შინაარსზე გადასვლა

ვერე (თბილისი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვერე (მრავალმნიშვნელოვანი).
ვერე 1890-იან წლებში (ხედი დღევანდელი გმირთა მოედნის მხრიდან).

ვერე, ვერა — უბანი თბილისში, ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს (მთაწმინდის რაიონი).

სახელი ეწოდა მდინარე ვერის მიხედვით. ქალაქისპირა ისტორიული დასახლების ვერის ადრინდელი სახელია სკვირეთი (სკორეთი). პირველად სიტყვა „ვერე“ „ვერისხევის“ სახელად XIII საუკუნიდან გვხვდება. XVI საუკუნეში მეფე სიმონ I-ის მიერ გაცემულ სიგელში გვხვდება „ვერისხევის“ ტარუღა. სოფელი ვერე (ვერა) მდ. ვერის ქვემოწელზე, მტკვრის შესართავთან XVIII საუკუნეში წერილობით წყაროებში იხსენიება. აქ აღმოჩენილი ნუმიზმატიკური მასალა ცხადყოფს, რომ ეს ადგილები უფრო ადრეც უნდა ყოფილიყო დასახლებული.

ვერეზე გადიოდა თრიალეთისაკენ მიმავალი მნიშვნელოვანი სტრატეგიული და სავაჭრო-საქარავნო გზა. XVIII საუკუნეში ამ გზას იცავდა საგანგებო რაზმი, ე. წ. „ვერის ხევის ყარაული“. შემოიფარგლებოდა აღმოსავლეთიდან — გაბაანთ ხევით (ახლანდ. მ. ჯავახიშვილისა და ე. გაბაშვილის ქუჩებით), ჩრდილოეთიდან — საბურთალოთი, დასავლეთიდან — ვარაზისხევით, ხოლო სამხრეთიდან — ე. წ. „სემიონოვკის დასახლებით“ (ახლანდ. ზემო ვერით).

ვერე საგაბაშვილო მამული იყო. XVIII საუკუნეში შედგენილი ერთი დოკუმენტის („ქალაქის მოურავის სარგო“) მიხედვით, ქალაქის მოურავს თავისი წილი ვერის ბაღებიდანაც ერგებოდა.

XIX საუკუნეში აქ ახალი უბნები გაჩნდა — ვარდისუბანი, ვაკე. ვერის ინტენსიური განაშენიანება XIX საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო და საუკუნის ბოლოს ქალაქურმა საცხოვრებელმა სახლებმა ვაკის საზღვარს (ვარაზისხევს) მიაღწია.

ვერის ტერიტორიაზე შემორჩენილია XIII საუკუნის ეკლესია — „ლურჯი მონასტერი“, რომლის გვერდით მდებარეობს XX საუკუნის დასაწყისში აგებული იოანე ნათლისმცემლის ეკლესია.

  • ბერიძე თ., ძველი თბილისის გარეუბნების ისტორია, თბ., 1977.