სვეტიცხოველი
სვეტიცხოველი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 41°50′33″ ჩ. გ. 44°43′15″ ა. გ. / 41.84250° ჩ. გ. 44.72083° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | საქართველო |
მუნიციპალიტეტი | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
ადგილმდებარეობა | ქ. მცხეთა |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვარი(ები) | არსუკისძე |
ხუროთმოძღვრული სტილი | ჯვარ-გუმბათოვანი |
თარიღდება | XI ს. |
დეტალები
| |
ტაძრის გეგმა |
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარი საპატრიარქო საკათედრო ტაძარი, საქართველოს დედა-ტაძარი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთა ინთრონიზაციის (აღსაყდრების) ადგილი, შუა საუკუნეების საქართველოს მრავალი მეფის, მათი ოჯახის წევრების და პატრიარქთა საკრძალავი, XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ერთ-ერთი ოთხ დიდ კათედრალთაგან (ოშკი, ბაგრატის ტაძარი, ალავერდი)[1]. მდებარეობს თბილისიდან 20 კმ დაშორებით, ქალაქ მცხეთაში. სვეტიცხოველში დაკრძალულია უფლის კვართი და წმ. ელია წინასწარმეტყველის მოსასხამი. იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სვეტიცხოველი ყველაზე დიდი ისტორიული საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში დღემდე გადარჩენილთა შორის. იგი საუკუნეთა მანძილზე ქრისტიანული საქართველოს სარწმუნოებრივ ცენტრს წარმოადგენდა. ჯერ კიდევ IV საუკუნეში გაქრისტიანებულ მირიან მეფეს წმინდა ნინოს რჩევით აქ პირველი ეკლესია აუშენებია, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია.
1970-1971 წლებში სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოთა ჩატარების დროს (ხელმძღვანელი არქიტექტორი ვ. ცინცაძე) მიკვლეულ იქნა მისი საძირკვლის კვალი. ასევე მთლიანად შემოიხაზა იმ ბაზილიკის გეგმა, რომელიც აქვე ააშენა, წმ. ნინოს ეკლესიის დანგრევის შემდეგ, ვახტანგ გორგასალმა V საუკუნის II ნახევარში. XI საუკუნეში დაზიანებული ბაზილიკის ადგილზე ქართლის კათოლიკოსმა მელქისედეკმა ახალი ტაძარი ააგო. მან ხუროთმოძღვრად არსუკისძე მიიწვია. მშენებლობა 1010 წელს დაიწყო და 1029 წელს დამთავრდა. თავისი არსებობის მანძილზე სვეტიცხოველი არაერთხელ გადაკეთებულა. 1283 წელს ტაძარი მიწისძვრამ დააზიანა. XIV საუკუნეში გიორგი ბრწყინვალემ აღადგინა ტაძრის გუმბათი. იმავე საუკუნის ბოლოს „იავარჰყვეს სპათა ლანგ-თემურისათა“ — მოანგრიეს დასავლეთის მკლავის ბურჯები, დააქციეს გუმბათის ყელი, მაგრამ მთელი ნაგებობის დანგრევა მაინც ვერ შესძლეს. XV საუკუნის დასაწყისში მეფე ალექსანდრე დიდმა ტაძარი კაპიტალურად შეაკეთებინა. 1656 წელს როსტომ მეფისა და მარიამ დედოფლის თაოსნობით კვლავ აღადგინეს გუბათის ყელი.
1813 წლის 30 ოქტომბერს ექზარქოს ვარლაამის დროს განახლებულ იქნა სვეტიცხოვლის კარიბჭე, რასაც ადასტურებს ეპიგრაფიკული წარწერა.
