შინაარსზე გადასვლა

საქართველოს გუბერნია

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საქართველოს გუბერნია
გუბერნია

12 სექტემბერი 18011 იანვარი 1841

საქართველოს გუბერნიის რუკა 1801 წ.
დედაქალაქი ტფილისი

საქართველოს გუბერნია (რუს. Грузинская губерния) — რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული 1801-1840 წლებში. ადმინისტრაციული ცენტრი — ტფილისი.

ქართლ-კახეთის სამეფოს ტერიტორია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1762 წლამდე ქართლ-კახეთის სამეფოს ტერიტორია წარმოადგენდა ორ, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ ქართლისა და კახეთის სამეფოებს. როდესაც ქართლის მეფე თეიმურაზ II წავიდა რუსეთის იმპერიაში, აღნიშნული ორი სამეფო გაერთიანდა კახეთის მეფის — ერეკლე II-ის ხელმძღვანელობის ქვეშ.

როგორც ლაზარევის მიერ კ. კნორინგის მიმართ 1801 წლის 24 იანვრის წერილიდან ირკვევა, ქართლ-კახეთის სამეფოს კონტროლირებად ტერიტორიას საზღვრავდა ჩრდილოეთით კავკასიონი, დასავლეთით — იმერეთის სამეფო და ახალციხის საფაშო, სამხრეთით — ყარსის საფაშო მდინარე არაქსზე, ერევნის სახანო სევანის ტბაზე, აღმოსავლეთით — განჯის სახანო მდინარე ჯაგორზე, მდინარე ალაზანი ჭარის ლეზგური ტომებისაგან[1].

იმავე, მაგრამ ქართლ-კახეთის კიდევ უფრო დაკონკრეტებულ საზღვრებს ვხვდებით „1801 წლის ცნობა საქართველოს შესახებ“. ერეკლე მეფის დროს საქართველოს საზღვრები შეადგენდა: იმერეთთან — ხეფინისხევის ბერთიულის ტყემდე; ახალციხესთან — თავქარავანას წითელ საყდრამდე და აღბაბამდე; ყარსამდე — მდინარე არპაჩაიმდე; ერევნამდე — გოკჩის ტბამდე; განჯამდე — მდინარე ჯაგირამდე; ოსეთის მხარეს — ბელაქანსა და დანგაზამდე[2].

რუსეთის მიერ უშუალოდ შემოერთებული ქართლისა და კახეთის სამეფოები შემდეგნაირად იყო დაყოფილი: ქართლი შედგებოდა ზემო და შიდა ქართლისაგან, სომხითისაგან (თრიალეთი და ბორჩალო), ყაზახი, შამშადილი, ბამბაკი, შულავერი. ზემო ქართლში იყო ქალაქები სურამი და ცხინვალი; ქვემო ქართლში — ტფილისი (დედაქალაქი), მცხეთა, გორი, დუშეთი, ახალგორი; სომხითში — ლორი, ბორჩალო, ბირთვისი, ქვეში, ქალაგირი და ჭაპალა. კახეთში იყო ქალაქები: სიღნაღი, კარაგაჩი, თელავი და ბოჭორმა[3]

XVIII საუკუნის ბოლოს მდგომარებით, ქართლ-კახეთის სამეფოს რუკები და მისი აღწერა შექმნილი აქვთ, შესაბამისად, ვახუშტი და იოანე ბატონიშვილებს.

რუსეთის ეგერთა პოლკის ტფილისში შესვლა. 1799 წელი

1799 წლის 27 ნოემბერს, ერეკლე მეფის მოთხოვნით ქართლ-კახეთის სამეფოში დარიალიდან შემოვიდა პირველი რუსული რაზმი — ეგერთა მე-17 პოლკი, გენერალ-მაიორის ი. პ. ლაზარევის მეთაურობით.

1800 წლის ივნისში სპარსეთის შაჰმა ბაბა-ხანმა, გიორგი მეფეს მოსთხოვა გაეგზავნა მასთან მძევლად მისი უფროსი ვაჟი — დავით ბატონიშვილი, წინააღმდეგ შემთხვევაში ერევნის სახანოს საზღვართან განლაგებული ჯარი აბაზ-მირზას მეთაურობით შემოიჭრებოდა ქართლ-კახეთის სამეფოში. სიტუაციას ასევე ართულებდა ისიც, რომ ერეკლე II-ის გარდაცვალების შემდეგ ქართლ-კახეთის სამეფოს ნაწილი, განსაკუთრებით კი ალექსანდრე ბატონიშვილი არ იზიარებდა რუსეთთან შეერთების პოლიტიკას და იბრძოდნენ სამეფოს აღსადგენად.

1800 წლის 18 ნოემბერს შედგა ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიაში შესვლის მანიფესტი. 1801 წლის 16 თებერვალს თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში ანტონ კათალიკოსმა გადაიხადა სამადლობელი პარაკლისი, ხოლო დასასრულს დამსწრე საზოგადოების წინაშე წაკითხულ იქნა აღნიშნული მანიფესტი. 17 თებერვალს, კვირა დღეს, აღნიშნული მანიფესტი წაკითხულ იქნა თბილისის ვანქის სომხურ საკათედრო ტაძარშიც, რომელსაც დაესწრო სრულიად სომხეთის პატრიარქი იოსებ არღუთინსკი-დოლგორუკოვი.

ქართლ-კახეთის სამეფოს მხოლოდ ნაწილზე, რომელზედაც რუსეთმა 1801 წლის მდგომარეობით შესძლო კონტროლი დაემყარებინა შედიოდა დვალეთი, ხევი, მთიულეთი, ფშავ-ხევსურეთი, თუშეთი, შიდა ქართლი, თრიალეთი, სომხითი, კახეთი (მტკვარ-ალაზნის შესართავამდე და ჭარ-ბელაქანის რაიონის გამოკლებით), ასევე ყაზახისა, ბორჩალოს, შამშადილის ყოფილი სახანოები, რომლებსაც მეფის მოურავები განაგებდნენ.

პირველად, 1801 წლის 6 მარტს ყოფილი ქართლ-კახეთის სამეფოს მიწებზე ფორმირდა რუსეთის იმპერიის ახალი ტერიტორიული ერთეული საქართველოს გუბერნია, რომელიც თავის მხრივ დაიყო ორ პროვინციად: ქართლისა და კახეთისა. მათ შორის გამყოფად აღებული იქნა მდინარე იორი. გუბერნიისა და ქართლის პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრად არჩეულ იქნა ტფილისი, ხოლო კახეთის პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრად — თელავი.

საქართველოს გუბერნიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა რვა ოკრუგად[4]:

  • ქართლის პროვინცია
    • ტფილისის ოკრუგი (ტფილისი);
    • დუშეთის ოკრუგი (დუშეთი);
    • გორის ოკრუგი (გორი);
    • სურამის ოკრუგი (სურამი);
    • ლორის ოკრუგი (ლორე);
    • ყაიყულის ოკრუგი (ყაიყული).
  • კახეთის პროვინცია
    • თელავის ოკრუგი (თელავი);
    • სიღნაღის ოკრუგი (სიღნაღი).

1801 წლის 12 მარტს რუსეთის იმპერატორი გახდა ალექსანდრე I, რომელმაც დაიწყო მერყეობა ქართლ-კახეთის სამეფოს მიერთებასთან დაკავშირებით. კ. კნორინგმა, მისი უშუალო ჩართულობით დაარწმუნა რუსეთის უმაღლესი ხელისუფლება, რომ სამეფოს შეერთება რუსეთთან ისევ და ისევ იქ არსებული მოსახლეობის ინტერესს ემსახურებოდა.

1801 წლის 12 სექტემბერს რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე I-ის მანიფესტის გამოცხადებისთანავე მოხდა საქართველოს გუბერნიის რეორგანიზება[კ 1].

საქართველოს გუბერნიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა ხუთ მაზრად[5]:

1838 წლის მდგომარეობით 5 მაზრის პარალელურად ირიცხებოდა 4 დისტანცია (ყაზახის, შამშადილის, ბორჩალოს და ბომბორი-შურაღელის დისტანციები) და 3 უბანი (თუშეთის, ფშავის და ხევსურეთის)[6].

1802 წლის 25 ოქტომბრის ლაზარევის კნორინგის მიმართ რაპორტიდან ირკვევა, რომ იმ შემთხვევაში თუ ალექსანდრე ბატონიშვილი გაბედავდა და განჯის სახანოდან შამშადილზე შეტევის განხორციელებას, საქართველოს პროვინცია — შამშადილში დისლოცირებული მე-17 ეგერთა ბატალიონი თავისუფლად შესძლებდა თავდასხმის მოგერიებას[7].

1803 წლის 23 ოქტომბერს უმაღლესი დადგენილებით გადაწყდა საქართველოს გუბერნიის ოთხ ადგილას შექმნილიყო საბაჟო პუნქტები. ესენი იყო: იმერეთთან — სურამი, ახალციხესა და ჯავახეთთან — წალკის ციხე, განჯის სახანოსთან — შამშადილი და ქალაქ ერევნის მოპირდაპირედ — მეოთხე საბაჟო[8].

1807 წლის 29 ნოემბერს გადაწყდა, 1803 წელს დადგენილ საბაჟო პუნქტებზე დამატებოდა კიდევ ხუთ-ხუთი კაცი[9].

1812 წლის 16 მაისის რუსეთ-ოსმალეთის ბუქარესტის საზავო ხელშეკრულება შეეხო დასავლეთ საქართველოს. ოსმალეთმა სცნო ქართლ-კახეთის სამეფოს, იმერეთის სამეფოს, გურიის, სამეგრელოსა და აფხაზეთის სამთავროების გადასვლა რუსეთის მფლობელობაში. საზავო ხელშეკრულების მეექვსე მუხლში აღნიშნული იყო, რომ რუსეთ-ოსმალეთის საზღვარი აზიაში უნდა აღდგენილიყო ომამდელი სახით. რუსეთს ოსმალეთისათვის უნდა დაებრუნებინა აზიაში (სამხრეთ კავკასიაში) დაკავებული ციხე-სიმაგრეები, ქალაქები, დაბები და სოფლები.

რუსეთმა ოსმალეთს დაუბრუნა ანაპა, ფოთი და ახალქალაქი, მაგრამ შესძლო სოხუმის შენარჩუნება. სოხუმი რუსეთს დარჩა იმის გამო, რომ 1810 წელს აფხაზეთის მთავარი რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობაში შევიდა. დამარცხებულმა ოსმალეთმა თავი ვეღარ გამოიდო აფხაზეთის შენარჩუნების მიზნით. საბოლოოდ რუსეთს დარჩა შავი ზღვის სანაპირო სოხუმიდან რედუტ-კალემდე. ამგვარად ბუქარესტის საზავო ხელშეკრულებამ იურიდიულად გააფორმა დასავლეთ საქართველოს შეერთება რუსეთთან. ბუქარესტის საზავო ხელშეკრულების მთავარი პუნქტები დაადასტურა აკერმანის კონვენციამ (1826).

1813 წლის 12 ოქტომბერს სპარსეთსა და რუსეთს შორის გაფორმდა სამშვიდობო ზავი, რომლის მიხევითად სახანოები შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში და დაგინდა იმპერიებს შორის საერთო საზღვარი[10]

1827 წლის 2 თებერვალს სპარსეთისთვის ომის გამოცხადების გამო საქართველოს გუბერნიაში, კავკასიის ოლქსა და შავი ზღვის არმიის მიწებზე გამოცხადდა სამხედრო მდგომარეობა[11].

1828 წლის 10 თებერვალს სპარსეთმა რუსეთს დაუთმო ერევნისა და ნახიჩევანის სახანოები.

1829 წლის 2 სექტემბერს ადრიანოპოლის ზავის მიხედვით ოსმალეთის იმპერიამ რუსეთს დაუთმო ანაპის, ფოთის, ახალციხის, აწყურისა და ახალქალაქის ციხეები. კავკასიაშ ოსმალეთის იმპერიასა და რუსეთს შორის გაივლო შემდეგნაირად: შავი ზღვიდან დაწყებული საზღვარი იმდროინდელ რუსეთის გურიას უვლიდა სამხრეთიდან ვიდრე იმერეთამდე, შემდეგ პირდაპირ გავლებული საზღვარი, იქ სადაც ახალციხისა და ყარსის საფაშოები უერთდებოდნენ საქართველოს გუბერნიას, ისე რომ ახალციხე და ახალქალქი მოქცეულიყო აღნიშნული საზღვრის ჩრდილოეთით. ამგვარად, აღნიშნული სახმელეთო საზღვარი და ასევე შავიზღვისპირა ტერიტორია მდინარე ყუბანის შავ ზღვაში შერთვიდან წმინდა ნიკოლოზის სიმაგრემდე დარჩა რუსეთის იმპერიას[12].

საქართველოს გუბერნიის გაუქმება დამტკიცდა ნიკოლოზ I-ის ბრძანებით 1840 წლის 10 აპრილს, ხოლო ძალაში შევიდა 1841 წლის 1 იანვრიდან[13]. საქართველოს გუბერნიის, იმერეთის ოლქისა და სომხეთის ოლქის ბაზაზე შეიქმნა საქართველო-იმერეთის გუბერნია.

გუბერნიის ხელმძღვანელობის შტატი განისაზღვრა შემდეგნაირად:

წინა დღით თბილისის კომენდატმა, პოლიცმეისტერისა და სამხედრო რაზმის თანხლებით საყვირის ხმით აუწყა მოსახლეობას რომ მეორე დღეს დილის 8 საათზე იგეგმებოდა საქართველოს უზენაესი მთავრობის საზეიმო გახსნა.

8 მაისს დილის 7 საათიდან ქვემეხების გასროლით დაიწყო დღე. 9-ის ნახევრისთვის ქალაქის ეკლესიებში დაიწყო სადღესასწაულო წირვა. კოვალენსკი ქართველ თავადაზნაურების თანხლებით ეახლა საქართველოს მთავარსარდალ კნორინგს და პროცესიის დასაწყებად მზადყოფნა აუწყა. დასაწყისშივე საზეიმო სიტყვით გამოვიდა პირველი ხარისხის მოხელე იოანე ორბელიანი. დასასრულს მოეწყო მსვლელობა სიონისკენ. მსვლელობისას იოანე ორბელიანსა და ანდრონიკაშვილს თან მიჰქოდთ საზეიმოდ განლაგებული „გუბერნიის დაფუძნების საიმპერატორო ბრძანება“ და მანიფესტი. სიონში მისულებმა აღნიშნული ორი დოკუმენტი ამბიონზე განლაგებულ მაგიდებზე დააბრძანეს და დაიწყო საეკლესიო მსახურება. წირვას ასრულებდა თბილელი მიტროპოლიტი არსენი.

წირვის შემდეგ მონაწილე თავადაზნაურობა და სამღვდელო დასი მოვლენის აღსანიშნავად შეიკრიბა საქართველოს მთავარსარდლის სახლში. დღემ საზზეიმო ვიტრებაში ჩაიარა. ისმოდა ქვემეხების საზეიმო გასროლის ხმა, ქალაქი კი სრულად იყო განათებული.

აღმასრულებელ ექსპედიციას დაევალა ხუთივე მაზრაში შეექმნათ საპოლიციო განყოფილებები, რომლებსაც უხელმძღვანელებდნენ რუსი კაპიტან-ისპრავნიკები, ხოლო დამხმარედ ეყოლებოდა ორ-ორი ქართველი თავადაზნაური. სწორედ ამ ჯგუფებს დაევალათ მაზრებში სააღსრულებლო ფუნქციების შესრულება. მაზრის საპოლიციო დაწესებულებებს კი შესაბამისად ექვემდებარებოდა, მაზრაში არსებული ქალაქებში სპეციალურად დანიშნული კომენდატები, რომლებიც ასევე იყვნენ რუსი ოფიცრები ხოლო დამხმარედ ჰყავდათ პოლიცმეისტერები (ნაცვალები) ქართველი თავადაზნაურების სახით. მათთვის შეიქმნა სპეციალურად პოლიციის კანცელარია ანუ ქალაქის პოლიციის სამმართველო.

ამის გარდა მაზრებში შეიქმნა სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურები რომლებთაც ევალებოდათ გუბერნიაში წესრიგის დაცვა.

კნორინგმა გუბერნიაში შემოიტანა წესების ერთობლიობა, რომლებშიც მოყვანილი იყო საზოგადოების წევრებს შორის ურთიერთობის წესები. ეს წესები პოლიციის წესდებასთან ერთად წარედგინა იმპერატორს 1802 წლის 12 ივლისს.

1802 წელს საქართველოს უზენაესი მთავრობამ საბოლოო სახე მიიღო და დაიწყო ფუნქციონირება. 1803 წლის 19 ივნისს რუსეთის იმპერიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება შეექმნათ პროკურორის თანამდებობა, რომელსაც დაევალებოდა თვალყურის დევნა საქართველოს უზენაეს მთავრობის საქმიანობაზე.

საქართველოს გუბერნიის მმართველების სია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. კარლ კნორინგი, საქართველოს მთავარსარდალი (1801 წლის 12 სექტემბერიდან — 1802 წლოს 11 სექტემბრამდე)
  2. პავლე ციციანოვი, საქართველოს მთავარსარდალი (1802 წლოს 11 სექტემბრიდან — 1806 წლოს 8 თებერვლამდე)
  3. ივან გუდოვიჩი 1806 – 1809
  4. ალექსანდრ ტორმასოვი 1809 - 1811
  5. ფილიპ პაულუჩი 1811 - 1812
  6. ნიკოლაი რტიშჩევი 1812 – 1817
  7. ალექსი ერმოლოვი 1817 – 1827
  8. ივანე პასკევიჩი 1827 – 1830
  9. გრიგოლ როზენი 1830 – 1837
  10. ევგენი გოლოვინი 1837 – 1841
  • Манифест о присоединении Грузинского царства к России. 18 января 1801 г. ПСЗ-I. Т.26. № 19.721.
  • Именной указ, данный Сенату. Об учреждении внутреннего в Грузии управления. - С приложением Манифеста к грузинскому народу, постановления внутреннего управления Грузии и штата. 12 сентября 1801 г. ПСЗ-I. Т.26. № 20.007.
  • Высочайше утвержденный плакат "Об учреждении Верховного Грузинского Правительства в Тифлисе". 12 сентября 1801 г. ПСЗ-I. Т.26. № 20.009.
  • Именной указ, данный Сенату. "О дополнительных правилах к Положению об управлении Грузией 12 сентября 1801 г. состоявшемуся". 13 мая 1805 г. ПСЗ-I.Т.28. № 21.753.
  1. данный Сенату "Об учреждении внутреннего в Грузии управления". С приложением манифеста к Грузинскому народу, постановления внутреннего управления Грузии и штата

    § 1. Сделав все нужные соображения о Царстве Грузинском, на каком основании признали Мы нужным постановить его управление, Правительствующий Сенат усмотрит из препровождаемого при сем Манифеста к Грузинскому народу и из постановления, которое поручили Мы Нашему Генерал-Лейтенанту Кноррингу в том краю обнародовать и привести в исполнение, и с коего прилагается при сем список. Сходно сему постановлению и приложенному при нем штату Правителем Грузии Всемилостивейше повелеваем быть Действительному Статскому Советнику Каваленскому; Начальники Экспедиции Верховного Грузинского Правительства и прочие чины от Правительствующего Сената зависящие имеют быть определены по представлению Главнокомандующего из достойнейших и способнейших чиновников, предоставляя ему непосредственно избрание и определение Комендантов и чинов в Полицейские должности по данному ему особенно наставлению. Суммы на содержание по всем предметам в штате означенным повелели Мы заимствовать из доходов той земли, давая в них отчет Государственному Казначею. Впрочем Правительствующий Сенат не оставит по переводе Манифеста к Грузинскому народу на Грузинский язык и по напечатании в достаточном количестве экземпляров, доставить его к Генерал-Лейтенанту Кноррингу для надлежащего обнародования.

  1. აქტი სობრანიე, ტ. 1, გვ. 193
  2. აქტი სობრანიე, ტ. 1, გვ. 345
  3. «Сборник материалов для описания Тифлисской Губернии», 1870, ст. 8-9
  4. Полное собрание законов Российской империи, собрание 1-ое (1649-1825), т. XXVI, указ 19770, ст. 566
  5. Полное собрание законов Российской империи, собрание 1-ое (1649-1825), т. XXVI, указ 20007, ст. 781-786
  6. «Сборник материалов для описания Тифлисской Губернии», 1870
  7. აქტი სობრანია, ტ. 1, გვ. 288-289
  8. Полное собрание законов Российской империи, собрание 1-ое (1649-1825), т. XXVII, указ 21002, ст. 944
  9. Полное собрание законов Российской империи, собрание 1-ое (1649-1825), т. XXIX, указ 22699, ст. 1331
  10. Полное собрание законов Российской империи, собрание 1-ое (1649-1825), т. XXXII, указ 25466, ст. 641-644
  11. Полное собрание законов Российской империи, собрание 2-ое (1825-1881), т. II, указ 869, ст. 100
  12. Полное собрание законов Российской империи, собрание 2-ое (1825-1881), т. IV, указ 3128, ст. 622-633
  13. Полное собрание законов Российской империи, собрание 2-ое (1825-1881), т. XV, указ 13368, ст. 237