შინაარსზე გადასვლა

იეზდიგერდ I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იეზდიგერდ I
სასანიდური სპარსეთის შაჰინშაჰი
მმართ. წლები: 399-420
წინამორბედი: ბაჰრამ IV
მემკვიდრე: ბაჰრამ V
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
გარდ. თარიღი: 420
მეუღლე: შუშანდუხტი
შვილები: შაპურ IV
ბაჰრამ V
ნერსე
დინასტია: სასანიანები
მამა: შაპურ III
რელიგია: ზოროასტრიზმი

იეზდიგერდ I (სპარს. یزدگرد یکم; გ. 420) — სასანიანთა დინასტიის წარმომადგენელი და სასანიდური სპარსეთის შაჰინშაჰი 399-420 წლებში. შაჰინშაჰ შაპურ III-ის ვაჟი და ბაჰრამ IV-ის ძმა, ბაჰრამ V-ისა და შაპურ IV-ის მამა.

მისი მმართველობის პერიოდში სპარსეთი საგრძნობლად დაუახლოვდა ბიზანტიას და შეწყდა ქრისტიანთა დევნაც.

იეზდიგერდის დაბადების თარიღი და ადგილი უცნობია. იგი იყო სპარსეთის შაჰინშაჰ შაპურ III-ის უმცროსი ვაჟი. მისი სახელი „იეზდიგერდი“ ძველ სპარსულად „ცოდვილს“ ნიშნავს.

388 წელს დიდებულებმა მოკლეს იეზდიგერდის მამა, შაჰინშაჰი შაპურ III, რომელიც თავისმა უფროსმა ვაჟმა, ბაჰრამ IV-მ ჩაანაცვლა, რომელმაც მამის ბედი გაიზიარა 399 წელს, რის გამოც საბოლოოდ ტახტზე იეზდიგერდ I ავიდა. აღსანიშნავია, რომ წინამორბედთაგან განსხვავებით იგი დიდებულებს არ მოუკლავთ და შედარებით დიდ ხანსაც მართავდა ქვეყანას.

მრავალწლიანი ომის შემდეგ, იეზდიგერდმა მოახერხა ბიზანტიის იმპერიასთან ურთიერთობების დათბობა. როგორც ცნობილია, მასსა და რომის იმპერატორ არკადიუსს შორის ურთიერთობა იმდენად ახლო იყო, რომ იმპერატორმა 408 წელს თავისი ვაჟის, თეოდოსიუსს აღმზრდელად იეზდიგერდის რეკომენდებული სპარსი საჭურისი დანიშნა. აგრეთვე დასტაბილურდა ურთიერთობა ჰუნებთანაც, რომლებიც ძველებურად უხეშად აღარ არღვევდნენ სპარსეთის საზღვრებს.

ბიზანტიის იმპერიასთან დაახლოვებამ გამოიწვია ის, რომ შაჰინშაჰი ტოლერანტულ დამოკიდებულებას ამჟღავნებდა ქრისტიანებთან მიმართებით. სპარსეთის ისტორიაში პირველად, ქრისტიანული სარწმუნოება აღარ იდევნებოდა და დასაშვები გახდა, რამაც ზოროასტრისტული რელიგიის სასულიერო პირების უკმაყოფილება გამოიწვია. მიუხედავად ასეთი მტკიცე და ბევრისათვის არმოსაწონი რეფორმებისა, მისი მმართველობა მაინც მყარი იყო. იგი იმდენად დაუახლოვდა იმპერიაში მცხოვრებ ქრისტიანებს, რომ ზოგიერთი მატიანე დეზინფორმაციასაც ავრცელებდა და წერდა, რომ შაჰინშაჰი მალულად მოინათლა, თუმცა იეზდიგერდი სიცოცხლის ბოლომდე თავისი რწმენის ერთგული იყო.

მისი მმართველობის დასასრულს ქრისტიანთა დევნა კვლავ განახლდა, რაც გამოწვეული იყო ისევ ქრისტიანთა ქმედებებით, რომელთაც დაანგრიეს და დაწვეს წარმართული სპარსული ტაძრები. როდესაც სპარსეთში მცხოვრები ქრისტიანების მმართველმა ეპისკოპოსმა უარი განაცხადა ზიანის ანაზღაურებაზე, იეზდეგირდმა ქურუმების ზეწოლით კვლავ განაახლა მათი მასობრივი დევნა. საპასუხოდ და ქრისტიანთა დაცვის მიზნით, მას ომი გამოუცხადა მეზობელმა ბიზანტიის იმპერიამ, რომელთა გამოგზავნილი ჯარიც რამდენჯერმე დაამარცხა იეზდიგერდის ვაჟმა, ბაჰრამმა.

იეზდიგერდ I 420 წელს გარდაიცვალა, რის შემდეგაც ტახტზე მისი ვაჟი, ბაჰრამ V ადის. ოფიციალური ვერსიით იგი დიზინტერიამ შეიწირა, თუმცა აგრეთვე არსებობს ვერსია, რომ იგი უკმაყოფილო სასულიერო პირებმა მოწამლეს.

  • Boyce, Mary (1984). Zoroastrians: Their Religious Beliefs and Practices. Psychology Press. pp. 1–252. ISBN 9780415239028.
  • Daryaee, Touraj (2014). Sasanian Persia: The Rise and Fall of an Empire. I.B.Tauris. pp. 1–240. ISBN 0857716662.
  • Kia, Mehrdad (2016). The Persian Empire: A Historical Encyclopedia [2 volumes]: A Historical Encyclopedia. ABC-CLIO. ISBN 978-1610693912.
  • McDonough, Scott (2008). "A Second Constantine?: The Sasanian King Yazdgard in Christian History and Historiography". Journal of Late Antiquity. Johns Hopkins University Press. 1: 127–140.
  • McDonough, Scott (2013). "Military and Society in Sasanian Iran". In Campbell, Brian; Tritle, Lawrence A. (eds.). The Oxford Handbook of Warfare in the Classical World. Oxford University Press. pp. 1–783. ISBN 9780195304657.
  • Netzer, Amnon (2007). "Isfahan xviii. Jewish Community". Encyclopaedia Iranica, Vol. XIV, Fasc. 1. pp. 74–77.
  • Netzer, Amnon (1998). "Esther and Mordechai". Encyclopaedia Iranica, Vol. VIII, Fasc. 6. pp. 657–658.
  • Payne, Richard E. (2015). A State of Mixture: Christians, Zoroastrians, and Iranian Political Culture in Late Antiquity. Univ of California Press. pp. 1–320. ISBN 9780520961531.
  • Pourshariati, Parvaneh (2008). Decline and Fall of the Sasanian Empire: The Sasanian-Parthian Confederacy and the Arab Conquest of Iran. London and New York: I.B. Tauris. ISBN 978-1-84511-645-3.
  • Sauer, Eberhard (2017). Sasanian Persia: Between Rome and the Steppes of Eurasia. London and New York: Edinburgh University Press. pp. 1–336. ISBN 9781474401029.
  • Schindel, Nikolaus (2017). "Sasanian Coinage". In Potts, Daniel T. (ed.). The Oxford Handbook of Ancient Iran. Oxford University Press. pp. 1–1021. ISBN 9780190668662.
  • Shahbazi, A. Shapur (2003). "Yazdegerd I". Encyclopaedia Iranica.