კარლოს II (ესპანეთი)
კარლოს II | |
---|---|
ესპანეთის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 17 სექტემბერი, 1665 |
მმართ. დასასრული: | 1 ნოემბერი, 1700 |
წინამორბედი: | ფილიპე IV |
მემკვიდრე: | ფილიპე V |
რეგენტი: |
მარიანა ავსტრიელი (1665-1675) |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 6 ნოემბერი, 1661 |
დაბ. ადგილი: | მადრიდი, ესპანეთი |
გარდ. თარიღი: | 1 ნოემბერი, 1700, (38 წლის) |
გარდ. ადგილი: | მადრიდი, ესპანეთი |
მეუღლე: |
მარია ლუიზა ორლეანელი (ქ. 1679 - გარდ. 1689) მარია ანა ნოიბურგელი (ქ. 1689) |
დინასტია: | ჰაბსბურგები |
მამა: | ფილიპე IV, ესპანეთის მეფე |
დედა: | მარიანა ავსტრიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ხელმოწერა: | |
კარლოს II (ესპ. Carlos II), მეტსახელად მოჯადოებული (ესპ. el Hechizado; დ. 6 ნოემბერი, 1661, მადრიდი, ესპანეთი ― გ. 1 ნოემბერი, 1700, მადრიდი, ესპანეთი) ― ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი უკანასკნელი მეფე ესპანეთისა, რომელიც მართავდა 1665-1700 წლებში. მეფე ფილიპე IV-ისა და დედოფალ მარიანა ავსტრიელის ძე. მისი მშობლების ახლონათესაური კავშირის გამო იგი მთელი ცხოვრება იტანჯებოდა მენტალური და ფიზიკური დაავადებებისაგან. მისი უმემკვიდრეოდ გარდაცვალების გამო დაიწყო ომი ესპანური მემკვიდრეობისათვის.
1665 წლიდან, როდესაც იგი გამეფდა, მთელი ევროპის მონარქთა ყურადღების ცენტრში მოექცა, ვინაიდან ცხადი იყო, რომ მემკვიდრე არ ეყოლებოდა. ისტორიკოსი ჯონ ლენჯონ-დეივისი წერდა: „არაფერი არ იქნება იმის თქმაზე უფრო მართალი, რომ მისი დასაწყისი მისივე დასასრული იყო. მისი დაბადების დღიდან ისინი მის გარდაცვალებას ელოდნენ“.
მან მაინც მოახერხა ორჯერ დაქორწინება, თუმცა შვილები არ ჰყოლია. როდესაც იგი გარდაიცვალა მისი მემკვიდრე მისი დის, დედოფალ მარია ტერეზასა და საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ის 16 წლის შვილიშვილი, ფილიპ ანჟუელი გახდა, რომლის ტახტზე ასვლის შემდეგაც ესპანეთში ჰაბსბურგთა დინასტია ბურბონებისამ შეცვალა.
პირადი დეტალები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კარლოსი დაიბადა 1661 წლის 6 ნოემბერს მადრიდის ალკასარის სამეფო სასახლეში. იგი იყო ესპანეთის მეფე ფილიპე IV-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ მარიანა ავსტრიელის ერთადერთი გადარჩენილი ვაჟი და, შესაბამისად, ტახტის პირველი მემკვიდრე. მისი დაბადებისას მამამისი უკვე 56 წლის იყო. მისი მშობლები ერთმანეთს ბიძა-დისწულად ერგებოდნენ, მათი შეუღლება კი მიზნად ისახავდა ესპანელი და ავსტრიელი ჰაბსბურგების კიდევ უფრო დანათესავებას.
მრავალი თავისი მოგვარის მსგავსად, კარლოსს დაბადებიდანვე ჰქონდა ე.წ. „ჰაბსბურგის ყბა“, რაც მკვეთრად წინ წამოწეულ ქვედა ყბას ნიშნავდა. თუმცაღა, სხვებისაგან განსხვავებით, მის შემთხვევაში ეს მეტად გამოკვეთილი იყო და ყბა წინ იმდენად იყო წაწეული, რომ ღეჭვისას ბილები ერთმანეთს ვერ ეხებოდა, რის გამოც იგი ყოველთვის ისეთ საკვებს იღებდა, რომელსაც ღეჭვა არ სჭირდებოდა. ამასთან ერთად, მისი მშობლების ახლონათესაური კავშირის გამო იგი სხვა მრავალი დაავადებითაც იტანჯებოდა. აღსანიშნავია, რომ მის უფროს და ერთადერთ ღვიძლ დას, ინფანტა მარგარიტა ტერეზას ჯანმრთელობის პრობლემები საერთოდ არ ჰქონია. მისი სიმპტომებიდან გამომდინარე, თანამედროვე მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს ყველაფერი გამოწვეული იყო კარლოსის სხეულში ჰიპოფიზის ჰორმონის კომბინირებული უკმარისობითა და თირკმლის დისტალური მილაკოვანი აციდოზით.
მიუხედავად ყველაფრისა, დღემდე მეცნიერები მის ფიზიკურ და მენტალურ დარღვევებს მისი მშობლების ახლონათესაური კავშირის შედეგს მიიშნევენ. 2019 წელს კიდევ ერთხელ ჩაუტარდა მის ყბას ანალიზი, შეადარეს რა იგი სხვა ჰაბსბურგთა ყბებსა და თავად კარლოსის პორტრეტებს და კიდევ ერთხელ დაასკვნეს,რომ ეს ყველაფერი მშობლების ნათესაობის გამო იყო. გაკვეთის დასკვნებით დადგინდა, რომ კარლოსს ჰიდროცეფალიაც ჰქონდა, დაბადებიდან მალევე კი მას ჰერპეტული ინფექციაც განუვითარდა.
ისტორიკოსმა არიენ დურანტმა კარლოსი დაახასიათა, როგორც „დაბალი, კოჭლი, ეპილეფსიური, დაჩაჩანაკებული და სრულიად მელოტი 35 წლამდე, მუდამ სიკვდილის პირას მყოფი, რომელმაც ქრისტიანულ სამყაროში არაერთი აურზაური გამოიწვია თავისი სიცოცხლის გაგრძელებით“. ექვსი წლის ასაკში კარლოსმა გადაიტანა წითელა, რუბეოლა, ყვავილი და ჩუტყვავილა. მკვეთრად გამოკვეთილი ჰაბსბურგის ყბის გამო მას არა მხოლოდ არ შეეძლო თავისუფლად ჭამა, არამედ მეტყველებაშიც ხელს უშლიდა, რის გამოც მან საუბარი ოთხ წლამდე ვერ დაიწყო. ამასთან, დედოფალი მარიანა დაჟინებით მოითხოვდა მისი, როგორც ჩვეულებრივი ბავშვის აღზრდას, ეზოში გაყვანასა და მისთვის განათლების მიცემას. მან სწავლა რვა წლის ასაკში დაიწყო და როგორც ცნობილია, ძალიან უჭირდა გონების დაძაბვა და კონცენტრირება. და მაინც, მიუხედავად ყველა იმ დაავადებისა, რომელთაგანაც კარლოსი იტანჯებოდა, მემატიანეები გვამცნობენ, რომ მას ძალიან უყვარდა ნადირობა.
გარდა ფიზიკურისა, არსებობს მოსაზრებები, რომ კარლოსი მენტალურადაც დაავადებული იყო. როგორც წესი, ამის დამამტკიცებელ საბუთად იმას იშველიებენ ხოლმე, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ კარლოსს მისი ცხედრის გვერდით ეძინა, თუმცა ცნობილია, რომ მან ეს არა თავისი სურვილით, არამედ დედის მოთხოვნით გააკეთა, რომელსაც მიაჩნდა, რომ მამისადმი გამოხატული ეს „ერთგულების ჟესტი“ მას მემკვიდრეობის მიღებაში დაეხმარებოდა.
მეფობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1665 წლის 17 სექტემბერს ფილიპე IV გარდაიცვალა და ვინაიდან მისი ერთადერთი ძე კარლოსი იყო, ახალი მეფე იგი გახდა კარლოს II-ის სახელით, თუმცა ამ დროს იგი ჯერ კიდევ მცირეწლოვანი იყო, რის გამოც სამეფო საბჭომ რეგენტად დედამისი, დედოფალი მარიანა დაუნიშნა. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისათვის ესპანეთი ჯერ კიდევ მსოფლიო დონის იმპერია და ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო იყო, ნიდერლანდებთან, საფრანგეთსა და ინგლისთან განცდილმა დიდმა მარცხებმა გამოიწვია მისი ეკონომიკურად შესუსტება და ამასთან ერთად მისი რეპუტაციის შერყევაც. ამას ემატებოდა კარლოსის დის, დედოფალ მარია ტერეზას ქმრის, საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ის ამბიციებიც, რომლებიც ძირითადად ესპანეთის კოლონიების ხარჯზე გაფართოვებას მოიცავდა. ამასვე დაერთო დედოფალ მარიანასა და ფილიპე IV-ის უკანონო ძეს, ხუან ხოსე ავსტრიელს შორის ძალაუფლებისათვის ბრძოლის დაწყება, რაც ისევდაისევ ესპანეთს აზიანებდა.
ასევე რთულად იდგა ადმინისტრაციული მოწყობის საქმეც, რადგანაც ესპანეთი თავისთავად კასტილიისა და არაგონის სამეფოების გაერთიანებას წარმოადგენდა, ისინი კი რადიკალურად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან ისტორიულ-კულტურული და ტრადიციული თვალსაზრისებით. ამასთან ერთად, სამეფო ხაზინა უზარმაზარი ხარჯების გამო გამუდმებით კოტრდებოდა. აღსანიშნავია, რომ ესპანეთის იმპერია მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში არაერთხელ გამოცხადდა გაკოტრებულად: 1557 წელს, 1575 წელს, 1598 წელს, აგრეთვე 1647, 1652, 1661 და 1666 წლებში.
აღსანიშნავია ისიც, რომ XVII საუკუნე მრავალი ევროპული სახელმწიფოსათვის აღმოჩნდა ეკონომიკური დაცემის დასაწყისი და ესპანეთი ამ საქმეში მარტო არ ყოფილა. და მაინც, ესპანური მონარქია გამძლე აღმოჩნდა და კარლოსის გარდაცვალების შემდეგაც კი, მიუხედავად დინასტიის ცვლილებისა, თითქმის ურყევად განაგრძო არსებობა.
დედოფალ-რეგენტი მარიანა გაჰყვა თავისი ქმრის მიერ შემოღებულ მმართველობის ფორმას და თავის პრემიერ-მინისტრად ხუან ევერარდო ნიტარდი დანიშნა. ვინაიდან იმ პერიოდში ხალხი ქალების მმართველობას სკეპტიკური თვალით უყურებდნენ, ეს დაეხმარა მარიანას თავისი ძალაუფლების შენარჩუნებასა და საქმეების ხარისხიანად შესრულებაში.
პორტუგალიის შემოერთებისა და საფრანგეთთან გამართულმა დევოლუციურმა ომებმა კარლოსის მმართველობის პერიოდში სამეფო ხელისუფლება აიძულა, რომ ქვეყანა ზედიზედ ორჯერ გამოეცხადებინათ გაკოტრებულად. საბოლოოდ, სამეფო ოჯახი იძულებულიც კი გახდა, რომ ხარჯები შეემცირებინა. 1668 წელს პორტუგალიასთან გაფორმებული ლისაბონისა და საფრანგეთთან დადებული ექს-ლა-შაპელის ხელშეკრულებებით ესპანეთმა ორივე მეზობელთან დაასრულა ომი. 1669 წლის თებერვალში ხუან ხოსემ აიძულა დედოფალი მარიანა, რომ ნიტარდი თანამდებობიდან მოეხსნა და მის ნაცვლად ფერნანდო დე ვალენსუელა დაენიშნა. 1675 წელს კარლოსი სრულწლოვანი გახდა და მარიანასაც რეგენტობა ჩამოერთვა, მაგრამ 1677 წლიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობამ ისე დაიწყო გაუარესება, რომ იმავე წელს მას რეგენტი კვლავ დაენიშნა, ოღონდ ამ ჯერად მისი ნახევარ-ძმა, ხუან ხოსე.
1672 წელს დაწყებულმა საფრანგეთ-ჰოლანდიის ომმა ესპანეთი კიდევ ერთხელ ჩაითრია საფრანგეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამის საჭიროება საფრანგეთსა და ჰოლანდიას შორის საბრძოლო პოლიგონად ქცეული ესპანური ნიდერლანდების დაცვის აუცილებლობამ წარმოშვა. 1678 წლიდან ხუან ხოსე ბრიუსელში გადავიდა, რათა ომი მარტივად დაესრულებინა. 1678 წელს ლუი XIV-სთან დადებული ნიმეგენის ხელშეკრულებით ესპანეთმა დათმო ფრანშ-კომტე და ესპანური ნიდერლანდების სამხრეთული მიწები. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, 1679 წელს ხუან ხოსემ მოახერხა და ფრანკო-ესპანური მშვიდობის აღსადგენად კარლოსი ლუის ძმისწულ მარია ლუიზაზე დააქორწინა. იმავე წელს ხუან ხოსე გარდაიცვალა და დედოფალმა მარიანამ რეგენტობა დაიბრუნა, თუმცა მისი გავლენები ამ დროს უკვე საგრძნობლად შემცირებული იყო.
1683-1684 წლებში საფრანგეთთან ომი განახლდა, რასაც მოჰყვა 1688 წელს ცხრაწლიან ომში ესპანეთის მხრიდან ფრანგების წინააღმდეგ ომში ჩართვა. ამ ამბიდან ერთ წელიწადში, 1689 წელს კარლოსის მეუღლე, დედოფალი მარია ლუიზა მოულოდნელად გარდაიცვალა. ექიმებმა დაადგინეს, რომ ამის მიზეზი აპენდიციტი გახდა. ამის შემდეგ მეფე კარლოსი სასწრაფოდ დააქორწინეს საღვთო რომის იმპერატორ ლეოპოლდ I-ის ცოლის დაზე, პრინცესა მარია ანა ნოიბურგელზე. მას შემდეგ, რაც 1696 წელს კარლოსის დედა, მარიანა ავსტრიელი გარდაიცვალა, კარლოსის დაღუპვამდე ქვეყანას რეგენტის სტატუსით სწორედ დედოფალი მარია ანა ნოიბურგელი მართავდა. აღსანიშნავია, რომ კარლოსს შვილი არცერთ ცოლთან არ ჰყავდა.
როდესაც ცხადი გახდა, რომ კარლოსს მემკვიდრე არასოდეს ეყოლებოდა, ევროპელ მონარქებში დავა დაიწყო, თუ ვის დარჩებოდა მდიდარი ესპანეთის ტახტი. ცხრაწლიან ომში მარცხმა ნათელი გახადა, რომ საფრანგეთი თავის პოზიციებს მარტივად ვეღარ დაიცავდა და ვერც თავის კანდიდატს გაამეფებდა იოლად. 1697 წელს ხელი მოეწერა რიისვიკის ხელშეკრულებას, რითაც ტახტის მემკვიდრედ კარლოსმა თავისი დის, საფრანგეთის დედოფალ მარია ტერეზას შვილიშვილი დაასახელა. ამ ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა იმპერატორმა ლეოპოლდმა და ეს საკითხი გადაუჭრელი დატოვა.
მემკვიდრის პრობლემა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხუან ხოსეს, როგორც რეგენტის ერთ-ერთ უკანასკნელ მოქმედებას წარმოადგენს კარლოსის პირველი ქორწინების მოწყობა. 1679 წლის 19 ნოემბერს კარლოს II-მ ცოლად შეირთო პრინცესა მარია ლუიზა ორლეანელი, საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ის ერთადერთი ძმის, ორლეანის ჰერცოგ ფილიპ I-ის უფროსი ქალიშვილი, რამაც ესპანეთს საფრანგეთთან მშვიდობა მოუტანა. აღსანიშნავია, რომ ქორწინებამდე საფრანგეთის ელჩმა კარლოსის ნახვისას ასეთი რამ დაწერა: „ის იმდენად მახინჯია, რომ შიშს იწვევს და ავადმყოფივით გამოიყურება“. აღსანიშნავია, რომ მემკვიდრის არყოლაში ყოველთვის დედოფალ მარია ლუიზას ადანაშაულებდნენ და უამრავი ხერხით ცდილობდნენ მის მკურნალობას, რამაც მის ჯანმრთელობაზე ცუდად იმოქმედა.
ესპანეთის სამეფო კარზე დიდ ხანს კამათობდნენ იმაზე, იყო თუ არა კარლოსი იმპოტენტი და თუ კი, რა იყო ამის მიზეზი. თავად მარია ლუიზას განცხადებების მიხედვით მეფე იმპოტენტი არ ყოფილა, თუმცა ნაადრევ ეაკულაციას განიცდიდა ხოლმე. ხშირად ამასაც მისი მშობლების ახლონათესაობას აბრალებენ, თუმცა სამეცნიერო კვლევებით დასტურდება, რომ ფერტილურობასთან სისხლის აღრევას კავშირი არ აქვს.
1689 წლის თებერვალში დედოფალი მარია ლუიზა 26 წლის ასაკში აპენდიციტით გარდაიცვალა. ვინაიდან კარლოსს მისგან შვილი არ დარჩენია, დედა-დედოფალმა მარიანამ სასწრაფოდ დაიწყო მოლაპარაკებები მისი მეორე ქორწინებისათვის. სულ მალე მეფე დაინიშნა გერმანელ პრინცესა მარია ანა ნოიბურგელზე, პფალცის კურფიურსტ ფილიპ ვილჰელმის ქალიშვილსა და საღვთო რომის იმპერატორ ლეოპოლდ I-ის დაზე. აღსანიშნავია, რომ მარია ანას დები: საღვთო რომის იმპერატრიცა ელეონორ მაგდალენა და პორტუგალიის დედოფალი მარია სოფია განსაკუთრებული ნაყოფიერებით გამოირჩეოდნენ, რამეთუ მათ ქორწინებიდან მალევე მეუღლეებს არაერთი ვაჟი გაუჩინეს და ესპანელები მიიჩნევდნენ, რომ მათი მესამე დაც ანალოგიურად იქნებოდა. თუმცაღა მეორე დედოფალმაც ვერ მოახერხა მემკვიდრის გაჩენა, რამეთუ ამ დროისათვის კარლოსი უკვე უძლური იყო. მისი სხეულის გამოკვლევებმა ცხადყო, რომ მას მხოლოდ ერთი და ისიც ატროფირებული სათესლე ჯირკვალი ჰქონდა.
