მონპელიე (ფრანგ.Montpellier) — ქალაქი სამხრეთ საფრანგეთში. 2006 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 251 634 ადამიანს, საშუალოდ ქალაქში მცხოვრებთა სიმჭიდროვე შეადგენს 4424 ადამიანს კმ²-ზე. დასახლებული პუნქტის ფართობია 56,88 კმ². მონპელიე 750 კილომეტრითაა დაცილებული ქვეყნის დედაქალაქ პარიზს. მონპელიე არის ლანგედოკი-რუსილონის რეგიონის და ეროს დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქი გაშენებულია ხმელთაშუა ზღვის სანაპიროსთან, მდინარე ლეზის ნაპირებზე, ლიონის ყურის მახლობლად.
მონპელიე აღმოცენდა VIII საუკუნეში. XI-XIII საუკუნეებში დიდი ეკონომიკური და სავაჭრო ცენტრი იყო. 1204 წლიდან მოიპოვა საქალაქო თვითმმართველობა. ამავე წლიდან შედიოდა არაგონის სამეფოს, ხოლო 1246 წლიდან მალიორკის სამეფოს შემადგენლობაში. სახელი გაითქვა თავისი სამედიცინო სკოლით. 1289 წელს აქ დაარსდა უნივერსიტეტი. 1349 წელს შეუერთდა საფრანგეთის სამეფო დომენს. რელიგიური ომების დროს წარმოადგენდა ჰუგენოტების საყრდენს. XVII საუკუნეში გახდა ლანგედოკის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი, ხოლო XVIII საუკუნის ბოლოდან ერის დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი.