ხინალუღები
ხინალუღები — აზერბაიჯანში, შაჰდაღის მთებში დაღესტნური მოდგმის სამი მცირერიცხოვანი ხალხი ცხოვრობს. ესენი არიან ხინალუღები, კრიწები და ბუდუხები. ამ ხალხების, ანუ როგორც მათ უწოდებენ შაჰდაღური ჯგუფის ხალხების შესახებ სამეცნიერო ლიტერატურა ერთობ მცირეა. ხინალუღები, კრიწები და ბუდუხები აზერბაიჯანის მთიანეთის ძირძველი მოსახლეობაა. ისინი კავკასიის ალბანეთის მოსახლეობის ერთ-ერთი მემკვიდრეები არიან
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხინალუღები შაჰდაღის მთიანეთის მხოლოდ ერთ სოფელში ხინალიღში მკვიდრობენ. აქედან მომდინარეობს მათი სახელწოდებაც, თუმცა ხინალუღების ენდოეთნონიმი არის კატიდდური, რაც მათსავე ენაზე „თანასოფლელებს“ ნიშნავს.
ადმინისტრაციულად სოფელი ხინალიღი ყუბის რაიონში შედის. საკუთარ სოფელს ისინი ამ ტოპონიმით არ მოიხსენიებენ, მას კეტშ-ს უწოდებენ. ყველა წყარო ხინალუღების სხვადასხვა რაოდენობას უთითებს.
ინტერნეტის ერთი საიტის მონაცემით ხინალუღების რაოდენობას 2 ათასს უჩვენებს, მეორე დაახლოებით 6 ათასს. როგორც ჩანს, ამ რაოდენობაში აზერბაიჯანის ბარში განსახლებული ხინალუღები იგულისხმებიან, რომლებიც თავიანთი ეთნონიმით არასდროს არ აღურიცხავთ.
ენა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხინალუღურ ენას მეცნიერთა ნაწილი ნახურ-დაღესტნური ენების ცალკე შტოდ მიიჩნევს. ყველა ხინალუღელი თავისუფლად ლაპარაკობს აზერბაიჯანულ ენაზე. იციან რუსული ენაც. ხინალუღურ ენას დიალექტები არა აქვს, მისი ანბანი 77 ბგერას შეიცავს (59 თანხმოვანი და 18 ხმოვანი). უკანასკნელ წლებში ხინალუღურ ენას სკოლაშიც ასწავლიან. დღეს ხინალუღური ენა თურქიზმებითაა გაჯერებული.
სოფლის მეურნეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხინალუღში მიწათმოქმედებას დამხმარე ხასიათი ჰქონდა. თესავდნენ ქერს, სვილს. მთის კალთებზე ტერასები ჰქონდათ მოწყობილი. 1930-იანი წლებიდან ხინალუღებმა კარტოფილისა და კომბოსტოს მოყვანა დაიწყეს; მათ დიდი ხნის განმავლობაში განვითარებული ჰქონდათ შინამრეწველობა; ამზადებდნენ მატყლის ქსოვილებს, მაღალყელიან წინდებს, თექას; თხის ბეწვისაგან თოკებს გრეხდნენ. ჰორიზონტალურ საქსოვ დაზგაზე ჰინალუღები მატყლის ქსოვილს (შალს) ქსოვდნენ, რისგანაც სახვევებს (ტოლაღებს) ამზადებდნენ. ასეთ დაზგაზე მხოლოდ მამაკაცები მუშაობდნენ. ვერტიკალურ საქსოვ დაზგაზე ქალები ფარდაგებსა და ხალიჩებს ქსოვდნენ. ქალები ფერად-ფერად წინდებსაც ქსოვდნენ.
ხინალუღები გარესამუშაოზე იშვიათად დადიოდნენ. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე გახშირდა ამ სოფლიდან ბაქოს ნავთობის სარეწებზე გასვლა, რათა ურვადისათვის ფული შეეგროვებინათ. ამ მიზნით, მათ აქ მუშაობა 5-6 წელი უხდებოდათ.
ტრადიცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხინალუღელთა ტრადიციული კოსტიუმი აზერბაიჯანულის მსგავსი იყო. მხოლოდ ქალების თავსაბურავი ჰქონდათ ორიგინალური. ის სხვადასხვა ზომისა და ფერის ხუთი თავშლისაგან შედგებოდა, რომელთა შორის აუცილებლად თეთრი და წითელი ფერის მოსახვევიც უნდა ყოფილიყო. ხინალუღელების საკვები ძირითადად რძის პროდუქტებისაგან შედგებოდა: ძროხისა და ცხვრის ყველი, რძე, მაწონი. პურს ხორბლისა და ქერის ფქვილის ნარევისაგან აცხობდნენ. საკვებად გამოიყენებდნენ ველურ მცენარეებს. მათი ტრადიციული საკვები იყო შერბეთი (წყალში გახსნილი თაფლი). სადღესასწაულო კერძი იყო მოხარშული ხორცი და ბრინჯისა და ლობიოს ფლავი.
რელიგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხინალუღები სუნიტი მუსლიმები არიან. მიუხედავად ამისა, შემორჩენილი ჰქონდათ მუსლიმამდელი რწმენა-წარმოდგენები. იცოდნენ წვიმის, მზის გამოწვევის რიტუალები. არსებობდა ცეცხლის კულტი. გადაუღებელი წვიმების დროს შემდეგ რიტუალს ასრულებდნენ. ხინალუღები ხისაგან აკეთებდნენ თოჯინას, რომელსაც ქალის ფერად ტანსაცმელს აცმევდნენ. ამ თოჯინას ჭაბუკები მთელ სოფელს შემოატარებდნენ და თან აზერბაიჯანულ ენაზე მღეროდნენ. სიმღერის შინაარსი ასეთი იყო: `ხვალ თქვენ მზე გექნებათ~. ჭაბუკებს კვერცხებითა და ტკბილეულით ასაჩუქრებდნენ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- როლანდ თოფჩიშვილი კავკასიის ხალხთა ეთნოლოგია, თბ.,2012