კარლ V
კარლ V (ლათ. Carolus V, ნიდერლ. Karel V, ფრანგ. Charles V, გერმ. Karl V; დ. 24 თებერვალი 1500 გენტი — გ. 21 სექტემბერი 1558 ესტრემადურა ესპანეთი) — საღვთო რომის იმპერატორი 1519–1556 წ.წ, ჰაბსბურგთა დინასტიიდან, ხოლო 1516 წლიდან ესპანეთის მეფე, როგორც კარლოს I. 1556 წელს ის ნებაყოფლობით გადადგა ტახტიდან და საღვთო რომის იმპერიაში უმცროსი ძმა, ფერდინანდ I გახდა მემკვიდრე, ხოლო ესპანეთში — შვილი ფილიპე II.
კარლი იყო ფილიპე I-ისა (ლამაზი) და ხუანა კასტილიელის უფროსი ვაჟი. ასევე, იყო იზაბელა კასტილიელის შვილიშვილი. როგორც სამი მონარქიის მემკვიდრე (ჰაბსბურგების, ბურგუნდიული ნიდერლანდებისა და კასტილია —არაგონის), კარლი მართავდა ცენტრალურ, სამხრეთ და დასავლეთ ევროპას; ასევე ესპანურ კოლონიებს ამერიკასა და აზიაში. როგორც კასტილიის, არაგონიისა და ლეონის პროვინციის ერთპიროვნული მმართველი, ის გახდა ესპანეთის პირველი მეფე. 1519 წელს, კარლი გახდა საღვთო რომის იმპერატორი და ავსტრიის ერცჰერცოგი. მისი გავლენის ქვეშ მოექცა ევროპის, ამერიკისა და შორეული აღმოსავლეთის მიწები, საერთო ჯამში დაახლოებით ოთხი მილიონი კვადრატული კილომეტრის ფართობით.
გამეფებიდან მალევე კარლმა წამოიწყო იტალიური ომები საფრანგეთის წინააღმდეგ. უდიდესი ხარჯების მიუხედავად, საომარი მოქმედებები წარმატებული აღმოჩნდა. 1525 წელს, პავიის ბრძოლის შემდეგ, კარლის ჯარებმა დაიმორჩილეს მილანი და ფრანშ-კონტე, რომლებიც ფრანგული ძალების ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი იყო. კარლის მეტოქემ სულეიმან I-მა 1526 წელს მოახერხა უნგრეთია დაპყრობა და ქრისტიანთა დამარცხება. თუმცა, 1529 წელს, ოტომანთა მცდელობა აეღოთ ვენა, მარცხით დასრულდა.
კარლის მმართველობის პერიოდში, ახლადაღმოჩენილ კონტინენტზე (ამერიკა), ესპანეთმა მოახერხა მექსიკისა და პერუს ტერიტორიების დაპყრობა და ტერიტორიების გაფართოება. კარლი უშუალოდ უწევდა მეთვალყურეობას კოლონიზაციის პროცესს. მან ასევე უზრუნველჰყო ფერნანდო მაგელანის ხუთი გემით მომარაგება, რომელთაც პირველებმა შემოუარეს დედამიწას. ამ საზღვაო ექსპედიციისას მოხდა ესპანეთის კოლონიის დაარსება კუნძულ ფილიპინებზეც.
ომებით დაღლილი და მშვიდობასმოწყურებული კარლი, 1556 წელს გადადგა. საღვთო რომის იმპერიაში გამეფდა მისი უმცროსი ძმა ფერდინანდ I, ხოლო ესპანეთში შვილი, ფილიპე II. ეს ორი იმპერია XVIII საუკუნემდე მოკავშირეებად დარჩნენ.
1558 წლის 21 სექტემბერს კარლ V მალარიით გარდაიცვალა. გარდაცვალებიდან 26 წლის შემდეგ მისი ნეშტი გადაასვენეს ესკორიალის სამეფო პანთეონში.
მემკვიდრეობა და ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კარლი დაიბადა 1500 წლის 24 თებერვალს, ფლანდრიის ქალაქ გენტში. იგი იყო ბურგუნდიისა და ქვემო ქვეყნების ჰერცოგ ფილიპ I-ისა და მისი ცოლის, დედოფალ ხუანა I-ის მეორე შვილი და პირველი ვაჟი. ნიდერლანდურ და ფლანდრიულ კულტურას, შემდგომში მთელი მისი დარჩენილ ცხოვრებაზე საკმაოდ დიდი გავლენა ჰქონდა. მან განათლება უტრეხტში მიიღო, სადაც საუკეთესო პედაგოგების ხელში იზრდებოდა. კარლი განსაკუთრებიც ძლიერი აღმოჩნდა უცხო ენების შესწავლაში. როგორც ჩანს, მას პოლიგლოტობის საოცარი უნარი ჰქონდა და ჯერ კიდევ ბავშვობაში შეეძლო უამრავ ენაზე საუბარი. იგი ამბობდა:
„მე ღმერთს ესპანურად ვესაუბრები, მამაკაცებს ფრანგულად, მანდილოსნებს იტალიურად, მეგობრებს გერმანულად, ბატებს პოლონურად, ცხენებს უნგრულად, ხოლო ეშმაკებს ჩეხურად“
|
გარდა ზემოთ ხსენებული ენებისა კარლი შესანიშნავად ფლობდა ლათინურს, პორტუგალიურს, ნიდერლანდურს, ინგლისურს, ფლანდრიულსა და ბერძნულს, თუმცა მას განსაკუთრებულად ესპანური უყვარდა, რომელსაც „ღვთის ენას“ უწოდებდა.
კარლს მამის ხაზით ბებია-ბაბუად ერგებოდნენ საღვთო რომის იმპერატორი მაქსიმილიან I და მისი პირველი ცოლი, ბურგუნდიისა და ქვემო ქვეყნების მონარქი მარია I, ხოლო დედის ხაზით არაგონის მეფე ფერდინანდ II და კასტილიის დედოფალი ისაბელ I. მამის დედის ხაზით კარლი წმინდა სისხლის ფრანგი იყო და საფრანგეთის მეფის შორეული ბიძაშვილიც გამოდიოდა. ამიტომაც მან ადრევე ისწავლა ფრანგული ენა და მათი კულტურა. იგი ხშირად სტუმრობდა პარიზში სამეფო კარსაც. მას პარიზი ძალიან მოსწონდა და ამბობდა: „პარიზი ეს არ არის მხოლოდ ქალაქი, ის მთელი სამყაროა!“. მას თავიდან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-თან (რომელიც შემდგომში მისი მოსისხლე მტერი გახდა). კარლი ჯერ დანიშნული იყო ფრანსუას უფროს ქალიშვილ ლუიზაზე, მისი გარდაცვალების შემდეგ კი მის მეორე ქალიშვილ შარლოტზე დაინიშნა, თუმცა მალევე ისიც დაიღუპა. კარლს მემკვიდრეობით ერგო საშინელი მტრობა ვალუას დინასტიის წარმომადგენლებთან, რომელთაც არც თუ ისე უსამართლოდ ჰქონდათ პრეტენზია ბურგუნდიასა და ფლანდრიაზე. კარლი ძალიან იყო დამოკიდებული ბურგუნდიასა და ქვემო ქვეყნებზე, ვინაიდან იგი სწორედ იქ დაიბადა და აღიზარდა. ეს მიწები ძალიან ნაყოფიერი და მდიდარი იყო და სწორედ ეს წარმოადგენდა საღვთო რომის იმპერიის ეკონომიკის საყრდენს. მან თავისი ახალგაზრდობის დიდი ნაწილი ბრიუსელში გაატარა და-ძმებთან ერთად, განსხვავებით თავისი ვაჟის, ფილიპესაგან რომელიც ქვემო ქვეყნებს მხოლოდ ერთხელ ეწვია.
1540 წლამდე კარლი დიდ დროს არ ატარებდა გერმანიაში. იგი ძირითადად ნიდერლანდებში, ან ჩრდილოეთ იტალიაში ცხოვრობდა (რომელიც იმ დროს საღვთო რომის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა). კარლი ასევე საერთოდ არ უთმობდა დროს ავსტრიისა და მისი დაქვემდებარებული ქვეყნების მართვას. მან 1521 წლიდან ეს საქმე თავის უმცროს ძმას, ფერდინანდს ჩააბარა. მიუხედავად ამისა, კარლს ზოგიერთ გერმანულ არისტოკრატიულ ოჯახთან ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, მაგალითად ნასაუს დინასტიასთან, რომელთა გამგებლობაშიც იყო მისი საყვარელი ბრიუსელი. ამას გარდა სხვა გერმანელი თავადებიც კარლის ერთგულნი იყვნენ და საფრანგეთისა და ოსმალეთის წინააღმდეგ წარმოებულ ომებში, მათ თავიანთი ჯარები ყოველთვის გამოჰყავდათ.
1519 წელს, მაქსიმილიან I-ის გარდაცვალების შემდეგ კარლი საღვთო რომის იმპერატორი გახდა, სწორედ აქედან იქცა იგი საფრანგეთისა და ფრანგების მოსისხლე მტრად. გარდა ამისა, სწორედ მისი მმართველობისას 1540-50-იან წლებში გერმანიაში პროტესტანტიზმი გავრცელდა, რამაც კარლსა და მის ქვეშევრდგომ გერმანელებს შორის ერთგვარი გაუცხოება გამოიწვია, რადგან კარლი კვლავ კათოლიციზმის დამცველი იყო. გარკვეული პერიოდის შემდეგ მან საღვთო რომის იმპერიის მართვა თავის ძმას, ფერდინანდ I-ს გადააბარა, თუმცა რეფორმაციის შეჩერება ვერც მან და ვერც მათმა შთამომავლებმა ვერ შესძლეს.
