თუმცა როგორც ჩანს მხოლოდ XVII საუკუნის 20-იან წლებამდე. სოლომონ I-ის აქტიური მოღვაწეობით და 1759 წლის საეკლესიო კრების გადაწყვეტილებით კათედრა განაახლეს და წინამძღვრად აკურთხეს ცნობილი საეკლესიო მოღვაწე მაქსიმე აბაშიძე. ქუთათელი ეპისკოპოსის კათედრამ 1820-იან წლებამდე იარსება (ბაგრატის ტაძრის სამხრეთ კარიბჭეში იყო მოწყობილი), სანამ რუსეთის იმპერიის მიერ არ იქნა გაუქმებული საქართველოს ავტოკეფალია და იმერეთის სამეფოში მოწყობილი აჯანყება, სისხლში არ იქნა ჩახშობილი.

საინტერესო ფაქტები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • 1994 წელს ბაგრატის ტაძარი გელათის მონასტერთან ერთად შეტანილ იქნა იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. 2010-2017 წლებში ბაგრატის ტაძარი შედიოდა საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა სიაში, ხოლო 2017 წლიდან ამოღებულია მსოფლიო მემკვიდრეობის სიიდან.
  • 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[5].
  • 2009 წლის აგვისტოს დასაწყისში ბაგრატის ტაძარში წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა მდრიდრული სამარხი, რომელიც დიდგვაროვან ქალბატონს ეკუთვნოდა. გამოთქმული მოსაზრებით, სამარხი შესაძლოა ეკუთვნოდეს აფხაზთა მეფის, ლეონ II-ს დედას, ხაზართა ხაკანის ასულს.[6]
სამკაული VII საუკუნის კეთილშობილი ქალბატონის სამარხიდან
  • ანდღულაძე, ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 132.
  • „ბაგრატის ტაძარი 1003-2012“, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.
  • ბოგვერაძე, გ. ქუთაისის ციხე-ქალაქის განთავისუფლების ისტორიისათვის (1770 წელი), ქუთაისი, 2003.
  • გორგაძე, ს. ბაგრატის ტაძარი : ისტორიულ-არქეოლოგიური აღწერა. ტფილისი, 1911
  • ცინცაძე, ვ. ბაგრატის ტაძარი, თბილისი, 1964.
  • ჩაკვეტაძე, დ. ძეგლი უქიმერიონზე : ბაგრატის ტაძარი. თბილისი, 1964
  • ბაგრატის ტაძარი, ჟურნალი ,,ჯვარი ვაზისა“ 1995. N1.
  • ვახუშტი ბაგრატიონი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება. ტ.4. თბ. 1973
  • მატიანე ქართლისაი, ქართლის ცხოვრება., ტ.1, თბ. 1955
  • ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები. ტ.3. თბ. 1966
  • მ. ლორთქიფანიძე, ქუთაისი დასავლეთ საქართველოს დედაქალაქი, კრ. ქუთაისი უძველესი დროიდან მე-13 საუკუნემდე. 1994
  • ალექსი იევლევის 1650-1652 წწ. იმერეთის სამეფოში ელჩობის საანგარიშო აღწერილობა. გამოსაცემად მოამზადა იასე ცინცაძემ, თბ. 1955
  • თ. ქორიძე, მე 11-16 სს. აფხაზეთის კათალიკოსთა ქრონოლოგია. ჟურნალი ,,კლიო“#15, თბ. 2002
  • გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, ტ.1, თბილისი, 1962
  • ზ. აბაშიძე, ერთი ეპიზოდი ქუთაისის ეპარქიის ისტორიიდან, თსუ შრომები #226, თბ. 1986
  • პ. ინგოროყვა, გიოტგი მერჩულე, თბ. 1954
  • ივ. ჯავახიშვილი, ქართული სამართლის ისტორია. ნ.1, თფილისი, 1923
  • ვ. ჯაოშვილი, ქუთაისი (ეკონომიურ-გეოგრაფიული დახასიათება), თბ. 1962
  • ვაჭრიძე პ. ბაგრატის ტაძრის ისტორიიდან ჟურნალი ,,ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის შრომები.“ კრ.22 ქუთაისი 2012
  • დე გრაი დე ფუა საქართველოს შესახებ, თბილისი, 1985.
  • ჩხატარაიშვილი ქ., ქართული საეკლესიო ორგანიზაციის ისტორიიდან. კრ. საქართველოს ფეოდალური ხანის ისტორიის საკითხები, თბ. 1990
  • ჯავახიშვილი ივ. ქართველი ერის ისტორია, მე-3 და მე-4 ტომები. თბ. 1967, 1982
  • ლანჩავა ო., ქარციძე ნ., გათხრები ქუთაისსა და გელათში, ჟურნალი ,,ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის შრომები.“ კრ.18, ქუთაისი 2008
  • ლანჩავა ო., ქუთაისის არქეოლოგია, ქუთაისი 2007

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: