შინაარსზე გადასვლა

მარგარეტ დანიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარგარეტ დანიელი
შოტლანდიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: ივლისი 1469
მმართ. დასასრული: 14 ივლისი 1486
წინამორბედი: მარია გელდერნელი
მემკვიდრე: მარგარეტ ინგლისელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 23 ივნისი 1456
გარდ. თარიღი: 14 ივლისი 1486 (30 წლის)
მეუღლე: ჯეიმზ III, შოტლანდიის მეფე
შვილები: ჯეიმზ IV, შოტლანდიის მეფე
ჯეიმზი, როსის ჰერცოგი
ჯონი, მარის ერლი
დინასტია: ოლდენბურგები
მამა: კრისტიან I, დანიის მეფე
დედა: დოროთეა ბრანდენბურგელი
რელიგია: კათოლიციზმი

მარგარეტ დანიელი (დან. Margret af Danmark; შოტლ. Mairead Danmhairg; დ. 23 ივნისი, 1456, დანია — გ. 14 ივლისი, 1486, შოტლანდია) — ოლდენბურგების დინასტიის წარმომადგენელი. დანიის, ნორვეგიისა და შვედეთის მეფე კრისტიან I-ისა და მისი ცოლის, დოროთეა ბრანდენბურგელის მეორე შვილი. შოტლანდიის დედოფალი 1469-1486 წლებში როგორც ჯეიმზ III-ის მეუღლე. შოტლანდიის მეფე ჯეიმზ IV-ის დედა.

მარგარეტი დაიბადა 1456 წლის 23 ივნისს, დანიის, ნორვეგიისა და შვედეთის მეფე კრისტიან I-ისა და მისი ცოლის, დედოფალ დოროთეა ბრანდენბურგელის ოჯახში. მისი ბავშვობის შესახებ არსებული ცნობები მწირია. იგი მხოლოდ 4 წლის იყო როდესაც შოტლანდიის ტახტის მემკვიდრე, ჯეიმზ სტიუარტზე დანიშნეს.[1] საფრანგეთის მეფე შარლ VII ვალუამ მათი ქორწინება დააჩქარა. ისინი 1469 წლის ივლისში, ჰოლირუდის სასახლეში დაქორწინდნენ. სწორედ ამ დროს მარგარეტი შოტლანდიის დედოფალი გახდა, 13 წლის ასაკში. მას დანიის სამეფო კარმა იმდენი სიმდიდრე გაატანა მზითვებში, რომ შოტლანდიამ ყველა საგარეო ვალი გაისტუმრა.[2][2] თუმცა 1472 წელს ორკნის ჰერცოგი აჯანყდა და სამეფო ხელისუფლებას რამდენიმე სასახლე და კუნძული წაართვა.

დედოფალი მარგარეტი დაინტერესებული იყო ტანსაცმელებითა და სამკაულებით, ასევე ცნობილია, რომ მარგარეტს ყოველთვის ბოლო მოდის და გემოვნებიანი კაბები ეცვა[3]. მან ასევე თავის უფროს ვაჟს, ტახტის მემკვიდრე ჯეიმზს დანიურ ენაზე ლაპარაკი ასწავლა. მან შოტლანდიელ ხალხში დიდი სიმპათია დაიმსახურა, შოტლანდიელები თავიანთ დედოფალს აღწერდნენ როგორც ლამაზ, ნაზ და მგრძნობიარე ქალს. [4]

მარგარეტსა და ჯეიმზ III-ს ქორწინებაში საშინელი ურთიერთობა ჰქონდათ. როგორც ცნობილია, მარგარეტს ქმარი არ უყვარდა, თუმცა ასევე ცნობილია, რომ იგი ჯეიმზს ყოველთვის დიდი მოწიწებითა და პატივისცემით ეპყრობოდა.[3] თუმცა მათ შორის ხშირი უთანხმოების მიზეზი სწორედ მათივე მეორე ვაჟი იყო, რომელიც მარგარეტის ფავორიტი შვილი იყო და რომელსაც მამის ადგილის დაკავება სურდა.[3] 1476 წელს ჯეიმზ III-მ შვილის სამეფო კარიდან შორს გასაგზავნად გადაწყვიტა ის როსის ჰერცოგად ეკურთხებინა, თუმცა როსის იმჟამინდელმა ჰერცოგმა ჯეიმზ მაკდონალდმა მათ წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა შოტლანდიის პარლამენტში.[3] თუმცა, მარგარეტის მოთხოვნითა და წვრილი ინტრიგების წყალობით ჯეიმზ მაკდონალდის წინადადება პარლამენტმა არ დააკმაყოფილა.[3] 1482 წელს ჯეიმზ III-ს თავისმა მეამბოხე ძმამ რამდენიმე თვით ძალაუფლება ჩამოართვა, ამ დროს მარგარეტი თავისი ვაჟების ინტერესებსა და კეთილდღეობაზე უფრო ზრუნავდა ვიდრე ქმრისაზე, რამაც მასსა და მის მეუღლეს შორის ურთიერთობა დაძაბა. დედოფალი ინტრიგების ხლართვით ცდილობდა ქმრის ძალაუფლების აღდგენას, რაც გამოუვიდა კიდეც.[3] 1482 წლის კრიზისის შემდეგ მარგარეტსა და ჯეიმზს შორის ურთიერთობა საბოლოოდ გაფუჭდა, ჯეიმზი ედინბურგში ცხოვრობდა, ხოლო მარგარეტი ვაჟებთან ერთად სტირლინგში გადავიდა. [3]

მარგარეტი 1486 წლის 14 ივლისს სტირლინგის სასახლეში გარდაიცვალა. ჯეიმზ III-მ მარგარეტის ცხედარი კამბუსკენთის ბაზილიკაში დაკრძალა[5], თუმცა შემდეგ საუკუნეებში არსებული შიდა ომების დროს ბაზილიკა დაინგრა. 1865 წელს დედოფალმა ვიქტორიამ ბაზილიკა აღადგენინა და მარგარეტის კუბოც შეარემონტებინათ. [6]

მარგარეტის ვაჟი როსის ჰერცოგი ჯეიმზი ამტკიცებდა, რომ ის მათმა მტერმა, ბოთუელის ლორდმა მოწამლა.[4] თუმცა ლორდს ბრალდება ვერ დაუმტკიცეს. თუმცა დედოფალს გარდაცვალებამდე კრუნჩხვები და ციებ-ცხელება ჰქონდა რაც შესაძლოა ნამდვილად საწამლავის ბრალი იყო. [4]

გავრცელებული ინფორმაციით ჯეიმზ III მწარედ გლოვობდა მარგარეტს. მან რომის პაპთან ლეგატიც გაგზავნა და მარგარეტი წმინდანად შეარაცხინა.

  1. https://thefreelancehistorywriter.com/2012/12/04/margaret-of-denmark-queen-of-scots/ The Freelance History Writer. 2012-12-04. Retrieved 2017-09-15
  2. 2.0 2.1 https://thefreelancehistorywriter.com/2012/12/04/margaret-of-denmark-queen-of-scots/ The Freelance History Writer. 2012-12-04. Retrieved 2017-09-15
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 Elizabeth Ewan, Sue Innes and Sian Reynolds: The Biographical Dictionary of Scottish Women
  4. 4.0 4.1 4.2 http://runeberg.org/dbl/11/0123.html Runeberg.org. Retrieved 2011-01-05.
  5. https://en.wikipedia.org/wiki/Margaret_of_Denmark,_Queen_of_Scotland#CITEREFHenderson1893
  6. Grave inscription of King James III