ანჩისხატის უბანი
ანჩისხატის უბანი — ძველი თბილისის ერთ-ერთი უბანი, მოიცავდა ანჩისხატის ეკლესიის მიდამოებს. ჩრდილოეთით საზღვრავდა ქალაქის გალავანი (ახლანდელი ბარათაშვილის ქუჩის გასწვრივ), აღმოსავლეთით — მტკვარი, სამხრეთით — მეფის სასახლე, ე. წ. ბატონის სასახლე (ახლანდელი ერეკლეს მოედანთან), დასავლეთით — ახლანდელი ავლევის ქუჩა. ქალაქში შესასვლელი ერთ-ერთი გზა ავანაანთ ხევზე (ახლანდელი ბარათაშვილისა და პუშკინის ქუჩები) გადებული ხიდით და „დაბლა კარის“ ანუ „წყლის კარის“ (ძველი თბილისის ერთ-ერთი კარი) გავლით პირველად ანჩისხატის უბანში შედიოდა.
„წყლის კარიდან“ ბატონის მოედნამდე მტკვრის პარალელურად მიდიოდა ქუჩა, რომელსაც ახლოს „წყლის კარის ქუჩას“ ეძახდნენ, ხოლო მის გაგრძელებას - „ანჩისხატის ქუჩას“ (ორივე ქუჩა ახლანდელი შავთელის ქუჩის ნაწილია). ეს ქუჩა წარმოადგენდა ანჩისხატის უბნის ცენტრალურ ნაწილს, სადაც ძირითადად ქართველი არისტოკრატია ცხოვრობდა XV-XVI საუკუნეებში ანჩისხატის ქუჩაზე მხოლოდ ბატონიშვილები ცხოვრობდნენ, XVII საუკუნიდან კი ამ რაიონში სხვა თავადებიც დასახლდნენ. XVIII საუკუნეში უბანში იყო მთავარეპისკოპოსის, მუხრანბატონების, ამილახვრების, არაგვის ერისთავების, ქსნის ერისთავების, ორბელიანების, ციციშვილების, გედევანიშვილების, გერმანოზაშვილების, აბაშიძეების და სხვათა სასახლეები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 504.
|