შინაარსზე გადასვლა

მარია გელდერნელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარია გელდერნელი
შოტლანდიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 3 ივლისი, 1449
მმართ. დასასრული: 3 აგვისტო, 1460
წინამორბედი: ჯოან ბეფორტი
მემკვიდრე: მარგარეტ დანიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1434
დაბ. ადგილი: გრავი, ნიდერლანდები
გარდ. თარიღი: 1 დეკემბერი, 1463, (28-29 წლის)
გარდ. ადგილი: როქსბურგი, შოტლანდია
დაკრძ. ადგილი: ჰოლირუდის სააბატო, ედინბურგი, შოტლანდია
მეუღლე: ჯეიმზ II, შოტლანდიის მეფე
შვილები: ჯეიმზ III, შოტლანდიის მეფე
ალექსანდრე, ალბანის ჰერცოგი
დავიდი, მორაის ერლი
ჯონი, მარის ერლი
მარგარეტი
მერი, არანის გრაფინია
დინასტია: ეგმონდები
მამა: არნოლდი, გელდერნის ჰერცოგი
დედა: კათარინა კლეველი
რელიგია: კათოლიციზმი

მარია გელდერნელი (გერმ. Maria von Geldern, ნიდერლ. Maria van Gelre, შოტლ. Mary o Guelders; დ. 1434 — გ. 1 დეკემბერი, 1463) — ეგმონდთა დინასტიის წარმომადგენელი. შოტლანდიის დედოფალი 1449-1460 წლებში როგორც ჯეიმზ II-ის მეუღლე. თავისი ვაჟის, შოტლანდიის მეფე ჯეიმზ III-ის რეგენტი 1460-63 წლებში.

მარია დაიბადა 1434 წელს ნიდერლანდებში, ქალაქ გრავში. იგი იყო გელდერნის ჰერცოგ არნოლდ ეგმონდისა და მისი მეუღლის, კათარინა კლეველის ასული. მარია ბურგუნდიის ჰერცოგ ფილიპ III კეთილს დის შვილიშვილად ერგებოდა.

ბურგუნდიის სამეფო კარზე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად იგეგმებოდა მარიას მითხოვება ბურგუნდიის ჰერცოგ ფილიპ III-ისა და მისი მესამე ცოლის, ისაბელ პორტუგალიელის ერთადერთ ვაჟზე, შაროლუას გრაფ შარლ დე ვალუაზე. ამ მიზნით შარლი და მარია დანიშნეს კიდევაც, რის გამოც მარია მამამისმა ბურგუნდიის სამეფო კარზე გააგზავნა, სადაც იგი იზრდებოდა, იღებდა განათლებას და ემზადებოდა გათხოვებისთვის. ცნობილია, რომ ისაბელ პორტუგალიელი მასზე დიდად იხარჯებოდა. მიუხედავად ამისა, ბურგუნდიის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ თავიანთი ერთადერთი ვაჟის მასზე დაქორწინება გადაიფიქრეს და ნიშნობა ჩაშალეს. მალევე მარიას მშობლებმა მისი შოტლანდიაში გათხოვებისთვის დაიწყეს მზადება, თუმცა იგი კვლავ ბურგუნდიაში რჩებოდა. მეტიც, იგი დაესწრო შარლის ახალი საცოლის, საფრანგეთის მეფე შარლ VII-ის ასულ კატრინ დე ვალუას ბურგუნდიის სამეფო კარზე ჩამოსვლას. ფილიპ III-მ პირობა დადო, რომ გამგზავრებამდე მარიას საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფდა. მალე ბურგუნდიაში შოტლანდიის ელჩი უილიამ კრიშტონი ჩავიდა, რომელმაც მარია შოტლანდიაში, თავის მომავალ მეუღლესთან ჩაიყვანა.

შოტლანდიის დედოფალი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია შოტლანდიაში 1449 წლის ივნისში ჩავიდა, სადაც მას ადგილობრივი დიდგვაროვნები დახვდნენ, რომლებმაც იგი ედინბურგში ჩაიყვანეს და ჰოლირუდის სამეფო სასახლეში მიიყვანეს. ამის შემდეგ დიდი სამეფო ქორწილისათვის დაიწყო მზადება. 1449 წლის 3 ივლისს წმინდა პატრიკის სააბატოში მარია გელდერნელი და ჯეიმზ II დაქორწინდნენ. ამავდროულად მოხდა მარიას შოტლანდიის დედოფლად კორონაცია.

საზეიმო ბანკეტზე მეფემ თავის ახალ დედოფალს უამრავი საჩუქარი მიართვა. აღსანიშნავია, რომ ამ ცერემონიალზე მარიას გელდერნის საჰერცოგოს გერბ ამოქარგული კაბა ემოსა, თავზე კი შოტლანდიის სადედოფლო გვირგვინი ედგა.

დედოფლად გახდომისთანავე მარიამ უამრავი სასახლე და ადგილ-მამული მიიღო, რითაც ჯეიმზმა მისადმი კეთილგანწყობა და თავისი სიმდიდრე დაანახა. 1454 წლის მაისში ჯეიმზმა ბლასკნესის ციხესიმაგრეს შემოარტყა ალყა, სადაც მეამბოხე დიდგვაროვნები იყვნენ გამაგრებულები. საბოლოოდ მეფემ გაიმარჯვა, აღებული ციხესიმაგრე კი მარიას აჩუქა. აღსანიშნავია, რომ დედოფალმა დააარსა ედინბურგის პირველი ჰოსპიტალი და ასევე დიდად მფარველობდა ფრანცისკელთა კათოლიკური ორდენის წარმომადგენლებს.

შოტლანდიის რეგენტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1460 წელს, ჯეიმზ II-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მათი ცხრა წლის ვაჟი, ჯეიმზ III ავიდა, რომლის რეგენტიც მარია გელდერნელი გახდა. აღსანიშნავია, რომ მარია აქტიურად ერეოდა მეზობელ ინგლისში მიმდინარე ვარდების ომში, სადაც იგი ლანკასტერების მხარეს იჭერდა. შოტლანდიელი მემატიანე გვამცნობს, რომ რეგენტი საკმაოდ წინ დახედულად მოქმედებდა. იგი ლანკასტერებსა და მათ მომხრეებს ამარაგებდა, რათა ომი რაც შეიძლება დიდხანს გაწელილიყო და ინგლისელებს შოტლანდიელებისათვის ვერ მოეცალათ.

მიუხედავად იმისა, რომ თავად ჯეიმზ II ინგლისელებს ვერ იტანდა და მთელი ცხოვრება მტრობდა მას, მარიამ მათთან დაახლოვება დაიწყო. აღსანიშნავია, რომ როდესაც 1461 წელს ედუარდ IV იორკელმა დაამხო ჰენრი VI ლანკასტერი და ტყვედ ჩაიგდო იგი, მისმა ცოლმა, დედოფალმა მარგარიტა ანჟუელმა თავის ვაჟთან ერთად თავშესაფარი შოტლანდიის რეგენტისაგან მიიღო. მარია გელდერნელმა დიდი პატივით მიიღო მარგარიტა და მისი ვაჟი, პრინცი ედუარდ უესტმინსტერელი და ისინი საკუთარ სასახლეში დააბინავა.

მარიას საგარეო პოლიტიკა ძირითადად დედოფალ მარგარიტასთვის სამხედრო დახმარების გაწევასა და როგორმე ინგლისის ტახტზე ლანკასტერების დაბრუნებაზე იყო მორგებული. მარიამ რამდენჯერმე გააგზავნა ინგლისში შოტლანდიური ჯარები მარგარიტას სარდლობით, თუმცა ყოველთვის იორკები იმარჯვებდნენ. თავიანთი კავშირის გასამყარებლად, 1461 წელს მარიამ თავისი ქალიშვილი, პრინცესა მარგარეტი დედოფალ მარგარიტას ვაჟზე, პრინც ედუარდზე დანიშნა. სამეფო კარის ქრონიკების თანახმად, ნიშნობის შემდეგ მარიამ მარგარიტას ინგლის-შოტლანდიის სასაზღვრო ქალაქ ბერვიკის მისთვის დათმობა სთხოვა, რაზეც უარი მიიღო.

უარის შემდეგ ორ დედოფალს შორის ურთიერთობები კატასტროფულად დაიძაბა. მარია გელდერნელმა მაშინვე ჩაშალა ნიშნობა და ქვეყნიდან გააძევა მარგარიტა თავის ვაჟთან ერთად, რომელმაც თავი საფრანგეთს შეაფარა. ამის შემდეგ მარია დაუმეგობრდა ინგლისის მეფე ედუარდ IV-სა და მის მოკავშირეს, ბურგუნდიის ჰერცოგ ფილიპ III-ს. ამრიგად ინგლისი, შოტლანდია და ბურგუნდია მარგარიტა ანჟუელისა და ლანკასტერების წინააღმდეგ დაირაზმა, რის გამოც იგი იძულებული გახდა საფრანგეთის მეფე ლუი XI-ისათვის ამ ომში დახმარება ეთხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო.

ედუარდ IV ცდილობდა საბოლოოდ გადაემტერებინა მარია მარგარიტასთვის, რასაც საბოლოოდ მიაღწია კიდეც. 1462 წელს შოტლანდიის სამეფომ უკვე ოფიციალურად აღიარა იორკთა დინასტია ინგლისის სუვერენულ მმართველებად. მალე მარიამ ედუარდთან და ფილიპთან ერთად მარგარიტასა და ლუის წინააღმდეგ ომისათვის დაიწყო მზადება, რის გამოც იგი შოტლანდიის საზღვართან ჩავიდა და იქ რავენსკრაიგის ციხესიმაგრის მშენებლობა დაიწყო, რომლის დასრულებასაც ვერ მოესწრო. 1463 წლის 1 დეკემბერს მარია გელდერნელი გარდაიცვალა, 28-29 წლის ასაკში. იგი დაკრძალეს ედინბურგში, ჰოლირუდის სააბატოში.

  1. მკვდარშობილი ვაჟი (1450);
  2. ჯეიმზ III (1451-1488), შოტლანდიის მეფე, ცოლად შეირთო მარგარეტ დანიელი, რომელთანაც შეეძინა სამი ვაჟი;
  3. მერი (1453-1488), პირველად იქორწინა არანის ერლ თომას ბოიდზე, მისი გარდაცვალების შემდეგ კი მეორედ ჯეიმზ ჰამილტონზე, რომელთანაც შეეძინა ერთი ვაჟი;
  4. ალექსანდრე (1454-1485), ალბანის ჰერცოგი, პირველად იქორწინა ლედი ქეთრინ სინკლერზე, მისი დაღუპვის შემდეგ კი ანა ოვერნელზე, რომელთანაც შეეძინა ოთხი შვილი;
  5. მარგარეტი (1455-?), ცოლად გაჰყვა კრიშტონის ლორდ უილიამ კრიშტონს, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  6. დავიდი (1456-1457), მორაის ერლი, დაიღუპა ჩვილობაში;
  7. ჯონი (1459-1479), მარის ერლი, გარდაიცვალა დაუოჯახებელი;