შინაარსზე გადასვლა

კარდიფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
კარდიფი
Cardiff
Caerdydd
დროშა გერბი


Deffro! Mae'n Ddydd!
ქვეყანა გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
ქვეყანა უელსი
ფორმალური საგრაფო სამხრეთი გლამორგანი
[[ისტორიული საგრაფო]] გლამორგანი
კოორდინატები 51°29′07″ ჩ. გ. 3°11′12″ დ. გ. / 51.48528° ჩ. გ. 3.18667° დ. გ. / 51.48528; -3.18667
დაარსდა 1081
ფართობი 6.652 კმ²
ცენტრის სიმაღლე 41 მეტრი
ოფიციალური ენა უელსური ენა და ინგლისური ენა
მოსახლეობა 361 469 (2016)[1]
სასაათო სარტყელი UTC+0, ზაფხულში UTC+1
სატელეფონო კოდი 029
საფოსტო ინდექსი CF
საავტომობილო კოდი CA, CB, CC, CD, CE, CF, CG, CH, CJ, CK, CL, CM, CN და CO
ოფიციალური საიტი cardiff.gov.uk
კარდიფი — გაერთიანებული სამეფო
კარდიფი

კარდიფი (ინგლ. Cardiff, უელს. Caerdydd) — ქალაქი გაერთიანებულ სამეფოში. უელსის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. მდებარეობს სამხრეთ უელსში, ბრისტოლის ყურის ნაპირზე, მდინარე ტაფის ქვემო წელზე. რკინიგზითა და საავტომობილო გზებით დაკავშირებულია უელსის და მთელი ქვეყნის სხვა ქალაქებთან. მეტროპოლიტენით უკავშირდება სამხრეთ უელსის ქალაქებს. არის საზღვაო პორტი. ქალაქიდან 16 კმ-ით დასავლეთით მდებარეობს საერთაშორისო აეროპორტი (უელსში ერთადერთი).[2]

დაარსდა დაახლ. 75 წელს როგორც რომაული ფორტი, რომელიც იცავდა მდინარეზე გადასასვლელ ფონს. IV საუკუნის ბოლოს რომაელებმა მიატოვეს. VI–XI საუკუნეებში შედიოდა უელსური სამეფოების გლივისინგისა და მორგანუგის შემადგენლობაში. 1090-იან წლებში ნორმანდიელმა ბარონმა რობერტ ფიცჰამონმა რომაული სიმაგრეების ადგილას ციხესიმაგრე ააშენა, რომლის გარშემოც თანდათან ჩამოყალიბდა ქალაქი. 1536 წლიდან არის გლამორგანის საგრაფოს ცენტრი. 1542 წელს მიიღო ქალაქის პრივილეგიები. კარდიფის სწრაფი ზრდა დაიწყო XVIII საუკუნის მე-2 ნახევარში, ახლომდებარე ქვანახშირისა და რკინის საბადოების დამუშავებასთან დაკავშირებით. უელსის სხვა ქალაქებს 1798 წელს დაუკავშირდა არხით (სიგრძე 40 კმ), 1841 წელს — რკინიგზით. 1839 წლიდან მსხვილი პორტია (შემდგომში არაერთხელ გაფართოვდა, 1913 წლისთვის მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებდა გატანილი ქვანახშირის მიხედვით). XIX საუკუნეში განვითარდა ბაგირების წარმოება, გემთმშენებლობა, შავი მეტალურგია, ლუდის ხარშვა, საფქვავი და ცელულოზა-ქაღალდის წარმოება; ქალაქის მოსახლეობა გაიზარდა 27-ჯერ (6 ათასიდან 173 ათასამდე), ძირითადად მიგრანტთა ნაკადის ხარჯზე. ქალაქის სტატუსი მიიღო 1905 წელს. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო ქვანახშირით ვაჭრობის დაცემა (საბოლოოდ შეწყდა 1963 წელს), თუმცა კარდიფი უელსის უმსხვილეს ქალაქად დარჩა. 1922 წელს მის შემადგენლობაში მოექცა ქალაქი ლანდაფი (Llandaff) — ამავე სახელის საეპისკოპოსოს ცენტრი. 1955 წლიდან უელსის დედაქალაქია. 1999 წლიდან აქ მდებარეობს უელსის პარლამენტი (2020 წლამდე ეწოდებოდა უელსის ეროვნული ასამბლეა).[2]

