ვილჰელმინა ამალია ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელი
ვილჰელმინა ამალია ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელი | |
---|---|
უნგრეთის, გერმანიისა და ხორვატიის დედოფალი, ავსტრიის ერცჰერცოგინია | |
მმართ. დასაწყისი: | 24 თებერვალი, 1699 |
მმართ. დასასრული: | 17 აპრილი, 1711 |
წინამორბედი: | ელეონორ მაგდალენა ნოიბურგელი |
მემკვიდრე: | ელიზაბეთ კრისტინა ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელი |
საღვთო რომის იმპერატრიცა და ბოჰემიის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 5 მაისი, 1705 |
მმართ. დასასრული: | 17 აპრილი, 1711 |
წინამორბედი: | ელეონორ მაგდალენა ნოიბურგელი |
მემკვიდრე: | ელიზაბეთ კრისტინა ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 21 აპრილი, 1673 |
დაბ. ადგილი: | ჰანოვერი, გერმანია |
გარდ. თარიღი: | 10 აპრილი, 1742, (68 წლის) |
გარდ. ადგილი: | ვენა, ავსტრია |
მეუღლე: | იოზეფ I, საღვთო რომის იმპერატორი |
შვილები: |
მარია იოზეფა, პოლონეთის დედოფალი ლეოპოლდ იოზეფი მარია ამალია, საღვთო რომის იმპერატრიცა |
დინასტია: | ჰანოვერები |
მამა: | იოჰან ფრიდრიხი, ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგი |
დედა: | ბენედიქტა ჰენრიეტა კურპფალცელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ვილჰელმინა ამალია ბრაუშვაიგ-ლიუნებურგელი (გერმ. Wilhelmine Amalie von Braunschweig-Lüneburg; დ. 21 აპრილი, 1673 — გ. 17 აპრილი, 1711) — ჰანოვერელთა დინასტიის წარმომადგენელი. გერმანიის, ხორვატიისა და უნგრეთის დედოფალი, ავსტრიის ერცჰერცოგინია 1699-1705 წლებში და საღვთო რომის იმპერატრიცა და ბოჰემიის დედოფალი 1705-1711 წლებში როგორც იოზეფ I-ის მეუღლე. პოლონეთის დედოფალ მარია იოზეფასა და საღვთო რომის იმპერატრიცა მარია ამალიას დედა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვილჰელმინა ამალია დაიბადა 1673 წლის 21 აპრილს ჩრდილო გერმანულ ქალაქ ჰანოვერში. იგი იყო ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგ იოჰან ფრიდრიხისა და მისი ცოლის, ჰერცოგინია ბენედიქტა ჰენრიეტა კურპფალცელის ქალიშვილი. იგი დედამისის მოთხოვნით მკაცრი კათოლიკური განათლების მისაღებად დეიდამისთან, მობუაზონის აბატისა ლუიზა ჰოლანდინასთან გააგზავნეს, საიდანაც მხოლოდ 1693 წელს დაბრუნდა. დაბრუნების თანავე, მისმა მშობლებმა მისი სურვილის საწინააღმდეგოდ და საღვთო რომის იმპერატრიცა ელეონორ მაგდალენა ნოიბურგელის მოთხოვნით ვილჰელმინა ამალია ავსტრიის ერცჰერცოგ იოზეფზე დანიშნეს. მართალია ვილჰელმინა დიდი სილამაზით არ გამოირჩეოდა, თუმცა იგი ყველას ხიბლავდა თავისი ღვთისმოსაობითა და სიბეჯითით.
ვილჰელმინა ამალიასა და იოზეფ ავსტრიელის ქორწინება 1699 წელს შედგა ვოლფენბიუტელში, რასაც დიდი საზეიმო ღონისძიებები მოჰყვა, რის შემდეგაც პატარძალი ახალ ქმართან ერთად ავსტრიის დედაქალაქ ვენის საიმპერატორო კარზე გადასახლდა.
მათი ქორწინების პირველი წლები თავდაპირველად ბედნიერი იყო. 1699 წელსვე ვილჰელმინამ გოგონა გააჩინა, რასაც 1700 წელს ვაჟი, ხოლო 1701 წელს კიდევ ერთი გოგონას დაბადება მოჰყვა. მიუხედავად ამისა, მას შემდეგ, რაც 1701 წელს მათი ვაჟი ლეოპოლდ იოზეფი ჩვილობაში გარდაიცვალა, იოზეფს გული გაუცივდა ვილჰელმინაზე. ამის შემდეგ ვილჰელმინა ამალიას ცხოვრება ნამდვილ კოშმარად იქცა, რადგანაც იგი მეტ ბავშვს ვეღარ აჩენდა და შესაბამისად ჰაბსბურგთა დინასტიასაც ვერ აგრძელებდა. მისი უეცარი ნაყოფიერების დაკარგვა ვენერიულ დაავადებას მიეწერება, რომელიც მას ქმრისგან გადაედო, რომელიც თავად იოზეფმა ერთ-ერთი საყვარლისგან აიკიდა. ვილჰელმინამ სიფილისისაგან განკურნება მხოლოდ 1704 წელს მოახერხა. შესაბამისად, მას ჰქონდა წყლულები მუცლის არეში, რამაც ცხადია ნეგატიური გავლენა იქონია მის რეპროდუქციულ სისტემაზე. რაც დრო გადიოდა, ცოლ-ქმარი ერთმანეთს სულ უფრო შორდებოდა, რაც კიდევ უფრო ასუსტებდა მემკვიდრის გაჩენის შანსებს.
იმ ფაქტმა, რომ მისი უშვილობის გამო ჰაბსბურგთა ძლევამოსილი დინასტის შეწყვეტის პირას იყო, ვილჰელმინა ღრმა დეპრესიაში ჩააგდო. 1711 წელს იმპერატორი იოზეფი გარდაიცვალა და ტახტზე მისი ძმა კარლ VI ავიდა, რომელსაც ასევე უვაჟობის პრობლემა ჰქონდა. ვილჰელმინამ მოახერხა და კარლს მისი ქალიშვილები თავისი ასულების შემდეგ ტახტის მემკვიდრეებად აცნობინა. ცნობილია, რომ ვილჰელმინა საღვთო რომის იმპერიის ტახტზე მხარს დიდად უჭერდა თავის სიძეს, ბავარიის კურფიურსტ კარლ VII-ს.
მას შემდეგ, რაც ვილჰელმინამ თავისი ორივე ქალიშვილი დიდი წარმატებით გაათხოვა უცხოეთის სამეფო კარებზე, 1717 წელს მან სილეზიელი დების მონასტერი დააარსა. დარჩენილი წლები მან ვენის საიმპერატორო კარზე გაატარა და ქველმოქმედებას მიუძღვნა. ვილჰელმინა ამალია ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელი გარდაიცვალა 1742 წელს, თავის 69-ე დაბადების დღემდე სულ ცოტა ხნით ადრე, ვენაში.
ვილჰელმინა 1742 წლის 13 აპრილს დაკრძალეს ვენის საიმპერატორო საძვალეში, მისი ქმრის, იმპერატორ იოზეფ I-ის გვერდით.
1894 წელს ქალაქ ჰანსენტარბიეს ცენტრალურ ქუჩას ვილჰელმინა ამალიას სახელი ეწოდა მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად.
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მარია იოზეფა (1699-1757), ცოლად გაჰყვა საქსონიის კურფიურსტ, პოლონეთის მეფესა და ლიტვის დიდ მთავარ ავგუსტ III-ს, რომელთანაც შეეძინა უამრავი შვილი, მათ შორის საფრანგეთის დოფინი მარია ჟოზეფა, ესპანეთის დედოფალი მარია ამალია და საქსონიის კურფიურსტი ფრიდრიხ კრისტიანი;
- ლეოპოლდ იოზეფი (1700-1701), ავსტრიის ერცჰერცოგი, გარდაიცვალა ჩვილობაში;
- მარია ამალია (1701-1756), ცოლად გაჰყვა ბავარიის კურფიურსტ კარლ VII-ს, რომელიც შემდგომში საღვთო რომის იმპერატორი, გერმანიისა და ბოჰემიის მეფე გახდა. წყვილს სულ ექვსი შვილი შეეძინა, რომელთაგან აღსანიშნავია საქსონიის კურფიურსტი მარია ანტონია, ბავარიის კურფიურსტი მაქსიმილიან III, ბადენ-ბადენის ლანდგრაფინია მარია ანა და საღვთო რომის იმპერატრიცა მარია იოზეფა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Constantin von Wurzbach: Habsburg, Amalie Wilhelmine von Braunschweig-Lüneburg. In: Biographisches Lexikon des Kaiserthums Oesterreich. 6. Theil. Kaiserlich-königliche Hof- und Staatsdruckerei, Wien 1860, S. 147 f.
|
|