მიუხედავად იმისა, რომ კარლი თავისი ცხოვრების ნაწილს ესპანეთში ატარებდა, დედის ხაზით წმინდა წყლის ესპანელი იყო და ასევე ესპანეთის მეფეც იყო, იგი ხვდებოდა, რომ ესპანელები მას როგორც უცხოელს ისე უყურებდნენ. მიუხედავად ამისა კარლმა თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი სწორედ ესპანეთში გაატარა, იქ დაქორწინდა, მისი ცოლი და შვილები იქ ცხოვრობდნენ და თავადაც სიცოცხლის ბოლო წლები ესპანეთში განვლო. 1520 წლის გარდა, როცა მას ესპანელები აუჯანყდნენ, მისი დამოკიდებულება ამ ხალხის მიმართ საკმაოდ ლოიალური იყო. ესპანეთი მისი ძალაუფლების საყრდენი იყო და სწორედ ესპანელები წარმოადგენდნენ მისი არმიის, გენერლებისა და მრჩევლების დიდ ნაწილს. მიუხედავად ამისა, ესპანელები თვლიდნენ, რომ მათი რესურსები იხარჯებოდა ისეთი პოლიტიკის გატარებაში რაც ესპანეთისთვის კი არა, არამედ გერმანიისათვის იყო საჭირო.
მმართველობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბურგუნდია და ქვემო ქვეყნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1506 წელს გარდაიცვალა კარლის მამა, ჰერცოგი ფილიპე, რის შემდეგაც კარლის მმართველობაში გადავიდა ბურგუნდია და ქვემო ქვეყნები. ეს ტერიტორიები შედგებოდა ჩვიდმეტი პროვინციის, ფრანშ-კომტესა და ჯერ კიდეც საფრანგეთის ტერიტორიაში შემავალი ფლანდრიისაგან, რომელიც კარლმა ხუთწლიანი ომის შემდეგ წაართვა ფრანგებს. ვინაიდან კარლი ამ დროს მხოლოდ ექვსი წლის იყო, დედამისი კი ჭკუიდან შეიშალა, კარლის რეგენტად მამიდამისი, მარგარეტ ავსტრიელი დაინიშნა (რომელიც წარსულში ჯერ ასტურიის პრინცესა, შემდეგ კი სავოიის ჰერცოგინია იყო). მარგარეტი კარლის რეგენტად 1515 წლამდე იყო დანიშნული. საფრანგეთთან ომისას, ჯერ კიდევ პატარა კარლი მოითხოვდა ფრანგთა მეფეს მისი კუთვნილი ფლანდრია დაებრუნებინა, როგორც ეს მამამისის დროს იყო. საბოლოოდ 1528 წელს კარლმა ფლანდრია მოიერთა.
1515-1523 წლებში კარლი ჰოლანდიაში ცხოვრობდა, სადაც პარლამენტი ჩამოაყალიბა და მასში ფრიზიელი და ჰოლანდიელი ლორდები გააწევრიანა. შემდგომში ჰოლანდიას სწორედ ეს პარლამენტი მართავდა, როდესაც კარლი იქ არ იყო.
კარლმა ბურგუნდიისა და ქვემო ქვეყნების ფართობი საგრძნობლად გაზარდა და მიუერთა არტუა, გრონინგენი, გელდერზი, უტრეხტი და ტურნეი. აქედან მოყოლებული შეიქმნა ე.წ. ჩვიდმეტი პროვინცია, რომლის მმართველიც თავად კარლი გახდა. 1549 წელს კი კარლმა გამოსცა პრაგმატული სანქცია, რომლის მიხედვითაც ჩვიდმეტი პროვინციის ტახტზე მხოლოდ მის მემკვიდრეებს შეეძლოთ ასვლა.
მალე ჩვიდმეტი პროვინცია საღვთო რომის იმპერიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი გახდა. თავად კარლისათვის სწორედ ეს მხარე იყო სამშობლო, სადაც დაიბადა და ბედნიერად იზრდებოდა და-ძმებთან ერთად. ჩვიდმეტი პროვინცია ვაჭრობისა და მრეწველობის ცენტრს წარმოადგენდა, საიდანაც ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი თანხები შედიოდა საიმპერატორო ხაზინაში.
ბურგუნდია მთელი მისი მეფობისას კარლის ყველაზე ერთგული მხარე იყო. 1540 წელს უმძიმესი გადასახადების გამო ქალაქი გენტი (სადაც კარლი დაიბადა) აჯანყდა. კარლმა ამაზე მძიმე რეაგირება მოახდინა და ჰერცოგი ალბას დამსჯელობითი ჯარები გაუშვა, რომელმაც ქალაქი მიწასთან გაასწორა.
ესპანეთი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1506 წელს ვალიადოლიდში, 1510 წელს კი მადრიდში კარლმა ასტურიის პრინცის ფიცი დადო, რომ იქნებოდა დედამისის ღირსეული მემკვიდრე. ამას გარდა 1502 წელს მას არაგონის დედაქალაქ სარაგოსაშიც მოუწია იგივე ფიცის დადება, თუმცა სარაგოსას არქიეპისკოპოსმა განუცხადა, რომ მხოლოდ ამ ფიცით ვერ შეძლებდა გამეფებას. 1516 წლის 23 იანვარს კარლის ბაბუა, მეფე ფერდინანდ II არაგონელი გარდაიცვალა, რის შემდეგაც ხუანა I როგორც კასტილიის, ისე არაგონის დედოფალი და მაშასადამე გაერთიანებული ესპანეთის პირველი მონარქი გახდა. არაგონის სამეფო გარდა საკუთრივ არაგონისა, მოიცავდა მაიორკას, სარდინიას, სიცილიას, ნეაპოლს, კატალონიასა და რუსოლინს. ვინაიდან ხუანა ამ დროს უკვე ჭკუიდან იყო შეშლილი, კარლი მათი გუბერნატორი გახდა. თუმცა კარლს ეს არ აკმაყოფილებდა და მეფის წოდება სურდა, რაშიც მას მხარს ბაბუამისი, იმპერატორი მაქსიმილიან I და ასევე რომის პაპი ლეო X უჭერდნენ მხარს.
1516 წლის 14 მარტს კარლი დედასთან ერთად სრულიად ესპანეთის მეფე გახდა. ამ პერიოდში ხუანა უკვე გამოკეტილი იყო ტორდესილასში, ასე რომ ქვეყანას მხოლოდ კარლი მართავდა. საბოლოოდ კასტილიის მმართველმა რეგენტმა კარდინალმა ხიმენესმა კარლთან მორჩილების გამოცხადება გადაწყვიტა, თუმცა სანამ იგი მეფესთან ჩავიდოდა, 1517 წელს გზაზე მოწამლეს და გარდაიცვალა.
კარლის კასტილიაში გამეფება მარტივად ვერ მოხერხდა. 1518 წელს იგი კასტილიის პარლამენტს მოელაპარაკა, რომლებმაც ტახტზე ასვლის ნება მხოლოდ შემდეგი კრიტერიუმების შესრულების შემდეგ დართეს. მას უნდა ესწავლა კასტილიური, კასტილიის გუბერნატორად არ უნდა დაენიშნა უცხოელი, უნდა შეეწყვიტა კასტილიიდან ძვირადღირებული ლითონების გატანა და პატივი უნდა ეცა დედამისის, დედოფალ ხუანასათვის. 1518 წლის თებერვალში, ქალაქ ვალიადოლიდში მან საბოლოოდ მიიღო კასტილიის მეფობა. ამის შემდეგ იგი სარაგოსაში გაემგზავრა არაგონის გვირგვინის მისაღებად. არაგონელებმაც დაახლოებით იგივენაირი კომპრომატები წაუყენეს, თუმცა კარლს იმდენად სწყუროდა ყველა ესპანური სამეფოს გვირგვინის დადგმა, რომ ყველაფერს აკეთებდა. ყოველივე ამის შემდეგ იგი არაგონისა და მისი დაქვემდებარებული ქვეყნების მეფე გახდა. 1512 წლიდან, მას შემდეგ, რაც ფერდინანდ II-მ ნავარის სამეფოს უდიდესი ნაწილი დაიპყრო, იგი აღიარებული იქნა ნავარის მეფედაც, თუმცა იმისათვის, რომ კარლი ნავარის მეფე გამხდარიყო, პამპლონაში უნდა ჩასულიყო და ნავარის პარლამენტისაგან ნებართვა მიეღო, მაგრამ როდესაც ნავარელებმაც მოისურვეს მისთვის ულტიმატუმების წამოყენება, კარლმა უარი თქვა. მიუხედავად ამისა ფორმალურად იგი მაინც იყო ნავარის მეფე კარლ IV-ის სახელით, მაშინ როცა ნავარის თავისუფალ ნაწილში სულ სხვა მონარქი მეფობდა.
ამიერიდან კარლი აღიარებულ იქნა ესპანეთის სუვერენულ მეფედ. თუმცა იგი დიდად არ მისდევდა ესპანურ ტრადიციებს. კასტილია დამოუკიდებელი სამეფო იყო, რომელსაც თავისი პარლამენტი მართავდა და ისინი კარლს არ აწუხებდნენ და არც რაიმე პრეტენზია ჰქონდათ მასთან, თუმცა განსხვავებული ვითარება იყო არაგონსა და ნავარაში. აქ მეფეები გაცილებით უფრო უშუალოები იყვნენ და ყოველთვის ჰქონდათ საკუთარ ხალხთან პირდაპირი კონტაქტი, ახლა კი წლები გადიოდა და მეფეს ვერც კი ხედავდნენ. კარლის მმართველობისას ესპანეთში საფუძველი ჩაეყარა და გაიფურჩქნა აბსოლუტურ მონარქიას, რამაც მწვერვალს კარლის ვაჟის, ფილიპე II-ის დროს მიაღწია. მიუხედავად ამისა, კარლი ესპანეთის ერთპიროვნული მონარქი 1555 წლამდე ვერ გახდა, მანამ სანამ ხუანა I არ გარდაიცვალა.
მალევე ესპანელები კარლის მმართველობის სტილს მიეჩვივნენ და უცხოურ ომებში მის მხარეს ბრძოლაც დაიწყეს. ამასთან კარლი მეტად დიდ ყურადღებას უთმობდა კოლონიზაციას. მისი მმართველობისას ესპანელებმა დაიპყრეს მთელი კარიბის ზღვა, ცენტრალური ამერიკა, მექსიკა, სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთი და პერუც კი. ასევე კარლმა დააფინანსა ფერდნანდო მაგელანის მოგზაურობა, რომელთაც პირველად შემოუარეს დედამიწას. სწორედ კარლის ხელშეწყობით დაარსდა ესპანელთა პირველი კოლონია ფილიპინებზე. 1520 წელს კასტილიელთა აჯანყების ჩახშობის შემდეგ, კარლი კვლავ ნავარის მწვავე თემას დაუბრუნდა. ნავარის ტახტი ანრი II დ'ალბრეს უკვე დაეკავებინა და მას იმ ტერიტორიებზეც ჰქონდა პრეტენზია, რომელიც ფერდინანდ II-მ დაიპყრო. ანრიმ ალიანსი შექმნა საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-თან და ცოლად მისი და, მარგარიტა ანჟულიმელი შეირთო. ნავარასთან ომები 1524 წლამდე გაიწელა და საბოლოოდ მადრიდის ხელშეკრულებით დასრულდა, რომლის მიხედვითაც ზემო ნავარა ანრის რჩებოდა, ხოლო ქვემო ნავარა კარლს.
ნავარის საბოლოოდ შემოსაერთებლად კარლმა გადაწყვიტა ანრი II-ისა და მარგარიტას ერთადერთი ქალიშვილი და მემკვიდრე, ჟანა დ'ალბრე დაექორწინებინა თავის ვაჟ ფილიპე ესპანელზე. საქორწინო მოლაპარაკებები კარგად მიდიოდა, რასაც საბოლოოდ ნავარის ესპანეთთად გაერთიანება უნდა მოჰყოლოდა, თუმცა მოულოდნელად ჟანამ ფილიპეზე დაქორწინება აღარ მოისურვა და იულიხ-კლევ-ბერგის ჰერცოგ ვილჰელმზე დაქორწინდა. ჟანასა და ვილჰელმის უშვილო ქორწინება გაუქმდა და ამის შემდეგ ჟანა ცოლად საფრანგეთის მეფის ბიძაშვილ ანტუან დე ბურბონს გაჰყვა ცოლად, მათი ვაჟი ანრი IV კი უკვე საფრანგეთისა და ნავარის მეფე გახდა და ნავარა სამუდამოდ გაერთიანდა საფრაგეთთან. ფილიპე და ჟანა კი სიცოცხლის ბოლომდე მოსისხლე მტრებად დარჩნენ.
კასტილია კარლის ესპანურ სამეფოებში მოიაზრებოდა, როგორც სამეფო ხაზინის შემავსებელი და ყველაზე დიდი ჯარის გამომყვანი მხარე. ესპანეთის მეფეები ყოველთვის კასტილიით ცდილობდნენ კრიზისიდან გამოსვლას, რასაც საბოლოოდ ფილიპე II-ის დროს კასტილიის გაკოტრება მოჰყვა შედეგად.
იტალია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არაგონის ტახტზე ასვლით კარლმა ესპანური მიწების გარდა მიიღო სიცილიის, სარდინიისა და ნეაპოლის მეფობაც. არაგონის სამეფო ასევე აკონტროლებდა მილანის საჰერცოგოსაც, რომელიც კარლის გამეფებამდე ერთი წლით ადრე, 1515 წელს ანექსირებულ იქნა საფრანგეთის მიერ. 1522 წელს ბიკოკას ბრძოლაში კარლმა დაამარცხა ფრანგებისა და შვეიცარიელების გაერთიანებული არმია და მილანი ხელმეორედ დაიპყრო. 1524 წელს საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-ის ჯარებმა მილანი კვლავ დაიპყრეს, თუმცა 1525 წლის 24 თებერვალს კარლმა პავიის ბრძოლაში სასტიკად დაამარცხა ფრანგები, რის შემდეგაც მილანის საჰერცოგოში ესპანელები რამდენიმე საუკუნის მანძილზე გაბატონდნენ. საბოლოოდ ესპანეთის განკარგულებაში აღმოჩნდა იტალიის ნახევარი, რასაც იტალიური ომების არაერთხელ განახლება, თუმცა ამან ესპანელთა ძალაუფლება იტალიაში მხოლოდ გაამყარა.
თუმცა ბალკანეთიდან მემეზობლე ოსმალები დიდ საფრხეს უქმნიდნენ ესპანეთის იტალიურ კოლონიებსა და მათ მშვიდობიან ვაჭრობას არ აცდიდნენ. ამას საბოლოოდ მოჰყვა 1538 წელს ესპანეთისა და ყველა იტალიური ქალაქ-სახელმწიფოს გაერთიანება და წმინდა ლიგის ჩამოყალიბება, რომელიც მიმართული იყო საფრანგეთისა და ოსმალეთის წინააღმდეგ. წმინდა ლიგის ჯარებმა გამანადგურებელი მარცხი იგემეს 1538 წელს პრევეზას ბრძოლაში, სადაც თურქებმა ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვეს. თუმცა გადამწყვეტი ბრძოლა წმინდა ლიგასა და ოსმალებს შორის კარლის გარდაცვალების შემდეგ მოხდა, 1571 წელს, სადაც ლეპანტოს ბრძოლის შემდეგ, ოსმალებმა კვლავ დაამარცხეს ქრისტიანები და მათ კვიპროსი საბოლოოდ დაიპყრეს.
ამერიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კარლის მმართველობა არის ამერიკის ესპანური კოლონიზაციის უმნიშვნელოვანესი პერიოდი. სწორედ ამ პერიოდში მოღვაწეობდნენ სახელგანთქმული ესპანელი კონკისტატორები — ერნან კორტესი და ფრანსისკო პისარო. სწორედ მათ, კარლის ბრძანებით დაიპყრეს ინკასა და აცტეკთა უდიდესი ცივილიზაციები, დააარსეს ახალი ესპანეთი და 1519-42 წლებში მოახდინეს მთელი ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ჩრდილო ნაწილის კოლონიზაცია. 1522 წელს კარლმა დააფინანსა ფერნანდო მაგელანის მოგზაურობა, რომელმაც დედამიწას პირველად შემოუარა და ფილიპინებზე დააარსეს პირველი ესპანური კოლონია. ამგვარი დიდი მიღწევების შემდეგ ქრისტიანულ სამყაროს კარლი თავის მფარველად მოევლინა, რომელიც მუსლიმთა საოცარი გაფართოებით ექმნებოდათ. ამერიკული კოლონიებიდან კონკისტატორები ოქრო-ვერცხლით დატვირთულ ხომალდებს უშვებდნენ, რაც სამეფო ხაზინას მთლიანად ავსებდა. გარდა ამისა ამერიკის კოლონიზაციით ესპანელები ხელში იგდებდნენ მსოფლიო სავაჭრო გზებს, რასაც ასევე დიდი მოგება მოჰქონდა. სულ მალე ამერიკაში ესპანური კოლონიები მექსიკიდან პერუმდე და ატლანის ოკეანიდან წყნარ ოკეანემდე გადაიჭიმა.
საბოლოოდ 1546 წელს კარლმა ვალიადოლიდის კონგრესი მოიწვია და განიხილა ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის საშინელი ყოფა, რომელიც ესპანელთა ბატონობით იყო გამოწვეული. 1520 წელს პირველად სწორედ კარლს მოუვიდა აზრად პანამის არხის გაყვანა, რასაც შეეცადა კიდეც, თუმცა იმ ეპოქისათვის ეს შეუძლებელი იყო.
საღვთო რომის იმპერია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1519 წელს გარდაიცვალა კარლის ბაბუა, იმპერატორი მაქსიმილიან I, რის შემდეგაც კარლი საღვთო რომის იმპერატორი და ავსტრიის ერცჰერცოგი გახდა. მას ტახტზე უამრავი მეტოქე ჰყავდა, როგორებიცაა საფრანგეთის მეფე ფრანსუა I, ინგლისის მეფე ჰენრი VIII, საქსონიის კუფიურსტი (რომელიც კარლის დიდი ბაბუის, ფრიდრიხ III-ის შთამომავალი იყო) და ა.შ. 1520 წლის 26 ოქტომბერს კარლი გერმანიის მეფედ, ხოლო 1530 წელს ბოლონიაში რომის პაპმა კლემენტ VII-მ იგი ჯერ იტალიის მეფედ, შემდეგ კი უკვე საღვთო რომის იმპერატორად აკურთხა.