საქართველოს დაპყრობისა და საქართველოს ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, რუსი ეგზარქოსები სვეტიცხოველზე ზრუნვით თავს არ იწუხებდნენ. ასეთმა დამოკიდებულებამ თავისი შედეგი გამოიღო. 1826 წლის 1 მაისს ჩამოიქცა მცხეთის სვეტიცხოვლის გალავანში არსებული სამრეკლო, ნანგრევებში მოყვა გალავნის კედელთან მდგარი საცხოვრებელი სახლი, რის შედეგადაც დაიღუპა 8 წლის ბავშვი. 1827 წელს თბილისის სამხედრო გუბერნატორმა, გენერალმა სიპიაგინმა, რუსეთის იმპერიის მთავარი შტაბის უფროსს წარუდგინა მოხსენება – გორისა და დუშეთის მაზრებში შექმნილი მდგომარეობის მიმოხილვა. გუბერნატორი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ხსენებულ მაზრებში სერიოზულად იყო დაზიანებული ეკლესიები, მათ შორის სვეტიცხოველიც. არსებული წესის მიხედვით, მოხსენება იმპერატორ ნიკოლოზ პირველს მიართვეს. მიუხედავად იმპერატორის ბრძანებისა, უსაშველოდ გაჭიანურდა სვეტიცხოვლის რესტავრაციის პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის შედგენა. ეს საქმე ვერ დასრულდა, ვერც ეგზარქოს იონას და ვერც მომდევნო ეგზარქოსის – მოსე ბოგდანოვ-პლატონოვის საქართველოში მოღვაწეობის პერიოდში და როგორც იქნა, საქმე დაიძრა ახალი ეგზარქოსის, არქიეპისკოპოს ევგენი ბაჟანოვის დროს – 1935 წელს. სვეტიცხოვლის რესტავრაციის პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია შეადგინა ინჟინერ-პორუჩიკმა ყორღანოვმა. რესტავრაციისთვის საჭირო თანხა 49 239 მანეთითა და 67 კაპიკით განისაზღვრა. მოგვიანებით, რესტავრაციისთვის საჭირო თანხა 29 934 მანეთსა და 36 კაპიკამდე შემცირდა. რესტავრაციის დაწყებამდე, იმხანად არსებული წესის მიხედვით, უნდა გამოცხადებულიყო ტენდერი, მაშინდელი ტერმინოლოგიით, საჯარო ვაჭრობა. ტენდერში გაიმარჯვა და მოიჯარადრე გახდა თბილისის მცხოვრები – ხეჩო დარჩილოვი. ყველაზე დიდი თანხა – 28 696 მანეთი გადაიხადა, მოიჯარადრის უფლების მოპოვებისთვის და სამუშაოსაც შეუდგა. არსებული წესის მიხედვით, ხეჩო დარჩილოვმა გირაოში ჩადო მისი კუთვნილი 2 საცხოვრებელი სახლი და დუქანი თბილისში, ასევე, სხვა უძრავი ქონება. კონტრაქტის ძალით, სარესტავრაციო სამუშაოები 3 წლის განმავლობაში უნდა დასრულებულიყო. მოიჯარადრე ხეჩო დარჩილოვმა ვალდებულება აიღო 1845 წლის ზაფხულისთვის თავისი სახსრებით გამოესწორებინა კომისიის მიერ მითითებული ნაკლოვანებები. ხეჩო დარჩილოვმა კარგად ისარგებლა მისდამი ასეთი ლოიალური დამოკიდებულებით, სასწრაფოდ რაღაც სამუშაოები შეასრულა, მაგრამ ძალზე უხარისხოდ. რაც მთავარია, არ შეუკეთებია ტაძრის სახურავი. სახურავიდან წყალი ტაძარში კვლავ ჩაედინებოდა და აზიანებდა თაღებსა და კედლებს. ხეჩო დარჩილოვს თავის მართლება აღარ დასჭირვებია. იგი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. სინოდურ კანტორასთან ურთიერთობა უკვე მისმა შვილმა მოაგვარა და გირაოც დაიბრუნა. სვეტიცხოვლის სახურავიდან ტაძარში წყალი მომდევნო 6 წლის განმავლობაში კვლავ ძველებურად ჩაედინებოდა.
მინაშენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სვეტიცხოვლის ჩრდილოეთ მხარეს იდგა პატარა ეკლესია. ტაძრის სამშენებლო კომიტეტის გადაწყვეტილებით, რესტავრაციის პროცესში ეს ეკლესია უნდა დაენგრიათ. არქიტექტორმა რიპარდმა დარჩილოვს მისცა რეკომენდაცია: ეკლესიის დანგრევა დაეწყოთ გუმბათის მოხდით, ხოლო შემდეგ დაეშალა მისი კედლები. დარჩილოვმა ეკლესია საძირკველში ჩადებული დენთით ააფეთქა. შედეგად, ეკლესია დაინგრა, მაგრამ ბზარი გაუჩნდა სვეტიცხოვლის საკურთხევლის კედელს. თვითნებობა გამოიჩინა ხეჩო დარჩილოვმა ტაძრის გუმბათზე მოოქრული ჯვრის აღმართვისასაც. აღმართვამდე ჯვარი დარჩილოვს სამშენებლო კომიტეტის წევრებისთვის არ უჩვენებია. ჯვარი კი ისე ცუდად დაამაგრეს, რომ მალე გადაიხარა. სამშენებლო კომიტეტმა ამ თვითნებობის შესახებ, დაუყოვნებლივ აცნობა საქართველო-იმერეთის სინოდურ კანტორას, თუმცა ამას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. 1837 წელს დაწყებული ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები, ძირითადად, 1844 წელს დასრულდა. დაუმთავრებელი დარჩა ზოგიერთი სამუშაო, რის გამოც, საერთო ჯამში, აღდგენითი სამუშაოები 10 წელი გაგრძელდა. მიუხედავად სერიოზული თანხის გაღებისა, სვეტიცხოვლის ტაძრის სახურავიდან კვლავ ჩაედინებოდა წყალი და მუდმივად დანესტიანებული იყო ტაძრის თაღები, კედლები. პრაქტიკულად, ტაძრის გადასარჩენად არაფერი გაკეთებულა. ამიტომ იყო, რომ 1860-1874 წლებში ტაძარს მეორე რესტავრაცია ჩაუტარდა, რომელიც 28 333 მანეთი დაჯდა. სამწუხაროდ, არც მეორე რესტავრაციის შემდეგ გაუმჯობესებულა სვეტიცხოვლის ტაძრის საერთო მდგომარეობა. ამიტომ იყო, რომ მეცხრამეტე საუკუნის 90-იანი წლების დამდეგს, კვლავ დაისვა სვეტიცხოვლის რესტავრაციის საკითხი. 1893 წელს სვეტიცხოვლის დეკანოზმა იოანე მრევლიშვილმა შეადგინა მოხსენება, რომელშიც აღნიშნულია, რომ: სახურავის ძლიერი დაზიანების გამო, მთავარი თაღიდან ტაძარში ჩაედინებოდა წყლის ძლიერი ნაკადი, რის შედეგადაც საკურთხეველსა და ტაძარში დგებოდა გუბეები[2][3].
1900-იან წლებში გრაფინია პ. უვაროვას თავჯდომარეობით შედგა საგანგებო კრება, რომელსაც ესწრებოდა ქართული არქიტექტორები და სასულიერო პირები. კრებაზე გადაწყდა ტაძარი გადაეხურათ თლილი ქვით.
-
სვეტიცხოვლის ინტერიერი. ჩერნეცოვი. 1830
-
სვეტიცხოვლის სამხრეთი ფასადი. ჩერნეცოვი. 1830
-
გოლიცინის მიერ 1887 წელს გადახატული ჩერნეცოვის 1830 წლის ნახატი
-
გოლიცინის მიერ 1887 წელს გადახატული ჩერნეცოვის 1830 წლის ნახატი
-
გოლიცინის მიერ 1887 წელს გადახატული ჩერნეცოვის 1829 წლის ნახატი
არქიტექტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სვეტიცხოვლის ტაძარი გეგმით აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ ძლიერ წაგრძელებული სწორკუთხედია. ჯვრის სახე სივრცეშია შექმნილი გუმბათის ოთხივე მხარეს გაწვდილი ოთხი მკლავით. მკლავები სწორკუთხაა, გარდა აღმოსავლეთის მკლავისა, რომელიც საკურთხევლის აფსიდით არის დაბოლოებული. საკურთხევლის სამხრეთითა და ჩრდილოეთით ორ სართულად განლაგებულია სათავსოები. გუმბათი ოთხ მძლავრ ბოძს ეყრდნობა, გუმბათის ყელში 16 სარკმელია. მიუხედავად იმისა, რომ ტაძარმა მრავალი ცვლილება განიცადა, ძველი ფრესკების დიდი ნაწილი დაიღუპა, ხოლო კედლების შეთეთრებამ ინტერიერს გამოაკლო მისი მხატვრული მთლიანობისათვის აუცილებელი სხვა ორგანული ელემენტებიც, იგი დღესაც დიდებულ შთაბეჭდილებას ტოვებს.
ფასადი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტაძრის გარეგანი ფორმებისა და მასების განაწილება, პროპორციები ექვემდებარება შუაში აღმართულ მაღალ გუმბათს, რომლის ქვეშაც ორფერდა სახურავებით გადახურული ჯვრის მკლავებია, ხოლო მკლავებს შორის დაბალი ცალფერდა სახურავით გადახურული სადგომები. ფასადების მორთულობაში ძირითადად გამოყენებულია კედლის დეკორატიული თაღედებისა და შეწყვილებული პილასტრების განვითარებული სისტემა, აგრეთვე სარკმელთა მოჩუქურთმებული საპირეები. ჩუქურთმები მდიდარი და მრავალფეროვანია (მოაღწია მხოლოდ ნაწილმა). ტაძრის დეკორატიულ მორთულობაში დიდი ადგილი უჭირავს რელიეფსაც. აღსანიშნავია აღმოსავლეთის ფასადის მორთულობა, რომლის საფუძვლად 5 დეკორატიული თაღისაგან შეკრული სისტემა წარმოადგენს. თაღებში ჩართულია მაღალი სამკუთხა ნიშები, ხოლო შუა მაღალი თაღის შიდა სიბრტყეზე, მარაოსებრ გაშლილი სხივების ბოლოებში, მოთავსებულია დისკოები ერთ-ერთი სამშენებლო წარწერით. ოსტატურად არის გამოყენებული პოლიქრომული ეფექტიც. ძირითადი ქვიშისფერი კედლების ფონზე გამოიყოფა საკურთხევლის სარკმლის კაშკაშა წითელი ფერის ქვით აწყობილი მოჩუქურთმებული საპირე, რომელიც ზემოდან გამოყოფილია მდიდრულად მორთული ჰორიზონტალური სარტყლით.
გვერდის ფასადების შუა ნაწილებშიც მთავარია მზარდი თაღების რიტმი. დასავლეთის ფასადზე ერთი დიდი სარკმელია, რომლის მდიდრულ მორთულობას კედლის მთელი არე უჭირავს. ფასადის კომპოზიცია დასრულებულია სამფიგურიანი რელიეფით - ტახტზე მჯდომი მაცხოვარი და 2 ანგელოზი აქეთ-იქით. სვეტიცხოველი განვითარებული შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების სტილის ერთ-ერთი ფუძემდებელი ძეგლია.
მოხატულობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მცხეთის ისტორიული ძეგლები: სვეტიცხოველი, სამთავრო, ჯვარი* | ||
---|---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | ||
ქვეყანა | საქართველო | |
ტიპი | კულტურული | |
კრიტერიუმები | iii, iv | |
სია | [1] | |
რეგიონი** | ევროპა | |
კოორდინატები | 41°50′31″ ჩ. გ. 44°43′16″ ა. გ. / 41.84194° ჩ. გ. 44.72111° ა. გ. | |
გაწევრიანების ისტორია | ||
გაწევრიანება | 1994 (მე-18 სესია) | |
ნომერი | 708 | |
საფრთხის ქვეშ | 2009-2016 | - |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 708 ინგლ. • რუს. • ფრ. |
XI საუკუნეში ტაძარი მთლიანად მოხატული იყო. ამ ხანის მხატვრობის მცირე ფრაგმენტები შემორჩენილია: ტაძრის დასავლეთ მკლავის დასავლეთ კედელზე, სარკმლის სამხრეთით - სცენა სახარებიდან: ქრისტე და სამარიტელი ქალი, შუა ნავის სამხრეთ-დასავლეთ თაღზე - მცენარეული ორნამენტი და სამხრეთი ნავის კამარაში - გაურკვეველი სცენის ნაშთები. დანარჩენი მხატვრობა გვიანდელია. საკურთხეველში შემორჩენილია მხატვრობის ზედა ორი რეგისტრი. კონქში გამოსახულია ტახტზე მჯდომი ქრისტე გადაშლილი სახარებით ხელში და ცეცხლოვან ბორბლებზე შემდგარი ორი ქერუბიმი. ბემის კამარაში თაყვანისცემის პოზაში გამოსახულია ოთხი ანგელოზი, კედლებზე კი ორი მთავარანგელოზი. ახლანდელი მოხატულობა XVI, XVII და შესაძლოა XVIII საუკუნეებისაც იყოს. განახლებულია XIX საუკუნეში. უფრო საინტერესოა ტაძრის შიგნით, საკუთრივ "სვეტის" (კოშკისებური ნაგებობის) XVII საუკუნის მიწურულს მხატვრობა, რომელშიც ქართლის მოქცევის ეპიზოდებია გადმოცემული (მოხატვის ხელმძღვანელი მხატვარი გრიგოლ გულჯავარასაშვილი, მოთავე - ნიკოლოზ კათოლიკოსი). გარედანაც ბევრი რამ არის შეცვლილი: გუმბათის ყელი და ფასადთა პერანგის ნაწილი (რომელიც მწვანე ქვით არის მოპირქეთებული) XV საუკუნის I ნახევარს მიეკუთვნება (რესტავრირებულია ალექსანდრე I, დიდის მიერ თემურლენგის შემოსევათა დროს ტაძრის ძლიერი დაზიანების შემდეგ), ზოგი რელიეფური გამოსახულება გადაადგილებულია, არის XVII საუკუნის ჩანართებიც, მაგრამ ამ რესტავრაციებს არ დაურღვევია შენობის ძირითადი ფორმები და პროპორციები.
-
ქრისტე ღმერთი - სამყაროს მმართველი
-
საკურთხეველის მოხატულობა
-
სვეტის მოხატულობა
ეპიგრაფიკული წარწერები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სვეტიცხოვლის ტაძრის შესასვლელში დასავლეთიდან მთავარი კარის თავზე ღვთისმშობლისა და ანგელოზთა ფრესკის ქვეშ დატანილია მხედრული წარწერა:
„ვარლამ ეგზარხოსმან მცხეთისა და ყოვლისა საქართველოსამან ქსნის ერისთავის დავითის ძემან განვაახლე კარიბჭე ესე წელსა 1813 წელსა 30 ოქომბერსა.“
|
-
კარიბჭე წარწერით
ტაძრის საძვალე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არქეოლოგიური მასალებით დასტურდება რომ განსასვენებელი სვეტიცხოვლის ადგილას ჯერ კიდევ პირველი ეკლესიის აგებამდე არსებობდა. უცნობია იმ პირთა ვინაობა თუ ვინ იკრძალებოდა IV საუკუნემდე, თუ არ ჩავთვლით ებრაელ სიდონიას ვინც უფლის კვართი გულში ჩაიკრა და უმალ გარდაცვლილი დაასაფლავეს კვართის სვეტის ადგილას.
პირველი ცნობა სვეტიცხოველში დაკრძალვის შესახებ ვახტანგ გორგასალს უკავშირდება.
დღესდღეობით ვახტანგ გორგასალის თავდაპირველი საფლავის ქვა შემორჩენილი არ არის.
ისტორიული წყაროების მიხედვით სვეტიცხოვეში ვახტანგ გორგასალის შემდეგ დაკრძალეს ევსტათი მცხეთელი.
არაფერია ცნობილი წერილობით წყაროებში VI-XI საუკუნეებში დასაფლავებულთა შესახებ. როგორც ცნობილია 1010-1029 წლებში ვახტანგისეული სვეტიცხოვლის სამნავიანი ბაზილიკა განახლდა და გადაკეთდა კათოლიკოს-პატრიარქი მელქისედეკ I-ის ინიციატივით. სწორედ მელქისედეკ I იყო პირველი ვინც დაასაფლავეს ახლადაშენებულ სვეტიცხოველში. ე.წ. "მელქისედეკის ანდერძის" მიხედვით, რომელიც 1896 წელს გამოქვეყნდა თედო ჟორდანიას მიერ.
„სამხრით, სადიაკვანოსა წმიდათა მოწამეთა სამარტვილოსა შიგან, შევქმენ საფლავი ჩემი და დავდგი საკურთხეველი.“
|
1049 წელს მელქისედეკის შემდეგ მის მიერვე მიშენებულ სამხრეთ ეკვდერში იკრძალება საქართველოს შემდეგი კათოლიკოს-პატრიარქი იოანე V ოქროპირი.
XII საუკუნიდან ქართული წერილობითი წყაროების მიხედვით, საერო პირთაგან ერთ-ერთი პირველი სვეტიცხოველში დაკრძალული ჩანს დემნა უფლისწული, დავით V-ის ვაჟი და გიორგი III-ის ძმისშვილი. სავარაუდოდ, ეს იყო სვეტიცხოველში ბაგრატიონთა საგვარეულოს წარმომადგენლის დაკრძალვის პირველი შემთხვევა.
„მოკუდა და მცხეთას დამარხეს.“
|
XIII საუკუნიდან სვეტიცხოველი ხდება ბაგრატოვანთა საძვალე.
1248 წელს სვეტიცხოველში დაუკრძალიათ ულუ დავითის პირველი მეუღლე დედოფალი ჯიგდა-ხათუნი.
„გარდაიცვალა დედოფალი ჯიგდა-ხათუნი და წარიყვანეს სამარხოსა დედოფალთასა მცხეთას და დაკრძალეს.“
|
1271 წელს სვეტიცხოველში დაიკრძალა ლაშა-გიორგის ძე ულუ დავითი. ეს იყო ამ ტაძარში ბაგრატიონი მეფის დაკრძალვის პირველი შემთხვევა.
„და დაუტევა გლოვა და მწუხარება დიდი ყოველთა ქართველთა ზედა იგლოვეს, ყოველთა დიდად და გუამი დავით მეფისა წარიღეს და დამარხეს სამარხოსა მეფეთასა მცხეთას.“
|
მელქისედეკ კათალიკოსის სასახლე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სასახლე დგას ტაძრის ეზოში, გალავნის სამხრეთით. თარიღდება XI საუკუნით. 1963-1964 წლებში ამ მონაკვეთზე ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები (ხელმძღვანელი ა. კალანდაძე). გადაითხარა 1500 მ²-ზე მეტი ფართობი რომლის დროსაც გამოვლინდა სხვადასხვა დროის ნაგებობათა ნაშთები, რამდენიმე მარანი და სხვა. განათხარი ინახება მცხეთის მუზეუმში.
ძირითადი ნაგებობა მელქისედეკისეული სასახლეა (38,5 მ; X 18,5 მ). საძირკველზე ორსაფეხურიანი ცოკოლი და ქვიშაქვის კარგად გათლილი კვადრებით ნაშენი კედელია ამოყვანილი (სისქე 0,8 მ-მდე). დუღაბად კირის ხსნარია გამოყენებული. ნაგებობის კედლებზე, როგორც ფასადებზე, ისე შიგნით 3,4-3,5 მ. მანძილზე პილასტრებია. სასახლეს კარი (სიგანე 3,5 მ) ჩრდილოეთ მხარეს აქვს. აქვე აღმოჩნდა თლილი ქვის იატაკის ნაშთი. დადგინდა, რომ სასახლე დაშენებულია უფრო ძველ კულტურულ ფენაზე — საძირკვლის ქვეშ (0,6 მ სიღრმეზე) გამოვლინდა რიყი ქვითა და ტალახის ხსნარით ნაგები კედელი და IX საუკუნის კერამიკული მასალა. მელქისედეკის სასახლე რამდენიმეჯერ გადაუკეთებიათ. პირველად XIV-ე საუკუნეში, როცა მისთვის მოუშლიათ ორსაფეხურიანი ცოკოლი, ხოლო სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებისათვის გარედან, ყოველი 6-7 მ-ის მოშორებით, მიუშენებიათ კონტრფორსები (1.5-2 მ). სამხრეთ კედელს 5 კონტრფორსი აქვს. ზოგან კონტრფორსები ფარავენ ადრინდელ პილასტრებს. შემდეგ სასახლისთვის აღმოსავლეთიდან მიუდგამთ მინაშენი, რომლის აღმოსავლეთ კედელზე შემორჩენილია პილასტრი, ხოლო სამხრეთ კედელში ბუხარია დატანებული. მესამეჯერ XVII საუკუნეში დანგრეული სასახლე და მინაშენი სვეტიცხოვლის ტაძართან ერთად შეუკეთებიათ როსტომ მეფესა და მარიამ დედოფალს. შემდგომ პერიოდში სასახლე მთლიანად დანგრეულა.
ანტონ II კათალიკოსის სასახლე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სასახლე დგას ტაძრის-ეზოში, გალავნის სამხრეთ აღმოსავლეთ კუთხეში. შენობა ორსართულიანი ქვითკირის ნაგებობაა. აგებულია XVIII საუკუნის დასასრულს. ზედა სართულზე ხუთი ოთახია. გადაკეთებულია და შეცვლილი აქვს პირვანდელი სახე.
