შინაარსზე გადასვლა

ხორვატიის გეოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხორვატიის ტოპოგრაფიული რუკა.

ხორვატიის გეოგრაფიას მისი მდებარეობა განსაზღვრავს. ის განისაზღვრება როგორც ცენტრალური და სამხრეთ–აღმოსავლეთი ევროპის ასევე ბალკანური და მიტელევროპის ნაწილი. ხორვატიის ტერიტორია შეადგენს 56,594 კმ²–ს, რითიც ის არის მსოფლიოს სიდიდით 127–ე ქვეყანა. ის აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ბოსნია და ჰერცეგოვინას და სერბეთს, სლოვენიას დასავლეთიდან, უნგრეთი ჩრდილოეთიდან, მონტენეგრო და ადრიატიკის ზღვა სამხრეთიდან. ის მდებარეობს 42° – 47° N განედებსა და 13° - 20° E გრძედებს შორის. ხორვატიის ტერიტორიული წყლები შეადგენს 18,981 კმ²–ს, ხოლო მისი შიდა წყლები 12,498 კმ²–ს.

შუა დუნაის დაბლობი და დინარის მთიანეთი ადრიატიკის აუზთან ერთად წარმოადგენენ ხორვატიის მთავარ გეომორფოლოგიურ ნაწილებს. ხორვატიის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი (53.42%) წარმოადგენს ზღვის დონიდან 200 მეტრის დაბლობებს. დაბლობების უდიდესი ნაწილი მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში ძირითადად სლავონიაში. დაბლობზე მიმობნეულია ჰორსტები და გრაბენები. მიიჩნევა, რომ ამ ტერიტორიაზე პლიოცენის პერიოდში იყო შუა დუნაის დაბლობის ზღვა. დინარის მთიანეთში მდებარეობენ ხორვატიის უმაღლესი მთები, მათ შორის ყველაზე მაღალია დინარა – 1,831 მ. ხორვატიის ადრიატიკის ზღვის სანაპირო შეადგენს 1,777.3 კმ–ს, ამასთან მისი 1,246 კუნძულის გარშემოწერილობა კიდევ დამატებით 4,058 კმ. სანაპირო ზოლს ქმნის. კარსტები ქმნიან თითქმის ხორვატიის ნახევარს, განსაკუთრებით მრავლადაა დინარის მთიანეთში, სანაპირო ზოლსა და კუნძულებზე.

ხორვატიის ტერიტორიის 62% წარმოადგენს შავი ზღვის აუზს. ამ ტერიტორიაზე უდიდესი მდინარეებია: დუნაი, სავა, დრავა, მურა და კუპა. ქვეყნის დანარჩენი ნაწილი ეკუთვნის ადრიატიკის ზღვის აუზს, სადაც უდიდესი მდინარეა – ნერეტვა. კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის მიხედვით ხორვატიის უმეტეს ტერიტორიაზე არის ზომიერად თბილი კონტინენტური კლიმატი. საშუალო ტემპერატურა მერყეობს −3 °C (27 °F) – 18 °C (64 °F) გრადუსებს (ფარენგეიტებს) შორის. ხორვატიას დიდი რაოდენობით ეკორეგიონები აქვს და ის ევროპის ერთ–ერთი ყველაზე ბიომრავალფეროვანი ქვეყანაა. ხორვატიაში არის 4 ტიპის ბიოგეოგრაფიული რეგიონი: ხმელთაშუა ზღვის – სანაპირო ზოლი და მისი მიმდებარე რეგიონი; ალპური – მისი მაღალმთიანი რეგიონი; დაბლობი – დუნაისა და დრავას შორის; და კონტინენტური დანარჩენ ტერიტორიაზე. ხორვატიაშიარის არის 444 დაცული ტერიტორია, რაც ქვეყნის ფართობის 8.5% შეადგენს.

2011 წლის აღწერის მიხედვით, ქვეყნის მუდმივი მაცხოვრებლების რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 4.29 მილიონს. მოსახლეობის სიმჭიდროვე წარმოადგენდა 75.8 მაცხოვრებელს 1 კმ²–ზე. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა არის 75.7 წელი. მოსახლეობის უმეტესობა (89.6%) არის ხორვატი, უმცირესობებს შეადგენენ სერბები (4.5%) და კიდევ 21 სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი. 1992 წლიდან ქვეყანა იყო იყოფა 20 მხარედ და დედაქალაქ ზაგრებად. მხარეები დაყოფილია 127 ქალაქად და 429 მუნიციპალიტეტად. ხორვატიის ურბანიზაციის საშუალო მაჩვენებელი არის 56%, სადაც ქალაქების მოსახლეობა იზრდება ხოლო სოფლის მცირდება. 686,568 მოსახლით ქვეყნის უდიდესი ქალაქი და დედაქალაქი არის ზაგრები. სპლიტის და რიეკას მოსახლეობა აჭარბებს 100 000–ს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]