ამის გამოაშკარავების შემდეგ ცხადი გახდა, რომ კარლოსს მემკვიდრე არ ეყოლებოდა, ამიტომაც ესპანეთის ტახტის მის დებზე: საფრანგეთის დედოფალ მარია ტერეზასა და საღვთო რომის იმპერატრიცა მარგარიტა ტერეზაზე გადადიოდა. ვინაიდან მარია ტერეზა ლუი XIV-ის ცოლი იყო, მარგარიტა ტერეზა კი ლეოპოლდ I-ისა, ორ მონარქს შორის ტახტისათვის ბრძოლა ჯერ კიდევ კარლოსის სიცოცხლეშივე დაიწყო. საქმე შემდეგნაირად იყო: ქორწინებისას მარია ტერეზამ ფრანგების პრეტენზიების თავიდან ასაცილებლად უარი თქვა თავის მემკვიდრეობაზე, სანაცვლოდ კი ესპანელები ლუის მზითვად 500,000 ლივრს დაჰპირდნენ, თუმცა იგი არასოდეს გადაუხდიათ, ამიტომაც ლუიმ ბათილად სცნო შეთანხმება და თავისი ცოლის სახელით გამოაცხადა ტახტზე პრეტენზია. იგი ამტკიცებდა, რომ ტახტი ბრაბანტული მემკვიდრეობის მიხედვით უნდა გადასულიყო, რის მიხედვითაც, მემკვიდრეობა მხოლოდ პირველი ცოლთან შეძენილ შვილებზე უნდა გადავიდეს, ასეთი კი ფილიპე IV-ის შვილებიდან მხოლოდ მარია ტერეზა იყო.
საქმე ის იყო, რომ კარლოსის ღვიძლი დის, მარგარიტა ტერეზას ერთადერთი შვილი, ერცჰერცოგინია მარია ანტონია დაქორწინებული იყო ბავარიის კურფიურსტზე და მისგან მასაც მხოლოდ ერთი შვილი, პრინცი იოზეფ ფერდინანდი ჰყავდა. დედოფალმა მარია ანამ დაარწმუნა თავისი ქმარი, მეფე კარლოსი, რომ მემკვიდრედ სწორედ განსვენებული მარგარიტა ტერეზას ერთადერთი შთამომავალი, ანუ იოზეფ ფერდინანდი გამოეცხადებინა. 1698 წელს დადებული ჰააგის ხელშეკრულებით იოზეფ ფერდინანდი გახდა ესპანეთის ტახტის მემკვიდრე, საფრანგეთი კი მას ესპანეთის მეფედ აღიარებდა ნეაპოლისა და სიცილიის, ასევე ბასკური პროვინციის, გიპუსკოას სანაცვლოდ. მისი მემკვიდრედ ცნობის სანაცვლოდ ასევე ავსტრია მიიღებდა მილანს, რათა უზრუნველეყო თავისი სამხრეთული საზღვრების უსაფრთხოება.
ჰააგის ხელშეკრულების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ კარლოსის გარდაცვალებისას იოზეფ ფერდინანდი მცირეწლოვანი იქნებოდა, რეგენტად დედოფალი მარია ანა უნდა დანიშნულიყო, რათა არ მომხდარიყო ესპანეთის საქმეებში საგარეო ძალების ჩარევა. თუმცაღა, 1699 წელს პრინცი იოზეფ ფერდინანდ ბავარიელი სრულიად მოულოდნელად და უშვილოდ გარდაიცვალა, რითაც მთელი წინამორბედი შეთანხმებები გაბათილდა.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვინაიდან მარგარიტა ტერეზას სხვა შთამომავალი არ დარჩენია, ესპანეთის ტახტის მემკვიდრე მარია ტერეზასა და ლუი XIV-ის უფროსი ძე, დოფინი ლუი გახდა, თუმცაღა ესპანეთში ფრანგი მეფის დანახვა არცერთ ევროპელ მონარქს სურდა, ამიტომაც დაიწყო ახალი მოლაპარაკებები. ინგლისელები და ჰოლანდიელები ავსტრიელთა წაქეზებით ცდილობდნენ ლუი დაეთანხმებინათ იმაზე, რომ უარი ეთქვა მემკვიდრეობაზე, სანაცვლოდ კი სავოიას მისცემდნენ, ოღონდ ტახტი ლეოპოლდის ძეს, ერცჰერცოგ კარლს დარჩებოდა. თუმცაღა, თავად ესპანურ არისტოკრატიას არ მოსწონდა ავსტრიელი ერცჰერცოგის გამეფების იდეა და ისინი დამოუკიდებლობის შენარჩუნების იდეას უფრო მეტად ფრანგი დოფინის გამეფების შემთხვევაში ხედავდნენ. 1700 წლის სექტემბრიდან კარლოს II კიდევ უფრო დაავადდა. 28 სექტემბრიდან მას დამოუკიდებლად ჭამა აღარ შეეძლო, ამიტომაც ისარგებლეს ესპანელმა დიდებულებმა და კარლოსს ანდერძი შეაცვლევინეს. ამის მიხედვით ტახტი დარჩებოდა დოფინი ლუის უმცროს ძეს, ანჟუს ჰერცოგ ფილიპეს. საბოლოოდ კარლოს II 1700 წლის 1 ნოემბერს, 38 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალებიდან მეთექვსმეტე დღეს ანჟუს ჰერცოგი ესპანეთის მეფე ფილიპე V-დ გამოცხადდა, მალევე ეს ავსტრიელებმაც გააპროტესტეს, რასაც 1701 წელს მოჰყვა ესპანური მემკვიდრეობის ომის დაწყება. ომი 1714 წელს დასრულდა შემდეგი შედეგით: ესპანეთის მეფედ დარჩა ფილიპე V, სანაცვლოდ სარდინია გადაეცა სავოიას, გიბრალტარი და მაიორკა ინგლისს, მილანი, ნეაპოლი, სიცილია და ნიდერლანდები კი ავსტრიას.
კარლოსის გარდაცვალების შემდეგ ექიმებმა მისი სხეული გაკვეთეს, მონაცემები კი ასეთი იყო: „არ ჰქონდა არცერთი წვეთი სისხლი. გული წიწილის ზომის იყო. ფილტვები კოროზირებული. ნაწლავები დამპალი და დაზიანებული. ჰქონდა მხოლოდ ერთი სათესლე ჯირკვალი, ნახშირივით შავი და წყლით სავსე“. გარდა მშობლების ნათესაური კავშირისა და ჰიდროცეფალიისა, ივარაუდება, რომ მას მრავალი გართულება ბავშვობაში გადატანილმა სახადების სერიამ დაუტოვა.
ჰერალდიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წინაპრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წინაპრები - კარლოს II (ესპანეთი) |
---|
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Alvarez, Gonzalo; Ceballos, Francisco; Celsa, Quintero (2009). "The Role of Inbreeding in the Extinction of a European Royal Dynasty". PLOS ONE. 4 (4): e5174. Bibcode:2009PLoSO...4.5174A. doi:10.1371/journal.pone.0005174. PMC 2664480. PMID 19367331.
- Barton, Simon (2009). A History of Spain. Palgrave Macmillan. ISBN 978-0230200111.
- Bittles, AH, Grant JC (2002). "Does inbreeding lead to decreased human fertility?". Human Biology. 29 (2): 111–130. doi:10.1080/03014460110075657. PMID 11874619. S2CID 31317976.
- Callaway, Ewen (19 April 2013). "Inbred Royals Show Traces of Natural Selection". Nature News. doi:10.1038/nature.2013.12837. S2CID 87959487.
- Calvo, Poyato J (1998). La vida y la época de Carlos II el Hechizado (in Spanish). Planeta. ISBN 978-8408026150.
- Cowans, Jon (2003). Modern Spain: A Documentary History. U. of Pennsylvania Press. ISBN 0-8122-1846-9.
- De Vries, Jan (2009). "The Economic Crisis of the 17th Century". Journal of Interdisciplinary Studies. 40 (2).
- Dhondt, Frederik (2016). From Contract to Treaty: the Legal Transformation of the Spanish Succession (1659-1713) (PDF). Legal History Institute, Ghent University.
- Dunford, Martin, Lee, Phil (1999). Rough Guide to Belgium & Luxembourg. Rough Guides. ISBN 9781858288710.
- Durant, Ariel; Durant, Will (1935). The Story of Civilization: The age of Louis XIV, 1648-1715 (2015 ed.). Simon and Schuster.
- Falkner, James (2015). The War of the Spanish Succession 1701–1714. Pen and Sword. ISBN 978-1-4738-7290-5.
- García-Escudero López, Ángel; Arruza Echevarría, A; Padilla Nieva, Jaime; Puig Giró, Ramon (2009). "Charles II; from spell to genitourinary pathology". History of Urology. 62 (3).
- Gargantilla, P (2005). Enfermedades de los reyes de España. Los Austrias : de la locura de Juana a la impotencia de Carlos II el Hechizado (in Spanish). La Esfera De Los Libros S.L. ISBN 978-8497343381.
- Hargreaves-Mawdsley, HN (1979). Eighteenth-Century Spain 1700–1788: A Political, Diplomatic and Institutional History. Macmillan. ISBN 0-333-14612-3.
- Horne, Alistair (2005). La Belle France. Alfred A. Knopf. ISBN 978-1400041404.
- Kamen, Henry (1965). The Spanish Inquisition: A Historical Revision. Yale University Press. ISBN 0300180519.
- Kamen, Henry (2001). Philip V of Spain: The King who Reigned Twice. Yale University Press. ISBN 0-300-08718-7.
- Landers, Jane (1984). "Spanish Sanctuary: Fugitives in Florida, 1687-1790". Florida Historical Quarterly. 62 (3): 296–313. JSTOR 30146288.
- Langdon-Davies, John (1963). Carlos; the King Who Would Not Die. Prentice Hall. ASIN B0006AYR3A.
- McKay, Derek; Scott, HM (1983). The Rise of the Great Powers 1648–1815 (The Modern European State System). Routledge. ISBN 0-582-48554-1.
- Meerts, Paul Willem (2014). Diplomatic negotiation: Essence and Evolution. http://hdl.handle.net/1887/29596: Leiden University dissertation.
- Mitchell, Sylvia Z (2013). Mariana of Austria and Imperial Spain: Court, Dynastic, and International Politics in Seventeenth- Century Europe. University of Miami PHD.
- Rule, John (2017). Onnekink, David; Mijers, Esther (eds.). The Partition Treaties, 1698-1700; A European View in Redefining William III: The Impact of the King-Stadholder in International Context. Routledge. ISBN 978-1138257962.
- Rommelse, Gijs (2011). Ideology and Foreign Policy in Early Modern Europe (1650–1750). Routledge. ISBN 978-1409419136.
- Storrs, Christopher (2006). The Resilience of the Spanish Monarchy 1665-1700. OUP Oxford. ISBN 0199246378.
- Turliuc, MD, Cucu, AI (2019). "Hydrocephalus of King Charles II of Spain, the Bewitched King". European Neurology. 81 (1–2): 76–78. doi:10.1159/000500719. PMID 31112979.
- Vilas, Román (2019). ""Habsburg Jaw" Facial Deformity in Royal Dynasty Linked to Inbreeding". Annals of Human Biology. 46 (7–8): 553–561. doi:10.1080/03014460.2019.1687752. PMID 31786955. S2CID 208536371.
- Ward, William; Leathes, Stanley (2010) [First published 1912]. The Cambridge Modern History. Nabu. ISBN 978-1-174-38205-5.
- Wolf, John B (1968). Louis XIV. Norton & Co. ISBN 978-0575000889.
|
|
|
|
|
|