იმპერიულ ტახტზე ასვლის მიუხედავად კარლის ავტორიტეტი გერმანელ თავადებში ძალიან დაბალი იყო. მათ იმპერიაში ძლიერად მოიკიდეს ფეხი, რადგან კარლი ყოველთვის ნიდერლანდებზე, იტალიასა და ესპანეთზე ზრუნავდა, გერმანიით კი დიდად არ ინტერესდებოდა. მალე მის წინააღმდეგ ამბოხი მთელს იმპერიას მოედო. 1550 წელს მან სიკვდილით დასაჯა ყველა ამბოხებული, 1540 წელს კი ალბას ჰერცოგის დახმარებით სასტიკად ჩაახშო გენტის აჯანყება.
1556 წელს კარლ V საღვთო რომის იმპერატორობის პოსტიდან თავისი ძმის, ფერდინანდ I-ის სასარგებლოდ გადადგა. თუმცა კარლი ფორმალურად 1558 წლის 24 თებერვლამდე ატარებდა საღვთო რომის იმპერატორის წოდებას.
ომები საფრანგეთთან
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კარლის მეფობის მრავალმა წელმა საფრანგეთთან გაუთავებელ კონფლიქტებში განვლო, რაც გამოწვეული იყო ფრანგების პრეტენზიით მილანსა და ნეაპოლზე, და ესპანელების პრეტენზიით ფლანდრიასა და არტუაზე. 1520 წელს კარლი ინგლისს ეწვია, სადაც მისი დეიდა, დედოფალი კატალინა არაგონელი ქმარს, მეფე ჰენრი VIII-ს მოუწოდებდა კარლის მოკავშირეობისაკენ. 1508 წელს კარლს მეფე ჰენრი VII-ის ორდენი მიენიჭა, მის პატივსაცემად კი ლონდონის წმინდა გიორგის კათედრალში ძეგლიც კი დგას.
1521 წლიდან კარლი საბოლოოდ გადაემტერა საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-ს. ფრანსუამ ამის საპასუხოდ ალიანსი დაამყარა ვენეციის რესპუბლიკასა და შვეიცარიის კანტონებთან, თუმცა 1525 წელს კარლმა მათი გაერთიანებული არმია დაამარცხა პავიის ბრძოლაში და საბოლოოდ მოიერთა მილანი. სწორედ ამ ბრძოლის დროს კარლმა ფრანსუა ტყვედ ჩაიგდო და მადრიდის ციხეში გამოკეტა. ფრანსუას დამ, ნავარის დედოფალმა მარგარიტა ანჟულიმელმა კარლთან მოლაპარაკებები წამოიწყო, რომლის მიხედვითაც ძმის სანაცვლოდ იგი ესპანელებს ქვემო ნავარას უთმობდა. რამდენიმე წელიწადში მარგარიტასა და კარლს შორის გაფორმდა მადრიდის ხელშეკრულება, რის მიხედვითაც კარლი ფრანსუას ანთავისუფლებდა, თუმცა სანაცვლოდ ფრანსუას ორი ვაჟი აჰყავდა ტყვედ და ამასთან ქვემო ნავარასაც ეპატრონებოდა. ამას გარდა ფრანგები უარყოფდნენ თავიანთ პრეტენზიას ბურგუნდიასა და ქვემო ქვეყნებზე.
ესპანელთა რამდენიმეწლიანი ტყვეობიდან ფრანსუამ ვაჟები გაანთავისუფლდა, რის შემდეგაც კარლზე შურის საძიებლად მალევე გაწევრიანდა კონიაკის ლიგაში. ამ ლიგაში ასევე შედიოდნენ რომის პაპი კლემენტ VII, ინგლისი, ფლორენცია, მილანი და ვენეცია. კონიაკის ლიგა მიმართული იყო ევროპაში გაბატონებული ჰაბსბურგების წინააღმდეგ. 1527 წელს კარლმა ალყა შემოარტყა რომს, აიღო იგი და ტყვედ ჩაიგდო რომის პაპი. მას შემდეგ რაც პაპმა კლემენტემ უარი თქვა კონიაკის ლიგაზე და გამოვიდა იქიდან, კარლმა გაანთავისუფლა იგი, თუმცა ამის შემდეგ პაპის სახელი უკვე სერიოზულად შეილახა. ამას დაერთო 1533 წელს ის ფაქტი, რომ ჰენრი VIII-მ თავის ცოლთან, დედოფალ კატალინა არაგონელთან განქორწინების მოთხოვნით მიმართა პაპს. ვინაიდან კატალინა კარლის საყვარელი დეიდა იყო, კლემენტეს კარლის რისხვის შეეშინდა და ჰენრის ნება არ დართო ცოლს გაშორებოდა. განრისხებული ჰენრი კი გამოეყო კათოლიკურ ეკლესიას, თავისი ანგლიკანური ეკლესია დააარსა და ასე გასცილდა დედოფალს. ამან კარლსა და ინგლისს შორის კავშირი გაწყვიტა, რითაც ფრანგებმა ისარგებლეს და ომი განაახლეს. 1529 წელს დაიდო კამბრიის ხელშეკრულება, რომელიც ცნობილია „ქალბატონების მშვიდობის“ სახელით, ვინაიდან მოლაპარაკებები კარლის მამიდამ და ფრანსუას დედამ აწარმოეს.
საფრანგეთთან მესამე ომი 1536 წელს დაიწყო. ამ წელს მილანის ჰერცოგი, სფორცას დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი ფრანჩესკო II გარდაიცვალა. ტახტზე კარლის ვაჟი ფილიპე ავიდა, თუმცა ფრანსუას მილანზე პრეტენზიები კვლავ განუახლდა. მართალია ფრანსუამ მილანი ვერ დაიპყრო, თუმცა დაიპყრო მეზობლად მდებარე სავოიის საჰერცოგო, რომელიც კარლისა და ესპანელების მნიშვნელოვანი მოკავშირე იყო. 1538 წელს ნიცის ზავით დასრულდა ომი. მშვიდობის პირობებში ფრანსუამ ალიანსი დაამყარა ოსმალეთის სულთან სულეიმან I-თან, კარლმა კი ამის საპასუხოდ ალიანსი განაახლა ინგლისის მეფე ჰენრი VIII-თან. 1542 წელს ომი კვლავ განახლდა. ფრანკო-ოსმალურმა გაერთიანებულმა ფლოტმა ნიცა დაიპყრო, რასაც ჩრდილო საფრანგეთში ანგლო-ესპანური ჯარების შეჭრა მოჰყვა. 1544 წელს ომი შეჩერდა და სტატუს ქვო შენარჩუნდა.
1547 წელს ფრანსუა I გარდაიცვალა, ტახტზე კი მისი ვაჟი ანრი II ვალუა ავიდა, რომელიც მამის საქმეს განაგრძობდა. 1551 წელს ანრიმ ომი განაახლა. მან მდგომარეობა გაიმყარა სავოიაში, შეიჭრა კარლის მოკავშირე ლოთარინგიაში, დაიპყრო მისი მესამედი და ტყვედ ჩაიგდო ლოთარინგიის ჰერცოგი შარლ III. 1558 წელს ისარგებლა სიტუაციით და ანრიმ კარლის მოკავშირე ინგლისს კალე წაართვა. მოგვიანებით ანრიმ ომები კარლის მემკვიდრეებთან, ფერდინანდ I-თან და ფილიპე II-თან განაგრძო.
კონფლიქტები ოსმალეთის იმპერიასთან
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კარლს თავიდანვე ძალიან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ოსმალთა სულთან სულეიმან I-თან. 1526 წელს ოსმალები უნგრეთში შეიჭრნენ, დაიპყრეს მისი დიდი ნაწილი და მოჰაჩის ბრძოლაში მოკლეს უნგრეთის მეფე ლაიოშ II. ლაიოშს ცოლად კარლის უმცროსი და, დედოფალი მარია ავსტრიელი ჰყავდა, რომელმაც თავი ძმას შეაფარა. ოსმალებმა ცენტრალურ ევროპაში წინსვლა განაგრძეს და 1529 წელს მათ კარლის მფლობელობაში შემავალ ვენას შემოარტყეს ალყა, თუმცა ცივი ზამთრის გამო უკან დაიხიეს. მიუხედავად ამისა კარლის ძმამ, ფერდინანდმა შეჩლო და უნგრეთის ნაწილი და ხორვატია თავის მმართველობაში მოაქცია, რადგან ლაიოშის ერთადერთი მემკვიდრე მისი და, ანა უნგრელი იყო, რომელიც ფერდინანდზე იყო გათხოვილი.
სულეიმანი თანდათან ეპატრონებოდა ხმელთაშუა ზღვას. 1535 წელს ოსმალებმა სასტიკად დაამარცხეს ესპანელები, რასაც ოსმალთა მიერ ტუნისის დაპყრობა მოჰყვა. ამას მოჰყვა პრევეზას, ლეპანტოსა და დიებრას ბრძოლებში ოსმალების ტრიუმფალური გამარჯვებები, რამაც მათ ხელში ნახევარი ხმელთაშუა ზღვა ჩაუგდო ოსმალებს. ამან ესპანეთს მისი საზღვაო მკლავი მოსტეხა, რადგან ოსმალები უკვე მთელს ზღვაზე დათარეშობდნენ. ამასთან ოსმალთა ხელშეწყობით, ესპანელთა მიერ ძლივს გაძევებული მუსლიმი ბერბერები კვლავ დაუბრუნდნენ ესპანეთისა და იტალიის სანაპიროებს, რასაც ევროპული ვაჭრობის მოშლა და ჰაბსბურგთა ხაზინისთვის ძლიერი ზარალის მიყენება მოჰყვა.
ხმელთაშუა ზღვაზე თავისუფლად ვაჭრობისათვის ფრანსუა I-მა ოსმალებთან ალიანსი დაამყარა, რაც შემდგომში უკვე კარლის წინააღმდეგ მიმართულ სამხედრო გაერთიანებად იქცა. საბოლოოდ ყოველივე ამან, კარლი აიძულა 1547 წელს ოსმალებთან სამარცხვინო ზავი დაედო, რის შემდეგაც იგი ვალდებული გახდა მათთვის ხარკი ეხადა.
მალევე კარლმა ოსმალეთის წინააღმდეგ ახალი ალიანსი შექმნა. იგი დაუკავშირდა ოსმალთა მოსისხლე მტერს, სეფიანთა ირანის სულთანს, რის შემდეგაც შეიქმნა ჰაბსბურგ-სპარსული ალიანსი. თუმცა გერმანიიდან სპარსეთში ჩასვლა და მოლაპარაკებების წარმოება ძალიან რთული იყო. ოსმალეთ-ირანის ომში კი კარლმა ნეიტრალური მდგომარეობა შეინარჩუნა, რის შემდეგაც მისი სპარსეთთან ალიანსი სამუდამოდ გაწყდა.
პროტესტანტული რეფორმაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩვეულებრივ, რეფორმაციის დაწყების წლად ითვლება 1517 წ., როდესაც ლუთერი გამოვიდა თავისი თეზისებით ინდულგენციების წინააღმდეგ. თუმცა კი ამ თეზისებმა ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინეს გერმანიაში, მაგრამ ნამდვილი რეფორმაციული მოძრაობა დაიწყო მხოლოდ 1521 წ. ვორმსის სეიმის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ლუთერმა და ულრიხ ფონ-გუთენმა გამოსცეს თავიანთი სახელგანთქმული მოწოდებები, რომლებიც საზოგადოებას ბრძოლისთვის მოუწოდებდნენ. კარლ V-ის მიერ გამოცემულმა ვორმსის ედიქტმა საიმპერიო შერისხვა დაადო ლუთერს; რეფორმატორი ვართბურგში უნდა დამალულიყო, მაგრამ სწორედ ამ დროს ვიტენბერგში დაიწყო რეფორმაციული მოძრაობა, საეკლესიო ცხოვრებაში გარეგნული ცვლილებების შეტანის აზრით, ხშირად ხალხის მასის უშუალო ჩარევითაც. ლუთერი არ ყოფილა ასეთი ხასიათის მქონე მოძრაობის ინიციატორი.
1531 წელს მას შემდეგ რაც კარლმა აუგსბურგის აღსარება არ სცნო, გერმანელმა პროტესტანტმა დიდგვაროვნებმა შმალკადენის კავშირი ჩამოაყალიბეს. ამ კავშირის გასანადგურებლად კარლმა წინასწარ ბევრი რამ გააკეთა. იგი სანამ შინა ომს ატეხდა, ჯერ გარეთ უნდა დაელაგებინა სიტუაცია. კარლ V-მ ომის დაწყების წინ, 1544 წელს დადო ზავი საფრანგეთთან, ხოლო 1545 წელს - ოსმალეთის იმპერიასთან. მის მხარეზე გადავიდა ჰერცოგი მორიც საქსონელიც. ამ ხელსაყრელი პირობების გამო 1546 წლის ივლისში კარლ V-მ ომი გამოუცხადა შმალკალდენის კავშირს. 1547 წლის 24 აპრილს მიულბერგთან პროტესტანტთა ჯარები დამარცხდნენ. იოჰან ფრიდრიხ საქსონელი ტყვედ ჩავარდა და უარი თქვა თავის კურფიურსტობაზე მორიც საქსონელის სასარგებლოდ. 1547 წლის 19 ივნისს დანებდა პროტესტანტთა მეორე ბელადიც - ფილიპ ჰესენელი. მაგრამ 1552 წელს შმალკალდენის ომი განახლდა და დამთავრდა პროტესტანტთა გამარჯვებითა და პასაუს (1552 წელი) და აუგსბურგის რელიგიური ზავებით (1555 წელი).
ქორწინება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კარლს სიცოცხლის მანძილზე უამრავი საყვარელი ჰყავდა, თუმცა ყოველ მათგანთან ან დაქორწინებამდე, ან დაქვრივების შემდეგ ჰქონდა ურთიერთობა. კარლი მეუღლის ერთგული იყო და არ არსებობს არანაირი წყარო და ჭორიც კი, რომ იგი ცოლს ღალატობდა.
1507 წლის 21 დეკემბერს კარლი თავდაპირველად დანიშნეს ინგლისის მეფე ჰენრი VII-ისა და მისი ცოლის, დედოფალ ელისაბედ იორკელის უმცროს ქალიშვილ მერი ტიუდორზე. ნიშნობიდან ორ წელიწადში ტახტზე მერის უფროსი ძმა ჰენრი VIII ავიდა, რომელმაც თავისი მრჩევლების რჩევით მერისა და კარლის ნიშნობა გააუქმა და პრინცესა მერი ცოლად 51 წლის საფრანგეთის მეფე ლუი XII-ს შერთო 1514 წელს.
ამ ამბიდან სულ რაღაც ორ წელიწადში კარლი გაერთიანებული ესპანეთის მეფე გახდა. ახლა უკვე დიდი ძალაუფლების მქონე კარლს ესპანელი მრჩევლები და დიდგვაროვნები ერთხმად ურჩევდნენ მის დეიდაშვილ ისაბელ პორტუგალიელზე დაქორწინებას, რომელიც პორტუგალიის მეფე მანუელ I-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ მარია არაგონელის უფროსი ქალიშვილი იყო, მარია არაგონელი კი კარლის ღვიძლი დეიდა იყო. 18 წლის მეფე ამ წინადადებას არც ეთანხმებოდა და არც უარყოფდა. 1518 წელს მანუელ I-მა ცოლად კარლის უფროსი და ელეონორ ავსტრიელი შეირთო. ვინაიდან ესპანეთს ამ ქორწინებით პორტუგალიასთან ალიანსი უკვე ჰქონდა, კარლს შეეძლო ცოლად სხვა ეროვნების ქალი შეერთო. 1521 წლიდან კარლს მისმა ფლანდრიელმა მრჩევლება შესთავაზეს მის დეიდაშვილზე, ჰენრი VIII-ისა და კატალინა არაგონელის ერთადერთ ქალიშვილ მერი ტიუდორზე დაქორწინება. მერი ინგლისის ტახტის მემკვიდრე იყო და ჰენრის გარდაცვალების შემდეგ კარლი ინგლისში გამეფებას შეძლებდა, თუმცა ამავე წელს მანუელ I გარდაიცვალა, ელეონორა კი უკან დააბრუნეს. ამის შემდეგ ესპანეთს უკვე აღარ აკავშირებდა ალიანსი პორტუგალიასთან, რამაც კარლი ისაბელზეც დააფიქრა, თუმცა მერიზე ქორწინებასაც არ თვლიდა ურიგოდ. თუმცა კარლმა თავისი არჩევანი ისაბელზე შეაჩერა, ვინაიდან კარლი უკვე ოცი წლის კაცი იყო, მერი კი 6 წლის ბავშვი, ისაბელი კი კარლის თანატოლი იყო და მერისაგან განსხვავებით მას მისთვის უკვე შეეძლო შვილების გაჩენა.
1525 წლიდან კარლმა უკვე საბოლოოდ თქვა უარი მერი ტიუდორზე დაქორწინებაზე, ვინაიდან მას მემკვიდრეები მალევე სურდა, ამის საშუალება კი ისაბელთან ჰქონდა. პავიის ბრძოლის შემდეგ კარლმა ინგლისელებს ოფიციალურად განუცხადათ უარი და გამოაცხადა, რომ პორტუგალიის პრინცესა ისაბელზე აპირებდა დაქორწინებას. კარლმა პორტუგალიასთან მჭიდრო კავშირის გასაკეთებლად პორტუგალიის მეფე ჟუან III-ს (ისაბელის ძმას) ორმაგი დინასტიური ქორწინება შესთავაზა, რაზეც ჟუანი დასთანხმდა. კარლი ცოლად ისაბელ პორტუგალიელს ირთავდა, ხოლო ჟუან III-ს ცოლად მიჰყვებოდა კარლის უმროსი და — ეკატერინე ავსტრიელი. ისაბელის მზითვით, რომელიც 900 000 ოქროს მონეტას შეადგენდა, კარლმა მთლიანად გაისტუმრა იტალიურ ომებში დადებული ვალები.
1526 წლის 10 მარტს ქალაქ სევილიის ალკასარის სასახლეში კარლი და ისაბელი დაქორწინდნენ. მართალია თავიდან მათი ქორწინება წმინდა წყლის პოლიტიკური კავშირის გამო შედგა, თუმცა წყვილს ერთმანეთი პირველივე ნახვისთანავე ძალიან შეუყვარდა და ისაბელის სილამაზით დატყვევებულმა კარლმა მალევე მისი ნახატის დახატვა ბრძანა, მისი სილამაზის უკვდავსაყოფად. მათი ქორწინება პირველივე დღიდან ძალიან ბედნიერი იყო. კარლმა და ისაბელმა თაფლობის თვე ალჰამბრაში გაატარეს. 1527 წელს მათი სიყვარულის სიმბოლოდ კარლმა გრანადაში სასახლე ააგო, რომელიც მათ საყვარელ ადგილად იქცა, თუმცა შემდგომში ომებისას ეს სასახლე დაინგრა და მხოლოდ მეოცე საუკუნის ბოლოს მოხერხდა მისი რესტავრაცია.
მიუხედავად იმისა, რომ კარლს ხშირად წლობის მანძილზე უწევდა საზღვარგარეთ ცხოვრება, მათი ქორწინება მაინც ბედნიერი იყო, რადგან ორივე ერთმანეთის მოსიყვარულე და ერთგული მეუღლე იყო. იგი იმდენად ენდობოდა ისაბელს, რომ წლობით იგი მას ესპანეთის რეგენტად ნიშნავდა და თავიდან ბოლომდე აძლევდა ქვეყნის მართვის სადავეებს. კარლი კმაყოფილი იყო ცოლის პოლიტიკური ალღოთი და მიღწევებით.
მათი ბედნიერი ქორწინება მხოლოდ ცამეტი წელი გაგრძელდა, მანამდე სანამ 1539 წელს 35 წლის ისაბელი მშობიარობის შემდგომ ინფექციას არ გადაჰყვა. მას მეშვიდე ორსულობისას ნაადრევი მშობიარობა დაეწყო, მკვდარი ვაჟი გააჩინა, რის შემდეგაც იგი ძლიერ დაავადდა და 1 მაისს გარდაიცვალა. კარლმა მისი დაკარგვა საშინლად განიცადა, იგი ორი თვის მანძილზე მონასტერში გამოიკეტა, სადაც მხოლოდ პურისა და წყლის ამარა გლოვობდა ისაბელს და ლოცულობდა მისთვის. მოგვიანებით იგი შედარებით გამოვიდა მდგომარეობიდან, თუმცა მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრება შავებში იმოსებოდა. თავისი უსაყვარლესი მეუღლის ხსოვნის უკვდავსაყოფად კარლმა ორი რექვიემი შეუკვეთა. 1548 წელს კი ისაბელის ძველ პორტრეტზე დაყრდნობით თავის საყვარელ მხატვარს — ტიციანს ისაბელის პორტრეტი დაახატვინა, ამას მოჰყვა ტიციანის პორტრეტზე დაყრდნობით შესრულებული რუბენსის ტილო, რომელზეც ისაბელთან ერთად კარლიცაა გამოსახული. მოგვიანებით, როდესაც კარლი ტახტიდან გადადგა და მონასტერში წავიდა, თან მხოლოდ ეს პორტრეტები წაიღო.
ჯანმრთელობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კარლს მთელი თავისი ცხოვრება წინ წამოწეული დეფორმირებული ქვედა ყბა ჰქონდა, რომელიც მან მაქსიმილიან I-გან მიიღო მემკვიდრეობით. ასეთივე ყბა ჰქონდა ყველა მის შთამომავალს, რომელიც ახალ თაობაში სულ უფრო და უფრო ძლიერ ეფექტს იძენდა, კულმინაციამ კი კარლ II-თან მიაღწია. სწორედ აქედან დამკვიდრდა ტერმინი ჰაბსბურგული ყბა, რაც წინ წამოწეულ ქვედა ყბას ნიშნავს. ეს დეფექტი გამოწვეული იყო იმით, რომ ჰაბსბურგები გამუდმებით უახლოეს ნათესავებზე ქორწინდებოდნენ, ხდებოდა სისხლის აღრევა და თითქმის ყოველთვის მსგავსი დეფექტიანი ბავშვი იბადებოდა. გარდა ამისა კარლს ჰქონდა ეპილეფსია, რომელიც შემდგომში გუტის დაავადებაში გადაიზარდა, რის გამოც უამრავი წლის მანძილზე იგი დიეტას იცავდა, რაც წითელი ხორცის აკრძალვას ნიშნავდა. ეს დაავადება მას ფეხებზე ჰქონდა, რაც თანდათან უფრო პროგრესირებდა. ბოლო წლებში კი, როდესაც იგი ბერად აღიკვეცა მონასტერში, იგი სიარულს ვეღარ ახერხებდა და სავარძელში იჯდა, საჭირო ნივთები კი ყოველთვის ახლოსვე ელაგა.
ტახტიდან გადადგომა და დარჩენილი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ორმოცდაათწლიანმა გაუთავებელმა ომებმა და პოლიტიკამ უკვე ხანში შესული კარლი გადაღალა, რის გამოც მან ტახტიდან გადადგომა გადაწყვიტა. თავდაპირველად იგი 1554 წელს გადადგა სიცილიის, სარდინიის, ნეაპოლისა და მილანის ტახტიდან, რომელიც თავის ვაჟ ფილიპე II-ს დაუთმო. თუმცა მანამ სანამ ხუანა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, რომის პაპს ფილიპეს მეფედ კურთხევა არ შეეძლო. 1555 წელს კი, როდესაც ხუანა გარდაიცვალა, 18 ნოემბერს პაპმა იულიუს III-მ ოფიციალურად აღიარა კარლის ამ სახელმწიფოთა ტახტიდან გადადგომა და მასზედ ფილიპეს ასვლა. 1555 წლის 25 ოქტომბერს კარლი ბურგუნდიისა და ჩვიდმეტი პროვინციის ტახტიდანაც გადადგა, სადაც იგი ასევე ფილიპემ ჩაანაცვლა. 1556 წლის 16 იანვარს კარლი ესპანეთის იმპერიის ტახტიდანაც გადადგა, სადაც მისი მემკვიდრე კვლავ ფილიპე II იყო. 1556 წლის 27 აგვისტოს მან საღვთო რომის იმპერატორის წოდება თავისი ძმის, ფერდინანდ I-ის სასარგებლოდ დათმო, თუმცა გერმანელი დიდგვაროვნები 1558 წლამდე თავიანთ იმპერატორად კარლს თვლიდნენ. მოგვიანებით ამის აღმოსაფხვრელად ფერდინანდმა საიმპერატორო არჩევნები ჩაატარა, სადაც ან ის უნდა აერჩიათ, ან კარლი. გერმანელებს სხვა გზა აღარ დარჩათ და იმპერატორი ფერდინანდი გახდა.
კარლი ესპანეთში, ესტრემადურაში მდებარე იუსტის მონასტერში ბერად აღიკვეცა, თუმცა თავისი იმპერიების ბედი ყოველთვის ადარდებდა და ამის გამო იგი სულ საქმის კურსში იყო. ბევრი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ ამ დროს კარლს მიზნად ჰქონდა 1552 წელს ფრანგების მიერ მიწასთან გასწორებული მეცის აღდგენა, რაც არ დასცალდა. კარლმა სიცოცხლის უკანასკნელი წლები მარტოობაში, გლოვასა და ლოცვაში გაატარა. აგრეთვე ცნობილია, რომ მას ხშირად სტუმრობდა მისი უფროსი და, ფრანსუა I-ის ქვრივი ელეონორ ავსტრიელი. როგორც ისტორიული წყაროები მოგვითხრობენ, კარლმა გარდაცვალებამდე ექვსი თვით ადრე იგრძნო თავისი აღსასრულის დრო და თავისი კუბო დაამზადებინა, მონიშნა საფლავის ადგილი და ბერებს ყველა დეტალი დაუბარა, თუ როგორ სურდა ყოფილ იმპერატორს თავისი დაკრძალვა.
გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1558 წლის აგვისტოდან კარლის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშინლად დამძიმდა. მოგვიანებით მისმა ავადმყოფობამ მალარიის ნიშნები გამოავლინა. იგი 1558 წლის 21 სექტემბერს, დილაადრიან გარდაიცვალა 58 წლის ასაკში. ცნობილია, რომ სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარე კარლს სწორედ ის ჯვარი ჰქონდა ჩახუტებული, რომელიც წლების წინ ისაბელ პორტუგალიელს, როცა კვდებოდა.
თავდაპირველად კარლი იუსტის მონასტრის სამლოცველოს იატაკის ქვეშ დაკრძალეს. თუმცა კარლის სურვილი იყო, რომ იგი ისაბელ პორტუგალიელის გვერდით დაეკრძალათ. 1559 წელს ესპანეთში დაბრუნებულმა ფილიპე II-მ მადრიდში გიგანტური სასახლის მშენებლობა დაიწყო, რომელსაც ამავდროულად სამეფო აკლდამის ფუნქციაც უნდა შეეთავსებინა. ფილიპეს სურვილით ესპანეთის ყველა მეფე და დედოფალი აქ უნდა დაკრძალულიყო, რაც ასეც მოხდა. სასახლის მშენებლობა წლები გაგრძელდა და მხოლოდ 1574 წელს დასრულდა, ფილიპემ მას ესკორიალი დაარქვა და დედ-მამის ცხედრები სწორედ იქ გადაასვენა. მან ასევე აქ გადაასვენა სხვა სამეფო ოჯახის წევრების ნეშტებიც. ფილიპეს ბრძანებით მისი დედ-მამის საფლავზე თავად მათი ოქროს ქანდაკებები აღმართეს. მოგვიანებით 1654 წელს მეფე ფილიპე IV-მ მათი ახალ აკლდამაში გადასვენება მოითხოვა, თუმცა ესპანელებმა ეს არ დაუშვეს.
