შინაარსზე გადასვლა

ოსტპოლიტიკა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოსტპოლიტიკაგერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის (გფრ) საგარეო პოლიტიკის მიმართულება, რომელიც 1960-იანი წლების მიწურულს კანცლერმა ვილი ბრანდტმა წამოიწყო. პოლიტიკა მოიცავდა აღმოსავლეთის მიმართულებით საბჭოთა კავშირთან და კომუნისტური ბლოკის ქვეყნებთან ურთიერთობების გადატვირთვას და მათთან ვაჭრობის დაწყებას. საბჭოთა კავშირთან შეთანხმება 1970 წელს გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, მხარეებმა უარი თქვეს ძალის გამოყენებაზე, მათ შორის პოლონეთის მიმართაც; ამასთანავე, გფრ-მ აღიარა 1945 წლის ოდერ-ნაისეს ხაზის აღმოსავლეთ ნაწილის გერმანიის ტერიტორიული დანაკარგები. ოსტპოლიტიკა მომდევნო კანცლერმა, ჰელმუთ შმიდტმა გააგრძელა.

1969 წელს, როდესაც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის (გფრ) არჩევნებში სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ (SPD) გაიმარჯვა და ქვეყნის პრეზიდენტის პოსტიც ამ პარტიის წარმომადგენელმა, გუსტავ ჰაინემანმა დაიკავა, დასავლეთ გერმანიამ პირველად შეიცვალა ხელისუფლება. ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) და ქრისტიან -სოციალური ერთობის (CSU) ალიანსის ოცწლიანი პოლიტიკური დომინაცია, სოციალ-დემოკრატებისა და თავისუფალი დემოკრატების (FDP) კოალიციამ ჩაანაცვლა. ქვეყნის კანცლერი სოციალ-დემოკრატი ვილი ბრანდტი, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრი თავისუფალი დემოკრატი ვალტერ შეელი გახდა. გფრ-ის სოციალ-ლიბერალურმა კოალიციამ ქვეყნის შიგნით რიგი რეფორმები განახორციელეს, თუმცა მათი მთავარი შემოქმედება აღმოსავლეთ გერმანიასთან და აღმოსვალეთ ევროპის კომუნისტურ ქვეყნებთან ურთიერთობის ცვლილება გახდა. დასავლურ ალიანსთან მოკავშირეობის შენარჩუნებასთან ერთად, გფრ-ის ახალმა ხელისუფლებამ რადიკალური, თამამი „აღმოსავლური პოლიტიკა“, იგივე ოსტპოლიტიკა წამოიწყო. მანამდე დასავლეთ გერმანია უარს აცხადებდა აღმოსავლეთ გერმანიის, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის (გდრ) აღიარებაზე. გფრ-ის კანცლერის კონრად ადენაუერის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვალტერ ჰალშტაინის დოქტრინის მიხედვით, გფრ-ს გაწყვეტილი ჰქონდა დიპლომატიური ურთიერთობები იმ ქვეყნებთან, რომლებიც გდრ-ს აღიარებდნენ, გარდა საბჭოთა კავშირისა. ხელისუფლებაში ახალი დუეტის, ბრანდტი-შეელის მოსვლით ამ პოლიტიკამ მიმართულება რადიკალურად შეიცვალა და აღმოსავლეთ გერმანისათან პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყო ორ გერმანიას შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. ოსტპოლიტიკის შეთანხმებები ოსტპოლიტიკის ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი ხელშეკურლება გაფორმდა დასაველთ გერმანიასა და კომუნისტური ბლოკის ქვეყნებს შორის.

  • 1969 წლის 28 ნოემბერს გფრ-მ და საბჭოთა კავშირმა ხელი მოაწერეს ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულებას, რამაც პრაქტიკული სათავე დაუდო ოსტპოლიტიკას;
  • 1970 წლის 12 აგვისტოს, საბჭოთა კავშირსა და გფრ-ს შორის გაფორმდა მოსკოვის ხელშეკურლება, რომელის მიხედვითაც, მხარეებმა გამოთქვეს ურთიერთობების ნორმალიზების სურვილი, რათა მშვიდობის შესანარჩუნებლად გაეგრძელებინათ თანამშრომლობა. მხარეებმა უარი თქვეს ურთიერთობაში ძალის გამოყენებაზე და აღიარეს მეორე მსოფლიო ომის შემდგომი საზღვრები, რითაც გერმანიის უკიდურესი აღმოსავლეთ საზღვარი ოდერ-ნაისეს ხაზი დამტკიცდა;
  • 1970 წლის 7 დეკემბერს გფრ-სა და პოლონეთს შორის გაფორმდა ვარშავის ხელშეკურლება, რითაც მხარეებმა უარი თქვეს ძალის გამოყენებაზე და ოფიციალურმა ბონმა, უკვე ვარშავის მიმართ აღიარა ოდერ-ნაისეს ხაზი გერმანიისა და პოლონეთის ოფიციალურ საზღვრად. პოლონეთს ამ კუთხით მიაჩნდა, რომ ადრე თუ გვიან გერმანია მის აღმოსავლეთ ნაწილზე, რომელიც უკვე პოლონეთის შემადგენლობაში იყო, პრეტენზიას განაცხადებდა. აღნიშნული შეთანხმება პოლონეთის პერსპექტივით საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში კერზონის ხაზს მიღმა არსებული ტერიტორიების ერთგვარი კომპენსაცია იყო. 1990 წლის 14 ნოემბერს გერმანიის რეუნიფიკაციის შემდეგ, ვარშავის შეთანხმების დამადასტურებელ კიდევ ერთ დოკუმეტს - გერმანია-პოლონეთის სასაზღვრო ხელშეკურლებას მოეწერა ხელი;
  • 1972 წლის 26 მაისს ხელი მოეწერა სატრანზიტო შეთანხმებას, რის მიხედვითაც, გფრ-ის მოქალაქეებს, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ ბერლინში ვიზიტის შესაძლებლობა მიეცათ. საპასუხოდ კი, აღმოსავლეთ გერმანელებს დასავლეთ გერმანიაში გადასვლა შეეძლებოდათ;
  • 1972 წლის 3 ივნისის ოთხი ძალის ხელშეკრურლება, იგივე ბერლინის შეთანხმება სატრანზიტო შეთანხმების გაგრძელებას წარმოადგენდა, რითაც აღმოსავლეთ და დასავლეთ ბერლინის სტატუსები და მათ შორის ურთიერთობა დარეგულირდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს ოთხი საერთაშორისო აქტორის საგარეო საქმეთა მინისტრებმა: ალეკ დუგლას-ჰოუმი (დიდი ბრიტანეთი), ანდრეი გრომიკო (საბჭოთა კავშირი), მაურის შუმანი (საფრანგეთი), უილიამ როჯერსი (აშშ);

შეთანხებაზე მუშაობა დასაწყისში გართულდა, რადგან დასავლური ძალები და საბჭოთა კავშირი „ბერლინის სტატუსის“ ინტერპრეტაციაზე ვერ თანხმდებოდნენ. მოლაპარაკებებში ოფიციალური მოსკოვი ორ მნიშვნელოვან დათმობაზე წავიდა: მიმოსვლა დასაველთ გერმანიასა და დასავლეთ ბერლინს შორის მომავალში არ შეფერხდებოდა, რითაც მოხდა გფრ-ისა და დასავლეთ ბერლინს შორის კავშირის დე-ფაქტო აღიარება. მაგრამ საბჭოთა კავშირი ამტკიცებდა, რომ დასავლეთ ბერლინი გფრ-ის ტერიტორია არ იყო და არ შეიძლებოდა მისი ოფიციალური ბონის მმართველობაში გადასვლა.