კარიბჭე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კარიბჭე გალავნის დასავლეთი მხარის ცენტრალურ ნაწილშია. აგებულია 1029 წ., ტაძრის მშენებლობის დამთავრების შემდეგ, კათალიკოს მელქისედეკის ბრძანებით. კარიბჭე ორსართულიანია, ნაგებია კარგად გათლილი თანაბარი კვადრებით. მის პირველ სართულზე, ფართო შეისრულთაღიანი გასასვლელისორივე მხარეს მოთავსებულია ოთახები (თითოეული 22 კვ.მ); მეორე სართულზე დარბაზია (70 კვ.მ), რომელიც დასავლეთის მხარეს სვეტებიანი თაღების სამი მალითაა გახსნილი. სმმაგი თაღი მოჩარჩოებულია პროფილირებული სარტყელით, რომელზედაც ასომთავრული წარწერაა
„ქრისტე ადიდე შენ მიერ დამყარებული მეოხე ჩვენი ქრისტეს მიერ მელქიზედეკ ქართლისა კათალიკოსი რომელმან მეორედ აღაშენა წმინდა კათოლიკე ესე სალხინებელად სულისა მათისა“
|
გასასვლელის ორივე მხარეს თითო ოთხწახნაგა სამმეოთხედიანი პილასტრია ფესტოებიანი კაპიტელებითა და სადად პროფილირებული ბაზისებით. ეს შვერილები სამმაგი თაღის ჩარჩოს ქვედა ხაზს ქვემოთკედელს უკავშირდება მცირე ზომის ნიჟარისებრი თაღებით (ტრომპებით). შესასვლელის თაღის ზემო ნაწილში, ორივე მხარეს მწვანე ქვიდან ნაკვეთი ხარის თავების სკულპტურული გამოსახულებებია (პირი. დედანი ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში). ოთხწახნაგა შვერილების აქეთ იქით მაღალი სამკუთხა ნიშებია.
დასავლეთის კარიბჭის რესტავრაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1964-1965 წლებში სვეტიცხოვლის გალავნის დასავლეთ კარიბჭეს ჩაუტარდა სარესტავრაციო და საკონსერვაციო სამუშაოები. სამუშაოს დაწყებამდე ძეგლის მდგომარეობა ასეთი იყო: კათედრალის ქვის გალავნის დასავლეთ ნაწილში, სადაც საპარადო კარიბჭეა მოთავსებული, ქუჩის დონე კულტურელი დანაშრევებით თითქმის ორნახევარი მეტრით იყო ამაღლებული კათედრალის ეზოსთან შედარებით. სავარაუდოდ, ქუჩის დონის ამაღლება მტრების შემოსევების დროს ქალაქის დანგრევის შედეგი უნდა ყოფილიყო; იგი მცირეოდენი ცვლილებებით სვეტიცხოვლის გალავანს მთლიანად უვლიდა გარშემო: გალავნის შიგნით ნიადაგაის დონე, თითქმის ამავე ზომით, დაბალი იყო გარეთაზე, რის გამოც ყველა შესასვლელიდან (ჩრდილოეთით და სამხრეთით) სვეტიცხოვლის ეზოში კიბეები ჩადიოდა. კარიბჭის პირველ სართულში მოწყობილი შესასვლელი დახურული და ამოშენებული იყო დამატებითი კედლით, რომლის ორსავ მხარეს, 7 მეტრზე მეტი სიმაღლის კონტრფორსები იყო ამოყვანილი. ამგვარად, ჩანდა თავდაპირველი ფასადის მხოლოდ შუა ზემო ნაწილი, დაახლოებით 3 მეტრი სიმაღლის სამმალიანი ღია თაღედით, ხოლო გვერდებზე - დაახლოებით 8 მ. სიმაღლეზე, ნაწილობრივ, რიყის ქვით რესტავრირებული კედლები.
სამუშაოები 1964 წლის ივლისში დაიწყო. უპირველეს ამოცანას წარმოადგენდა მინაშენებისაგან ფასადის განთავისუფლება და დასახული სარესტავრაციო სამუშაოების პროექტის შედგენა, რომელიც ვახტანგ ცინცაძეს და ნიკო ჩუბინაშვილს დაევალათ.