კარლისა და ისაბელის ოქროს საფლავის უკან მდებარეობს კარლის დების, საფრანგეთისა და პორტუგალიის დედოფალ ელეონორ ავსტრიელისა და უნგრეთის, ხორვატიისა და ბოჰემიის დედოფალ მარია ავსტრიელის ასევე ოქროს საფლავები. მათ გვერდით კი განისვენებს თავად ფილიპე თავის სამ ცოლთან — მარია პორტუგალიელთან, ელიზაბეტ ვალუასთან და ანა ავსტრიელთან ერთად, მართალია ფილიპეს ოთხი ცოლი ჰყავდა, თუმცა მისი მეორე ცოლი, დედოფალი მერი ტიუდორი ინგლისში განისვენებს. ასევე მათ გვერდითაა დაკრძალული ფილიპეს პირველი და ჭკუიდან შეშლილი ვაჟი, კარლის მოსახელე დონ კარლოსი.
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კარლს თავის ერთადერთ მეუღლესთან, დედოფალ ისაბელ პორტუგალიელთან შვიდი შვილი ჰყავდა:
სახელი | პორტრეტი | დაიბადა | გარდაიცვალა | გარდ. ასაკი | მეუღლე(ები) | ტიტულები |
---|---|---|---|---|---|---|
ფილიპე II | 21 მაისი, 1527 | 13 სექტემბერი, 1598 | 71 წლის | ესპანეთისა და პორტუგალიის
კოლონიური იმპერიების მეფე, ინგლისისა და ირლანდიის მეფე-კონსორტი | ||
მარია | 21 ივნისი, 1528 | 26 თებერვალი, 1608 | 74 წლის | საღვთო რომის იმპერატრიცა,
გერმანიის, იტალიის, უნგრეთის, ხორვატიისა და ბოჰემიის დედოფალი, ავსტრიის ერცჰერცოგინია | ||
ფერდინანდი | 22 ნოემბერი, 1529 | 13 ივლისი, 1530 | 7 თვის | |||
ვაჟი | 29 ივნისი, 1534 | დაიბადა
მკვდარი |
||||
ხუანა | 26 ივნისი, 1535 | 7 სექტემბერი, 1573 | 38 წლის |
|
პორტუგალიის პრინცესა | |
ხუანი | 19 ოქტომბერი, 1537 | 29 მარტი, 1538 | 4 თვის | |||
ვაჟი | 21 აპრილი, 1539 | დაიბადა
მკვდარი |
გარდა ისაბელთან შეძენილი კანონიერი შვილებისა, ქორწინებამდე და დაქვრივების შემდეგ კარლს ჰყავდა საყვარლები, რომელთანაც ოთხი შვილი შეეძინა:
იოჰანა მარია ვონ დერ გეინისტთან ჰყავდა ერთი ქალიშვილი:
- მარგარეტი (1522—1586), პირველად ცოლად გაჰყვა ფლორენციის ჰერცოგ ალესანდრო მედიჩის, მისი გარდაცვალების შემდეგ დაქორწინდა პარმისა და პიაჩენცას ჰერცოგ ოტავიო ფარნეზეზე, რომელთანაც ერთი ვაჟი შეეძინა, მეორედ დაქვრივების შემდეგ კი დაინიშნა ესპანური ნიდერლანდების შტატჰალტერად;
ნასაუს დინასტიის წარმომადგენელ, უცნობ საყვარელთან ჰყავდა ერთი ქალიშვილი:
- იოჰანა (1522—1530), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
ორსილინა დელა პალენასთან ჰყავდა ერთი ქალიშვილი:
- თადეა (1523—1562), ცოლად გაჰყვა სინიბალდო დი კოპესჩინს;
ბარბარა ბლომბერგთან ჰყავდა ერთი ვაჟი:
- ხუანი (1547—1578), იყო ესპანური არმიის ადმირალი ლეპანტოს ბრძოლაში.
ისტორიკოსები ასევე თვლიან, რომ კარლს რომანი ჰქონდა თავისი ბაბუის, ფერდინანდ II-ის მეორე ცოლთან, დედოფალ ჟერმენა დე ფუასთან, რომელთანაც ჰყავდა ერთი უკანონო ქალიშვილი — ისაბელ კასტილიელი, რომელიც მალევე გარდაიცვალა.
-
მარგარეტ პარმელი, კარლის უფროსი უკანონო ქალიშვილი
-
იოჰან ავსტრიელი, კარლის ნაბოლარა უკანონო ვაჟი
ტიტულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბურგუნდიის ჰერცოგი – 25 სექტემბერი, 1506—16 იანვარი, 1556: კარლ II
- ბრაბანტის ჰერცოგი – 25 სექტემბერი, 1506—25 ოქტომბერი, 1555: კარლ II
- ლიმბურგის ჰერცოგი – 25 სექტემბერი, 1506—25 ოქტომბერი, 1555: კარლ II
- ლოთერის ჰერცოგი – 25 სექტემბერი, 1506—25 ოქტომბერი, 1555: კარლ II
- ლუქსემბურგის ჰერცოგი – 25 სექტემბერი, 1506—25 ოქტომბერი, 1555: კარლ II
- ნემურის მაკგრაფი – 25 სექტემბერი, 1506—25 ოქტომბერი, 1555: კარლ II
- ბურგუნდიის პფალცგრაფი – 25 სექტემბერი, 1506—16 იანვარი, 1556: კარლ II
- არტუას გრაფი – 25 სექტემბერი, 1506—25 ოქტომბერი, 1555: კარლ II
- შაროლის გრაფი – 25 სექტემბერი, 1506—21 სექტემბერი, 1558: კარლ II
- ფლანდრიის გრაფი – 25 სექტემბერი, 1506—25 ოქტომბერი, 1555: კარლ II
- ენოს გრაფი – 25 სექტემბერი, 1506—25 ოქტომბერი, 1555: კარლ II
- ჰოლანდიის გრაფი – 25 სექტემბერი, 1506—25 ოქტომბერი, 1555: კარლ II
- ზელანდიის გრაფი – 25 სექტემბერი, 1506—25 ოქტომბერი, 1555: კარლ II
- გელდერსის გრაფი – 12 სექტემბერი, 1543—25 ოქტომბერი, 1555: კარლ II
- გრონინგენის გრაფი – 12 სექტემბერი, 1543—25 ოქტომბერი, 1555: კარლ II
- ზუტპენიის გრაფი – 12 სექტემბერი, 1543—25 ოქტომბერი, 1555: კარლ II
- კასტილიის მეფე – 14 მარტი, 1516—16 იანვარი, 1556: კარლ I (ხუანა I-თან ერთად 1555 წლის 12 აპრილამდე)
- ლეონის მეფე – 14 მარტი, 1516—16 იანვარი, 1556: კარლ I (ხუანა I-თან ერთად 1555 წლის 12 აპრილამდე)
- ბარსელონას გრაფი – 14 მარტი, 1516—16 იანვარი, 1556: კარლ I
- რუსოლინის გრაფი – 14 მარტი, 1516—16 იანვარი, 1556: კარლ I
- არაგონის მეფე – 14 მარტი, 1516—16 იანვარი, 1556: კარლ I (ხუანა I-თან ერთად 1555 წლის 12 აპრილამდე)
- სიცილიის მეფე – 14 მარტი, 1516—16 იანვარი, 1556: კარლ I (ხუანა I-თან ერთად 1555 წლის 12 აპრილამდე)
- სარდინიის მეფე – 14 მარტი, 1516—16 იანვარი, 1556: კარლ I (ხუანა I-თან ერთად 1555 წლის 12 აპრილამდე)
- ვალენსიის მეფე – 14 მარტი, 1516—16 იანვარი, 1556: კარლ I (ხუანა I-თან ერთად 1555 წლის 12 აპრილამდე)
- მაიორკის მეფე – 14 მარტი, 1516—16 იანვარი, 1556: კარლ I (ხუანა I-თან ერთად 1555 წლის 12 აპრილამდე)
- ნეაპოლის მეფე – 14 მარტი, 1516—16 იანვარი, 1556: კარლ IV (ხუანა III-თან ერთად 1555 წლის 12 აპრილამდე)
- ჯირონას პრინცი – 23 იანვარი, 1516—14 მარტი, 1516: კარლ I
- ასტურიის პრინცი – 26 ნოემბერი, 1504—14 მარტი, 1516: კარლ I
- რომაელ-გერმანელთა მეფე – 28 ივნისი, 1519—24 თებერვალი, 1530: კარლ V
- იტალიის მეფე – 28 ივნისი, 1519—24 თებერვალი, 1530: კარლ V
- ავსტრიის ერცჰერცოგი – 12 იანვარი, 1519—12 იანვარი, 1521: კარლ I
- ნოისტრიის ჰერცოგი – 12 იანვარი, 1519—12 იანვარი, 1521: კარლ I
- კარინტიის ჰერცოგი – 12 იანვარი, 1519—12 იანვარი, 1521: კარლ I
- კარნიოლას ჰერცოგი – 12 იანვარი, 1519—12 იანვარი, 1521: კარლ I
- ტიროლის გრაფი – 12 იანვარი, 1519—12 იანვარი, 1521: კარლ I
- საღვთო რომის იმპერატორი – 12 იანვარი, 1519—24 თებერვალი, 1558: კარლ V
ხშირ შემთხვევაში მიიჩნევენ, რომ კარლი ასევე იყო ბოჰემიის, უნრეთისა და ხორვატიის მეფეც, ვინაიდან ისინი 1526 წელს მიუერთდა ავსტრიას, თუმცა ბევრს ავიწყდება, რომ კარლი ავსტრიის ტახტიდან ამ ამბამდე ოთხი წლით ადრე, 1521 წელს გადადგა და ზემოთ ხსენებული სამი სამეფო ავსტრიას მისმა ძმამ, ფერდინანდ I-მა მიუერთა და სწორედ ის ატარებდა ამ ტიტულებსაც, თუმცა ოფიციალურად კარლის იყო უნგრეთისა და ხორვატიის მეფეც, თუმცა მხოლოდ ფორმალური სახით. თავად კარლის ოფიციალური წოდება კი შემდეგნაირად წარმოდგება:
