ისიდა
ისიდა იეროგლიფებში | ||||||||||
|
ისიდა (ძველეგვიპტურად „ისეტ“ ან „ასეტ“) — ძველი ეგვიპტის უზენაესი ღვთაება, ოსირისის და და ცოლი. ოსირისის კულტთან უმჭიდროეს კავშირშია ისიდას კულტი. ისიდა იყო ნაყოფიერების, დედობის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ქალღმერთი. ერთი ეგვიპტური მითის მიხედვით ოსირისი მოკლა ბოროტმა სეთმა და მისი სხეულის ნაწილები მთელ დედამიწაზე მოაბნია. გამწარებულმა ისიდამ მთელი დედამიწა შემოიარა, რათა შეეგროვებინა მისთვის უსაყვარლესი ადამიანის სხეულის ნაწილები. იგივე მითის მიხედვით რამდენიმე ხნის შემდეგ ოსირისი აღსდგა მკვდრეთით და იმქვეყნიური სამეფოს მმართველი გახდა. ისიდას კულტი საბერძნეთში ადრევე გადავიდა, ხოლო ელინიზმის პერიოდში გავრცელდა დუნაიდან ინდოეთამდე. რომში ისიდას კულტი გადავიდა პირველ საუკუნეში ჩვენს ერამდე. იმპერიის პერიოდში ისიდას კულტს სახელმწიფო იცავდა და უდიდესი აღიარება მოიპოვა ყველგან, სადაც კი რომაელთა ბატონობა გავრცელდა.
ბერძნულ–რომაულ სამყაროში ისიდა ითვლებოდა მიწისა და მეზღვაურთა მფარველად, ციურ მნათობთა შემქმნელად, იალქნის გამომგონებლად და სხვა. იმ ტანჯვა–წამებისა და განსაცდელის გამო, რომელიც ისიდამ განიცდა ოსირისის ნაწილების შეგროვებისა და ბოროტ სეთთან ბრძოლისას, იგი დაბეჩავებულთა ღვთაებად, ქალთა შემწედ, დამცირებულთა ქომაგად და მფარველად აღიარეს (ისიდას ეს თვისებები ქრსიტიანობამ მარიამ ღვთისმშობელს მიაწერა). ისიდას დღეობებს მისტერიების ხასიათი ჰქონდა და დემეტრეს ელევსინურ მისტერიებს წააგავდა. რომში ისიდას დღესასწაულს 5 მარტს აღნიშნავდნენ.
ძვ. ეგვიპტურ გამოსახულებებში ისიდა უფრო ხშირად ტახტზე მჯდომარეა, ხელში უჭირავს ძროხის რქები და რქებს შორის მოჩანს ამომავალი მზის დისკო. ბერძნულ–რომაულ ხელოვნებაში ისიდა ჰერას მსგავსად გამოისახება: გრძელი ტანსაცმლით, მშვიდი, საკმაოდ ამაყი და დიდებული სახით. მისი ატრიბუტებია: გველი, ლოტოსი, თავთავი, სიუხვის რქა. ისიდას ზოგჯერ ხელში უჭირავს ჩვილი ჰოროსი, რომელიც ქრისტიანობამ ქრისტესთან გააიგივა. საბერძნეთში ერთხანს იგი აფროდიტედ მიაჩნდათ, ხოლო ჰოროსი ეროსად. ისიდას მითს ხშირად უკავშირებდნენ სერაპისის მითს. ჩვენამდეა მოღწეული ქანდაკება, რომლის მიხედვითაც ისიდა და სერაპისი წელს ზემოთ ადამიანები არიან, ხოლო წელს ქვემოთ – გველები. გველების ქვემო ნაწილები ერთიმეორეზეა გადახვეული. ისიდას კულტი აირია და შეერწყო მრავალი ქვეყნის ბევრი ღვთაების კულტს.