თავდაპირველად გასუფთავდა 2 მეტრი სიმაღლისა და 7 მეტრი სიგანის მიწა. შემდგომ შესაბამის სპეციალისტებთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყდა ჯერ ერთი კონტრფორსის მოხსნა ხოლო შემდეგ კი მეორესი. გასასვლელის გახსნნის შემდეგ გამოჩნდა მასზე გადაყვანილი ჩარჩოს ქვედა პროფილირებული ნაწილი, რომელზედაც აღმშენებლის წარწერაა მოთავსებული. შესასვლელი თაღის ზემო ნაწილში, ორივე მხარეს მოთავსებული იყო მწვანე ქვის ხარის სკულპტურული თავები. შემორჩენილი იყო მხოლოდ ერთი ქანდაკება. გადარჩენილი სკულპტურა ძალიან წააგავს სვეტიცხოვლის აღმოსავლეთ ფასადზე არსუკიძის მიერ გამოყენებულ ხარის თავებს.[6]
გალავანი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სვეტიცხოვლის ტაძარს გარს აკრავს კვადრატული ფორმის გალავანი (121,6 მ; X 110,5 მ). იგი აგებულია 1787 წელს ერეკლე II-ის ბრძანებით, რასაც ადასტურებს სამხრეთის შესასვლელის თავზე ამოკვეთილი წარწერა:
ამავე წარწერიდან ირკვევა, რომ სვეტიცხოველს ადრეც ჰქონია გალავანი, რომლის ფრაგმენტები ჩართულია თანამედროვე გალავნის ჩრდილოეთის კედელში. გალავნის ძველი ნაწილი ნაგებია თლილი ქვით, ადგილ ადგილ თლილი ქვაცაა გამოყენებული. ერეკლესდროინდელი ნაგებობები კი ძირითადად რიყის ქვითაა ნაშენი. ქონგურებზე და სალოდეებზე გამოყენებულია აგურიც. გალავანი ორიარუსიანია: ქვედა ნაწილი მთლიანად ყრუა, ზედას გასდევს საბრძოლო ბილიკი, კედელში განლაგებულია სათოფეები და სალოდეები. გალავანში ჩართულია ექვსი ცილინდრული და ორი ოთხკუთხა კოშკი. კოშკები ორ-სამ სართულიანია, ბოლო სართულები კი ბანს წარმოადგენს. გალავნის სამხრეთ კედელში გაჭრილია ჭიშკარი. გარდა ამისა, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში ერთმანეთის პირისპირ კიდევ ორი ვიწრო კარია. გალავნის დასავლეთ მხარეს კედელში ჩართულია XI საუკუნის კარიბჭე, სამრეკლო და სხვადასხვა დროს მიშენებული საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბერიძე ვ., ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974;
- ჩუბინაშვილი გ., ქართული ხუროთმოძღვრება საშუალო საუკუნეებში და მისი სამი მთავარი კათედრალი, კრ.:არილი, ტფ., 1925;
- Гвердцители Р., Мцхета, Тб., 1962
- ”საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა” რედკოლეგია: ვ. დოლიძე, ს. კინწურაშვილი, უ. სიდამონიძე, თბილისი 1990, ტომი 5
- Натроев А. Мцхет и его собор Свэти-Цховели. Историко-археологическое описание. 1900
- „სვეტიცხოვლის გალავანში XI საუკუნის კარიბჭის გახსნა“, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 1 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1964 წელი. — გვ. 6-10
- „სვეტიცხოველი როგორც განსასვენებელი“, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 69 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1985 წელი. — გვ. 25-32
- კუდავა ბ., ქართველი მეფის დაკრძალვის ადგილი: პიროვნული არჩევანი, ტრადიცია თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება?, „ისტორიანი“ (სამეცნიერო კრებული, მიძღვნილი როინ მეტრეველის დაბადების 80 წლისთავისადმი), თბ., 2019, გვ. 139-167.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სვეტიცხოველი (მცხეთა) | საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბიბლიოგრაფიული ლექსიკონი
- სვეტიცხოველი (მცხეთა) | ქართველოლოგიური წიგნებისა და კრებულების ფოტომასალის აღწერილობა
- სვეტიცხოველი, უფლის კვართის ამბავი.
- სვეტიცხოვლის შესახებ დაარქივებული 2007-02-04 საიტზე Wayback Machine. .
- გზაშემეცნებისაკენ. მცხეთა - მეორე იერუსალიმი.
- ბუბა კუდავა, ქართველ მეფეთა დაკრძალვის ადგილები / Buba Kudava, The Burial Sites of the Georgian Kings
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ
- ↑ „О рестоврации Мцхетского собора в текущем столетии (XIX в.)“, газ. Кавказ, N160, 1900
- ↑ როგორ ააფეთქა დარჩილოვმა სვეტიცხოვლის ეზოში ეკლესია და როგორ მოვიდა ქართველ მეფეთა საძვალე დღემდე
- ↑ სვეტი-ცხოველი
- ↑ საქართველოს ძველი ისტორია
- ↑ სვეტიცხოვლის გალავანში XI საუკუნის კარიბჭის გახსნა
|