„კარლი, ღვთის ხელით დასმული საღვთო რომის იმპერატორი, სამუდამო ავგუსტი, მეფე გერმანიის, მეფე იტალიის, მეფე სრულიად ესპანეთისა, კასტილიისა, ლეონისა, არაგონისა, უნგრეთისა, დალმაციისა, ხორვატიისა, ნავარისა, გრანადისა, ტოლედოსი, ვალენსიისა, გალისიისა, მაიორკისა, სევილიისა, კორდოვისა, მურსიისა, ხაიენისა, ალგარვისა, ალჟირისა, გიბრალტარისა, კანარის კუნძულებისა, ორი სიცილიისა, სარდინიისა, კორსიკისა, იერუსალიმისა, მეფე დასავლეთ და აღმოსავლეთ ინდოეთისა, მეფე სრულიად კუნძულებისა და ოკეანეთისა, ავსტრიის ერცჰერცოგი, ჰერცოგი ბურგუნდიისა, ბრაბანტისა, ლოთარინგიისა, ნოისტრიისა, კარინტიისა, კარნიოლისა, ლიმბურგისა, ლუქსემბურგისა, გერდერლენდისა, ნეაპოლიტანიისა და ვიუტემბერგისა, ალსკასეს მაკგრაფი, პრინცი შვაბიისა, ასტურიისა და ჯირონისა, გრაფი კატალონიისა, რუსოლინისა, ფლანდრიისა, ჰაბსბურგისა, ტიროლიისა, გორიცისა, ბარსელონისა, არტუისა, ენოსი, ჰოლანდიისა, ზელანდიისა, ფერეტესა, კაიბურგისა, ნემურისა, კერდაგენისა, დრენთისა, ზუტპენიისა, მაკგრაფი ბარგუსა, ორისტანოსა და კოსტერისა, ლორდი ფრიზიისა, ვენდური მარკისა, ბისკაისა, სალინსისა, ტრიპოლისა და მეხელენისა.“
ჰერალდიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
კარლის გერბი 1506-1519 წლებში, როცა იგი ესპანეთის, ბურგუნდიისა და ქვემო ქვეყნების მამრთველი იყო
-
კარლის გერბი 1519-1556 წლებში, როდესაც იგი საღვთო რომის იმპერიასა და ესპანეთს ერთდროულად მართავდა
-
კარლის გერბი როცა იგი იყო ესპანეთის ინფანტი, ავსტრიის ერცჰერცოგი და ბურგუნდიის ჰერცოგი
-
კარლის სამეფო დროშა
წინაპრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 407.
- (ინგლისური) Alain Saint-Saëns (Ed.), Young Charles V. University Press of the South: New Orleans, 2000
- (გერმანული) Norbert Conrads: Die Abdankung Kaiser Karls V. Abschiedsvorlesung, Universität Stuttgart, 2003 (text)
- (გერმანული) Stephan Diller, Joachim Andraschke, Martin Brecht: Kaiser Karl V. und seine Zeit. Ausstellungskatalog. Universitäts-Verlag, Bamberg 2000, ISBN 3-933463-06-8
- (ინგლისური) Atkins, Sinclair. "Charles V and the Turks," History Today (Dec 1980) 30#12 pp 13–18
- (ინგლისური) Blockmans, W. P., and Nicolette Mout. The World of Emperor Charles V (2005)
- (ინგლისური) Brandi, Karl. The emperor Charles V: The growth and destiny of a man and of a world-empire (1939)
- (ინგლისური) Espinosa, Aurelio. "The Grand Strategy of Charles V (1500–1558): Castile, War, and Dynastic Priority in the Mediterranean," Journal of Early Modern History (2005) 9#3 pp 239–283.
- (ინგლისური) Espinosa, Aurelio. "The Spanish Reformation: Institutional Reform, Taxation, and the Secularization of Ecclesiastical Properties under Charles V," Sixteenth Century Journal (2006) 37#1 pp 3–24. in JSTOR
- (ინგლისური) Espinosa, Aurelio. The Empire of the Cities: Emperor Charles V, the Comunero Revolt, and the Transformation of the Spanish System (2008)
- (ინგლისური) Ferer, Mary Tiffany. Music and Ceremony at the Court of Charles V: The Capilla Flamenca and the Art of Political Promotion. Woodbridge: Boydell & Brewer, 2012. ISBN 9781843836995
- (ინგლისური) Froude, James Anthony (1891). The Divorce of Catherine of Aragon. Kessinger Publishing, reprint 2005. ISBN 1417971096. Retrieved 2016-02-23.
- (ინგლისური) Holmes, David L. (1993). A Brief History of the Episcopal Church. Continuum International Publishing Group. ISBN 1563380609. Retrieved 2016-02-23.
- (ინგლისური) Howell, Robert B. (2000), "The Low Countries: A Study in Sharply Contrasting Nationalisms", in Barbour, Stephen; Carmichael, Cathie, Language and nationalism in Europe, Oxford: Oxford University Press, pp. 130–50, ISBN 0-19-823671-9
- (ინგლისური) Kleinschmidt, Harald. Charles V: The World Emperor excerpt and text search
- (ინგლისური) Saint-Saëns, Alain, ed. Young Charles V. University Press of the South: New Orleans, 2000
- (იტალიური) Salvatore Agati (2009). Carlo V e la Sicilia. Tra guerre, rivolte, fede e ragion di Stato, Giuseppe Maimone Editore, Catania 2009, ISBN 978-88-7751-287-1
- (ფრანგული) D'Amico, Juan Carlos. Charles Quint, Maître du Monde: Entre Mythe et Realite 2004, 290p.
- (გერმანული) Norbert Conrads: Die Abdankung Kaiser Karls V. Abschiedsvorlesung, Universität Stuttgart, 2003 (text)
- (გერმანული) Stephan Diller, Joachim Andraschke, Martin Brecht: Kaiser Karl V. und seine Zeit. Ausstellungskatalog. Universitäts-Verlag, Bamberg 2000, ISBN 3-933463-06-8
- (გერმანული) Alfred Kohler: Karl V. 1500–1558. Eine Biographie. C. H. Beck, München 2001, ISBN 3-406-45359-7
- (გერმანული) Alfred Kohler: Quellen zur Geschichte Karls V. Wissenschaftliche Buchgesellschaft, Darmstadt 1990, ISBN 3-534-04820-2
- (გერმანული) Alfred Kohler, Barbara Haider. Christine Ortner (Hrsg): Karl V. 1500–1558. Neue Perspektiven seiner Herrschaft in Europa und Übersee. Verlag der Österreichischen Akademie der Wissenschaften, Wien 2002, ISBN 3-7001-3054-6
- (გერმანული) Ernst Schulin: Kaiser Karl V. Geschichte eines übergroßen Wirkungsbereichs. Kohlhammer, Stuttgart 1999, ISBN 3-17-015695-0
- (გერმანული) Ferdinant Seibt: Karl V. Goldmann, München 1999, ISBN 3-442-75511-5
- (გერმანული) Manuel Fernández Álvarez: Imperator mundi: Karl V. – Kaiser des Heiligen Römischen Reiches Deutscher Nation.. Stuttgart 1977, ISBN 3-7630-1178-1
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Genealogy history of Charles V and his ancestors დაარქივებული 2011-09-07 საიტზე Wayback Machine.
- Luminarium Encyclopedia biography of Charles V, Holy Roman Emperor
- Answers.com biographies of Charles V, Holy Roman Emperor
- New Advent biography of Charles V, Holy Roman Emperor
|
|
|
|
|
|
|
|
- სტატიები HDS იდენტიფიკატორით
- დაბადებული 24 თებერვალი
- დაბადებული 1500
- გარდაცვლილი 21 სექტემბერი
- გარდაცვლილი 1558
- საღვთო რომის იმპერატორები
- ჰაბსბურგები
- ესპანეთის მეფეები
- არაგონის მეფეები
- კასტილიის მეფეები
- XVI საუკუნის ევროპის მონარქები
- ნეაპოლის მეფეები
- სარდინიის მეფეები
- სიცილიის მეფეები
- ჰოლანდიის გრაფები
- ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგები
- იტალიური ომები
- ავსტრიის ერცჰერცოგები
- ტახტიდან გადამდგარი მონარქები
- ესკორიალის მეფეთა პანთეონში დაკრძალულები
- ასტურიის პრინცები