კარდიფის მთავარი ციხესიმაგრე აგებულია 1090-იან წლებში. XI–XIII საუკუნეებში არაერთხელ გადაკეთდა და გამაგრდა, ვიქტორიანული ეკლექტიკის სტილში მისი რეკონსტრუქცია მოხდა XIX საუკუნის მე-2 ნახევარში (არქ. უ. ბერჯესი). ციხესიმაგრიდან 3 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით, ლანდაფში, მდებარეობს XII–XV საუკუნეების საკათედრო ტაძარი (გადაკეთდა XIX საუკუნეში; მოხატა გ. როსეტიმ, ვიტრაჟები უ. მორისისა, ქანდაკებები ჯ. ეპშტაინისა), იოანე ნათლისმცემლის ეკლესია (XV ს.). ქალაქის XIX საუკუნისა და XX საუკუნის 1-ელი ნახევრის არქიტექტურაში მრავლადაა წარმოდგენილი ვიქტორიანული ეკლექტიკა და ნეოკლასიციზმი. ციხესიმაგრიდან აღმოსავლეთით მდებარეობს ცენტრალური პარკი — კათეიზის პარკი (Cathays Park; 1924–1926 წლების დაგეგმარება), სადაც განლაგებულია სხვადასხვა შენობა: რატუშა (1904, არქ. ჰ. ლანჩესტერი), უნივერსიტეტი (1911–1916, არქ. პ. თომასი), მშვიდობისა და ჯანმრთელობის ტაძარი (1937–1939, პ. თომასი), პირველი მსოფლიო ომის მემორიალი (1924–1928, არქ. ნ. კომპერი). XX საუკუნის მე-2 ნახევრის შენობებს შორის არის უელსის მაღლივი ადმინისტრაციული შენობა (1977–1980, არქ. ა. გორდონი). XX საუკუნის შუა ხანებსა და მე-2 ნახევარში საერთაშორისო სტილში აშენდა ქალაქ-თანამგზავრი კუმბრანი (არქ. ჯ. უესტი).[2]

განათლება და კულტურა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარდიფში არის: კარდიფის უნივერსიტეტი (1883), უელსის უნივერსიტეტი (1893; მთავარი კორპუსი), უელსის უნივერსიტეტის ინსტიტუტი (1996). სამეცნიერო კვლევითი სამუშაოები ძირითადად წარმოებს უნივერსიტეტებთან არსებულ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში, ლაბორატორიებსა და ცენტრებში. უელსის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი შედის დიდი ბრიტანეთის დიდ სამეულში. ქალაქში ასევე მოქმედებს უელსის მუსიკისა და დრამის სამეფო კოლეჯი (კონსერვატორია; 1949). საგრაფოს საბიბლიოთეკო სისტემა აერთიანებს 19 ფილიალს, მ.შ. ცენტრალურ ბიბლიოთეკას (1862), უმაღლესი სასწავლებლებისა და მუზეუმების ბიბლიოთეკებს. მუზეუმები: უელსის ეროვნული მუზეუმი და გალერეა (1907), უელსური ცხოვრების მუზეუმი (1946, გაიხსნა 1948 წელს), უელსის სამეფო პოლკის მუზეუმი (1969), უელსის სამთო საქმის ეროვნული მუზეუმი „დიდი პიტი“ (1980), სახვითი ხელოვნების ცენტრი (1999). კარდიფშია ბაზირებული ბი-ბი-სის უელსის ეროვნული ორკესტრი (1935) და უელსის ეროვნული ოპერა (1943). ყოველწლიურად ღია ცის ქვეშ ტარდება კულტურის დიდი ფესტივალი (იკრიბება 200 ათას მაყურებელზე მეტი).[2]

კარდიფში ჩატარდა ბრიტანეთის თანამეგობრობის ქვეყნების თამაშები (1958), რაგბის (1991, 1999, 2007) და კრიკეტის მსოფლიო ჩემპიონატების (1999) მატჩები. სტადიონ „მილენიუმზე“ (დაახლ. 75 ათ. ადგილი) იმართება უელსის ფეხბურთისა და რაგბის ეროვნული ნაკრებების მატჩები. საფეხბურთო კლუბი „კარდიფ სიტი“ (სტადიონი „ნინიან პარკი“, 22 ათ. ადგილი) არის ინგლისის ასოციაციის თასის ფინალისტი (1925 და 2008) და გამარჯვებული (1927), უელსის თასის მფლობელი (22-ჯერ).[2]

მომსახურების სფერო

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარდიფი არის უელსის ეკონომიკური ცენტრი (მშპ-ის დაახლ. 20%). დასაქმებულთა დაახლ. 80% ჩართულია მომსახურების სფეროში (მ.შ. ადმინისტრაციული, საგანმანათლებლო და ჯანდაცვის დარგები — 30%; ვაჭრობა, სასტუმრო და სარესტორნო საქმე — დაახლ. 22%, საქმიანი და ფინანსური მომსახურებები — 17%, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა — 6%); დასაქმებულთა დაახლ. 40% ყოველდღიურად ჩადის სამუშაოდ სამხრეთ უელსის რაიონებიდან. კარდიფშია ბაზირებული მრავალი მასობრივი ინფორმაციის საშუალება, მ.შ. ტელეკომპანია და რადიოსადგური „ბი-ბი-სი უელსი“ და სხვ; გაზეთების (ეროვნული „უესტერნ მეილ“) და ჟურნალების („პრაიმერი ტაიმზ“) რედაქციები. ლონდონთან და ედინბურგთან ერთად არის დიდი ბრიტანეთის ტურიზმის ერთ-ერთი უმსხვილესი ცენტრი. ვაჭრობის განვითარების დონით შედის ბრიტანეთის წამყვანი ცენტრების ათეულში (სავაჭრო ცენტრი „St. David’s“ ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესია). საფინანსო-საბანკო სფეროში წარმოდგენილი არიან: Halifax Bank of Scotland (დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი), შვეიცარიული ფინანსური ჯგუფი „Zurich“, აგრეთვე „Cru Investment Management“ (ინვესტიციების მართვის ფირმა), ბანკი „ING Direct“, კომპანიები „Legal & General“ и „Admiral Insurance“ (სადაზღვევო საქმე) და სხვ. ინფორმატიკის სექტორი წარმოდგენილია მსხვილი კომპანიებით (BT, NTL, ATL Telecom, FIS-EU) და მცირე ადგილობრივი ფირმებით.[2]

მრეწველობაში დასაქმებულია ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დაახლ. 12%. წამყვანი დარგია მანქანათმშენებლობა (ძირითადად ელექტროტექნიკა და რადიოელექტრონიკა); მოქმედებს 150-მდე ფირმა, მ.შ. „Panasonic“ (კარდიფშია მისი ევროპის ოფისი), „NEG“, „AB Automotive Electronics“, „IQE“, „ATL Telecom“, „Renold Clutches & Couplings“ და სხვ. სხვა დარგებს შორის გამოიყოფა ენერგეტიკა (კომპანიები „British Gas“ и „SWALEC Energy“) და სხვადასხვა სახის კვების მრეწველობა (მ.შ. ლუდის წარმოება).[2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. https://web.archive.org/web/20180620101839/https://statswales.gov.wales/Catalogue/Population-and-Migration/Population/Estimates/Local-Authority/populationestimates-by-localauthority-year
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 Мереминский С. Г., Сокольский В. М. Кардифф // Большая российская энциклопедия. т. 13. — М., 2009. — стр. 123.