  • 1972 წლის 21 დეკემბერს გაფორმდა ოსტპოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი - ძირითადი ხელშეკრულება, რომელიც ძალაში 1973 წლის ივნისში შევიდა. ბრანდტი-შეელის კაბინეტის მიერ აღმოსავლეთ გერმანიასთან გაფომრებული ძირითადი ხელშეკრულებით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ახალ საფეხურზე გადავიდა. ხელშეკრულების მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთს პატივს სცემდნენ და აღიარებდნენ მათ დამოუკიდებლობასა და ხელისუფლებებს. ამასთანავე, დასავლეთ გერმანიამ უარი თქვა მის მანამდელ პოლიტიკაზე, რითაც საერთაშორისო არენაზე მხოლოდ ის წარმოდგებოდა გერმანელი ხალხის ერთადერთ ლეგიტიმურ წარმომადგენლად. მხარეები შეთანხმდნენ „მუდმივი მისიების“ გაცვლაზე, რაც სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობების დაწყებას გულისხმობდა.

ოსთპოლიტიკას დასავლეთ გერმანიაში ქრისტიან-დემოკრატებისგან წინააღმდეგობა შეხვდა. ისინი მიიჩნევდნენ, რომ ეს იყო დანებება, რითაც გერმანია საბოლოოდ კარგავდა 1945 წლამდე მის შემადგენლობაში არსებულ აღმოსავლურ ტერიტორიებს. ქრისტაინ-დემოკრატების წინააღმდეგობა გამოიხატა აღმოსავლეთ გერმანიის, როგორც დიქტატორული რეჟიმის აღიარების მიმართ, სადაც თავისუფალი არჩევნები არ ტარდებოდა, ნარჩუნდებოდა ბერლინის კედელი და დასავლეთ ბერლინში გადამსვლელთა მსურველებისთვის სასაზღვრო პოლიციას უფლება ჰქონდა ესროლა. შედეგად, ქრისტიან-დემოკრატების მთავარი დაპირება 1972 წლის არჩევნებში ძირითადი ხელშეკურლების გაუქმება იყო. თუმცა ამ არჩევნებში გერმანელმა ამომრჩეველმა საკუთარი მანდატი კვლავ ბრანდტის მთავრობას გადასცა, სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ თავისუფალ-დემოკრატებთან ერთად ბუნდესტაგში პოზიციები გაიმყარეს. ძირითად ხელშეკრულებას 1972 წლის მიწურულს მოეწერა ხელი, ხოლო მომდევნო წელს ორივე გერმანია გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ (გაერო) საკუთარ წევრებად მიიღო. ოსტპოლიტიკის მიმართ ამერიკულ პოლიტიკურ წრეებში ხშირად წუხილი გამოითქმოდა, რომ ამ ნაბიჯით კომუნისტური ქვეყნების ლეგიტიმაცია მოხდა და მათზე დასავლური დემოკრატიების წნეხი შესუსტდა. თუმცა აშშ-ის პრეზიდენტის, რიჩარდ ნიქსონის ადმინისტრაცია გფრ-ს მხარს უჭერდა აღმოსავლეთ გერმანიასთან დაძაბულობის შესუსტებაში. ორი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრები, ჰენრი კისინჯერი და ჰელმუთ ზონენფელდტი მუდმივად აკვირდებოდნენ გფრ-სა და გდრ-ს შორის ურთიერთობების განვითარების პროცესს, რათა ამერიკული ინტერესი არ დაზიანებულიყო საბჭოთა კავშირის სასარგებლოდ. კისინჯერი გფრ-ის სურვილს დაახლოებოდა აღმოსავლეთ გერმანიას ლეგიტიმურად თვლიდა. მას მიაჩნდა, რომ აშშ-ის მხირდან ნებისმიერ საწინააღმდეგო ჩარევას შეიძლება გაეღრმავებინა სკეპსისი დასავლური ალიანსის მიმართ. იგი ეგონ ბარს შეპირდა, რომ აშშ-ის დამოკიდებულება გფრ-ის მიმართ იქნებოდა პარტნიორული და არა კლიენტელისტური. ბარის ინიციატივით, კისინჯერთან ფარული არხით ოსტპოლიტიკაზე ისე მიმდინარეობდა თანამშროლობა, რომ აშშ-ის სახლემწიფო დეპარტამენტი საქმის კურსში არ ყოფილა. თუმცა უკვე მოაგვიანებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთი სადაზვერვო რეპორტი ოსტპოლიტიკას აფასებდა და მის მიმართ ოპტიმისტურ ანალიზს ავლენდა.

ოსტპოლიტიკის მთავარი შემოქმედები ჰელმუთ შმიდტი და ეგონ ბარი იყვნენ, რომელთაც უდიდესი გავლენა იქონიეს გფრ-ის საგარეო პოლიტიკაზე. ეგონ ბარი იყო თავად ოსტპოლიტიკის იდეური არქიტექტორი, ხოლო შმიდტმა უკვე საკუთარი კანცლერობისას ამ პოლიტიკის ინსტიტუციონალიზაცია მოხდინა.

ბარისა და შმიდტის მიდგომა პერსონალურ დიპლომატიას პერსონალური არხების ჩამოყალიბებით ეფუძნებოდა. როდესაც შმიდტი კანცლერი გახდა, მან ეგონ ბარს ოფიციალურად დაავალა საბჭოთა კავშირთან საიდუმლო ხაზის შენარჩუნება, რომელიც მათ ჯერ კიდევ 1969 წელს შექმნეს. შმიდტისა და ლეონიდ ბრეჟნევის ურთიერთობა პროდუქტიული იყო მოწინააღმდეგე ბანაკებში ყოფნის მიუხედავად. მათ შექმნეს პარტნიორობა უსაფრთხოებისთვის, მაშინ როცა ცივი ომის სამხედრო და პოლიტიკური კრიზისი მიმდინარეობდა. შმიდტის მიზანი იყო, რომ საბჭოთა კავშირთან სავაჭრო, ინდუსტრიული და ტექნოლოგიური ურთიერთობები გაეღრმავებინა 20-30 წლის პერსპექტივაში, რაც საბჭოთა კავშირს ევროპულ მომწოდებლებზე დამოკიდებულს გახდიდა, შესაბამისად, გაიზრდებოდა დასავლური გავლენა კომუნისტურ ბანაკზე. ამ პოლიტიკის შედეგი გახდა 1978 წელს საბჭოთა კავშირსა და გფრ-ს შორის ფართო ეკონომიკური და ინდუსტრიული თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმებას. ოსტპოლიტიკის შედეგები ძირითადი ხელშეკრულებით აღმოსავლეთ გერმანიამ ბევრი სარგებელი მიიღო. მას შემდეგ, რაც იგი დასავლეთ გერმანიამ აღიარა, მსგავსი ნაბიჯი სხვა დასავლურმა დემოკრატიებმა გადადგეს. შედეგად, აღმოსავლეთ გერმანიის საერთაშორისო ასპარეზზე აღიარება და მიღება მოხდა, რისთვისაც ის მანამდე იღწვოდა. ეკონომიკური კუთხით აღმოსავლეთ გერმანიამ მიიღო კრედიტები და გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა დასავლეთ გერმანიასთან. შემოსავლების მხრივ, გდრ გფრ-ისგან დასავლეთ გერმანელების მიერ დასავლეთ ბერლინში მოსახვედრად აღმოსავლეთ გერმანიის ავტომაგისტრალების გამოყენების გადასახადს ყოველწლიურად იღებდა, ასევე გამომსასყიდებს აღმოსავლეთ გერმანიაში დაკავებული პოლიტიკური პატიმრების გასათავისუფლებლად. მიუდევადად იმისა, რომ აღმოსავლეთ გერმანია ყოველწლიურად პროდუქტიულობის მაღალ ზრდას აფიქსირებდა, რეალობაში ორ გერმანიას შორის სხვაობა თანდათანობით ღრმავდებოდა. ექსპორტზე ორიენტირებული ინდუსტრიული წარმოების გაზრდის სანაცვლოდ, გდრ-ის ხელისუფლებას შიდა ინფრასტრუქტურის განახლებას ვერ ახერხებდა, რაც აისახა გზებზე, რკინიგზასა და სხვადასხვა შენობებზე. ნარჩუნდებოდა მანამდე არსებული საბინაო დეფიციტიც. მომხამარებელს რიგი პროდუქტების, მაგალითად ავტომობილის შესაძენად ლოდინი უწევდა. ამ უკანასკნელის წარმოება კვალვ ძველი მეთოდით ხდებოდა, რამაც მნიშვნელოვნად გაზრდა დასავლური და აღმოსავლური გერმანული ავტომობილების ხარისხს შორის სხვაობა.

გდრ-ს დასავლეთ გერმანულმა აღიარებამ საფრთხეებიც მოუტანა. ძირითადი ხელშეკურლებით გათვალისწინებული გაიოლებული მიმოსვლით, გაიზარდა დასავლეთ გერმანელების კონტაქტების რაოდენობა დასავლეთ ბერლინში. დივერსიული საქმიანობების ალბათობის შესამცირებლად, აღმოსავლეთ გერმანიამ თანდათან დაიწყო დასავლელი ვიზიტორებისთვის ვიზის საფასურის გაზრდა. წლების განმავლობაში გდრ-მა ორ მილიონამდე მოქალაქე „საიდუმლოს მატარებლებად“ ჩათვალა და აუკრძალა პერსონალური კონაქტები დასავლეთ გერმანელებთან. გდრ-ის ხელისუფლებამ გააძლიერა იდეოლოგიური კონტროლი ხელოვანებზე, ინტელექტუალებზე, ზოგი მათგანი დააპატიმრეს, ზოგს მოქალაქეობა ჩამოართვეს და დასავლეთ გერმანიაში გაუშვეს. საკუთარი განსხვავებულობის გასამყარებლად, გდრ-მა 1974 წელს კონსტიტუციაში ცვლილება შეიტანა, სადაც ტერმინი „გერმანიის“ გამოყენების ნაცვლად უპირატესობა მის სოციალისტურ ბუნებას ენიჭებოდა და ამით ხაზი ესმებოდა მის ურყევ კავშირს საბჭოთა კავშირთან.

1974 წელს ვილი ბრანდტი გადადგა, მას შემდეგ რაც გამჟავნდა, რომ მისი ერთ-ერთი მრჩეველი აღმოსავლეთ გერმანიის დაზვერვასთან თანამშრომლობდა. ბრანდტის მემკვიდრე სოციალ-დემოკრატი ჰელმუთ შმიდტი გახდა, რომელმაც გააგრძელა სოციალ-დემოკრატებისა და თავისუფალი-დემოკრატების კოალიცია. 1974 წელს გფრ-ის პრეზიდენტი ვალტერ შეელი გახდა, ხოლო მისი პოსტი, მისსავე თანაპარტიელმა ჰანს-დიტრიხ გენშერმა დაიკავა. გამომდინარე იქიდან, რომ თავისუფალი-დემოკრატები ეკონომიკაში სახელმწიფოს როლის შემცირებას ითხოვდნენ, სოციალ-დემოკრატიული პარტია კეთილდღეობის სახელმწიფოს განმტკიცების პოლიტიკაში მნიშვნელოვან წინსვლას ვერ ახორციელებდა. 1976 წლის არჩევნებში ორივე პარტიამ დაკარგა მხარდაჭერა, თუმცა შეინარჩუნებს საპარლამენტო უმრავლესობა, ხოლო ოთხი წლის შემდგომ არჩევნებში კვლავ გაიმყარეს პოზიციები.

1982 წელს სოციალ-ლიბერალური კოალიცია დაიშალა, როდესაც თავისუფალმა-დემოკრატებმა კოალიცია დატოვეს და ახალი ალიანსი შექმნეს ქრისტიან-დემოკრატებთან. ახალი კანცლერი ვეტერანი ქრისტიან-დემოკრატი ჰელმუტ კოლი გახდა, რომელმაც ლეგიტიმაციის გასამყარებლად 1983 წელს ახალი არჩევნები დანიშნა. არჩევნების შედეგად, ქრისტიან-დემოკრატებთა მხარდაჭერა გაიზარდა, ხოლო თავისუფალმა-დემოკრატებმა დაკარგეს, რადგან მათი მხადაჭერთა ნაწილი სოციალ-დემოკრატებთან კოალიციას ამჯობინებდა. ელექტორატის ამ ნაწილმა ახალ, ეკოლოგიურ საკითხებზე ორიენტირებულ მწვანეთა პარტიას დაუჭირა მხარი, რომელიც მომდევნო წლებში შევიდა ბუნდესტაგში.

აღმოსავლეთ გერმანიის მმართველი სოციალისტური პარტია დასავლეთ გერმანიისგან კიდევ უფრო მეტს მოითხოვდა. როდესაც 1981 წელს აღმოსავლეთ გერმანიას კანცლერი შმიდტი ეწვია, მას გდრ-ის ლიდერმა ერიხ ჰონეკერმა უთხრა, რომ დასავლეთ გერმანელები აღმოსავლელებს კვლავ უცხოელებად აღიქვამდნენ. ამისდა მიუხედავად, შმიდტმა შეწყვიტა აღმოსავლეთ გერმანიიდან დასავლეთში გადასული პირებისთვის ავტომატურად გფრ-ის მოქალაქეობის გაცემა. საპასუხოდ, გდრ-მა, შმიდტის ვიზიტის შემდეგ, საკუთარი მოქალაქეებისთვის დასავლეთში ვიზიტი გააადვილა.

1986 წლისთვის, აღმოსავლეთ გერმანიიდან დასავლეთს ყოველწლიურად 250 000 გერმანელი სტუმრობდა. ამ დროისთვის, ოჯახის მხოლოდ ერთ წევრს ჰქონდა მსგავსი ვიზიტით სარგებლობის უფლება. მაგრამ გდრ-ის ხელისუფლებამ მალევე დაიწყო სხვა უკმაყოფილო მოქალაქეებისთვის ამ უფლების გაცემა დასავლეთში ემიგრირებისთვის. ამგვარ დათმობების პასუხად, გფრ-ის მსხვილი ბანკებიდან გდრ-მა სესხები მიიღო. 1987 წელს, რამდენჯერმე გადადების შემდეგ, ერიკ ჰონეკერი ოფიციალური ვიზიტით ბონს ეწვია, სადაც ჰელმუთ კოლი მას სახელმწიფო მიღებებით დახვდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ დასავლეთ გერმანია აღმოსავლეთ გერმანიის პერმანენტულ არსებობას თანხმდებოდა. გფრ-სა და გდრ-ს შორის მიმოსვლის აღდგენამ აღმოსავლეთში არა კმაყოფილება, არამედ წინააღმდეგობა წარმოქმნა გდრ-ის მმართველობის მიმართ. ახალგაზრდა აღმოსავლეთ გერმანელები, რომლებიც დასავლეთს სტუმრობდნენ, ხედავდნენ უკეთესი ცხოვრების სტანდარტს და მაღალი ხარისხის წარმოებულ პროდუქციას ვიდრე ეს გდრ-ში იყო. მიმოსვლის ინტენსიფიკაციასთან ერთად თანდათან გამყოფი საფორტიფიკაციო ნაგებობები და განსაკუთრებით ბერლინის კედელი, არქაულ სახეს იძენდა. ახალგაზრდა თაობაში პროტესტს აღვივებდა გდრ-ში მოძველებული ინდუსტრიული წარმოება და მისგან ბუნებაზე მიყენებული ზიანიც, რამაც ეკოლოგიურ მოძრაობებს დაუდო დასაბამი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ოსტპოლიტიკა“-დან