შინაარსზე გადასვლა

ვილჰელმ ფილხნერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვილჰელმ ფილხნერი
მშობლიური სახელი გერმ. Wilhelm Filchner
დაბადების თარიღი 13 სექტემბერი 1877
მიუნხენი, გერმანიის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 7 მაისი 1957
ციურიხი, შვეიცარია
საქმიანობა მოგზაური, მწერალი, მკვლევარი

ვილჰელმ ფილხნერი (გერმ. Wilhelm Filchner; დ. 13 სექტემბერი, 1877, მიუნხენი — გ. 7 მაისი, 1957, ციურიხი) — გერმანელი მოგზაური და მწერალი, ცენტრალური აზიის, არქტიკისა და ანტარქტიკის უბნების მკვლევარი.

1900 წელს ცხენით გადალახა პამირი. 1903–1905 წლებში ალბერტ ტაფელთან ერთად განახორციელა ექსპედიცია დასავლეთ ჩინეთში, გამოიკვლია რაიონი სინინიდან ტიბეტამდე. 1910 წელს მუშაობდა შპიცბერგენზე. 1911–1912 წლებში ხელმძღვანელობდა გერმანიის მე-2 სამხრეთპოლარულ ექსპედიციას, რომელმაც ანტარქტიდისკენ გაცურა ხომალდ „დოიჩლანდზე“. ანტარქტიკის შელფურ წყლებში მან აღმოაჩინა და გამოიკვლია პრინც ლუიტპოლდის მიწა, სადაც მის მიერ აღმოჩენილ 500 000 კმ² ფართობის მქონე ყინულოვან ველს 1912 წელს მის პატივსაცემად უწოდეს ფილხნერის შელფური მყინვარი. 1926–1928 წლებში ფილხნერმა განახორციელა ახალი ექსპედიციები ცენტრალურ აზიაში, რომელთა დროსაც ტარიმის აუზსა და ქაშმირს შორის, ასევე სინინის, ცაიდამის ჭაობებისა და ტიბეტს შორის მდებარე რაიონებში მან ჩაატარა ელექტრომაგნიტური და მეტეოროლოგიური გამოკვლევები. ამავე სამეცნიერო სამუშაოების გასატარებლად ომისწინანდელ წლებში ფილხნერი ნეპალშიც გაემგზავრა. მეორე მსოფლიო ომის დროს მკვლევარი ინგლისელების მიერ ინტერნირდა ინდოეთში, საიდანაც ევროპაში 1951 წელს დაბრუნდა.

  • Трешников А. Ф., История открытия и исследования Антарктиды, М.: Географгиз, 1963. — გვ. 431.