შინაარსზე გადასვლა

მეტამორფოზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მეტამორფოზი
კალიის მეტამორფოზი

მეტამორფოზი (ბერძ. μεταμόρφωσις — გარდაქმნა) — რისიმე ერთი ფორმის სხვა ფორმად გარდაქმნა, გადაქცევა.

მცენარის მეტამორფოზი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მცენარეთა ძირითადი ორგანოების სახეცვლილება, რომელიც დაკავშირებულია ამ ორგანოთა ფუნქციების შეცვლასთან.

მეტამორფოზი მიმდინარეობს ონტოგენეზში და გამოიხატება ორგანოთა ევოლუციურ პროცეში გამომუშავებული და განმტკიცებული ცვლილებებით. მეტამორფოზი დამახასიათებელია მცენარის ვეგეტატიური ორგანოსათვის.

ფართოდაა ცნობილი ყლორტისა და ფოთლის მეტამორფოზი. ტიპობრივი ყლორტის მეტამორფოზი გვხვდება მშრალი გარემოს მცენარეებში. მაგალითად, ღეროსუკულენტების ხორცოვანი ღერო გადაქცეულია ხოლმე წყლის დამაგროვებელ და მაფოტოსინთეზირებელ ორგანოდ. ყლორტის მეტამორფოზია აგრეთვე კუნელის დატოტვილი ეკლები, მარწყვის პწკალები, ფოთლის მეტამორფოზია კოწახურის ეკლები, პარკოსანთა ულვაშები და სხვა. უმეტეს შემთხვევაში მეტამორფოზს განიცდის მცენარეთა ორგანოების ჩანასახები.

ცხოველის მეტამორფოზი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორგანიზმის გარდაქმნა პოსტემბრიონული განვითარების პერიოდში. მეტამორფოზი დაკავშირებულია საარსებო პირობებისა და ცხოვრების ნირის მკვეთრ ცვლილებებთან ონტოგენეზში. მეტამორფოზი ხდება მხოლოდ არაპირდაპირი ანუ ლარვული განვითარებისას და გამოიხატება ლარვის გარდაქმნაში ცხოველის საბოლოო ფორმად. ლარვა სრულასაკოვანი ცხოველებისაგან განსხვავდება თავისი ფუნქციებით და აგებულებით, რაც დროებითი ორგანოებისა და ნაწილების განვითარებით ვლინდება. მეტამორფოზის დროს ეს ორგანოები იცვლება საბოლოო (დეფინიტური) ორგანოებით, რაც უფრო ხშირად თანდათანობით ხდება. ზოგჯერ მოკლე დროში ხდება და თანაც ყველა ნაწილის მეტნაკლებად ერთდროულად და მკვეთრად გარდაქმნით (კატასტროფული მეტამორფოზი). ზოგჯერ კი თითქმის ყველა ქსოვილის სრული დაშლით (ნეკრობიოზული მეტამორფოზი). მაგალითად, უმაღლესი მწერების (ბუზები, პეპლები, ხოჭოები) ე.წ. სრული გარდაქცევისას (ჰოლომეტაბოლია) ჭუპრის სტადიაზე იშლება თითქმის ყველა ორგანო, ახალი ორგანოები კი არადიფერენცირებული უჯრედების გროვებიდან ვითარდება.

ზოგჯერ ერთი და იმავე ცხოველის ონტეგენეზში რამდენიმე ლარვული ფორმაა და, შესაბამისად, მეტამორფოზიც რამდენიმეჯერ ხდება (ჰიპერმეტამორფოზი). ზოგი ცხოველის ლარვას გამრავლების უნარი აქვს; ზოგჯერ კი ლარვა მეტამორფოზს აღარ განიცდის, იზრდება და განაყოფიერებით მრავლდება, რასაც ნეოტენია ეწოდება.

არაპირდაპირი განვითარება და, შესაბამისად, მეტამორფოზიც უმეტესად პირველადია, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც იგი წარმოიქმნება პირდაპირი (ულარვო) განვითარებიდან.