შინაარსზე გადასვლა

მარია იოზეფა ავსტრიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარია იოზეფა ავსტრიელი
საქსონიის კურფიურსტი
მმართ. დასაწყისი: 1 თებერვალი, 1733
მმართ. დასასრული: 17 ნოემბერი, 1757
წინამორბედი: კრისტიანა ებერჰარდინა ბრანდენბურგ-ბაიროითელი
მემკვიდრე: მარია ანტონია ბავარიელი
პოლონეთისა და ლიტვის დედოფალი
კორონაცია: 17 იანვარი, 1734, კრაკოვი, პოლონეთი
მმართ. დასაწყისი: 17 იანვარი, 1734
მმართ. დასასრული: 17 ნოემბერი, 1757
წინამორბედი: კატარინა ოპალინსკა
მემკვიდრე: პოლონეთის გადანაწილება
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 8 დეკემბერი, 1699
დაბ. ადგილი: ვენა, ავსტრია
გარდ. თარიღი: 17 ნოემბერი, 1757, (57 წლის)
გარდ. ადგილი: დრეზდენი, საქსონია
მეუღლე: ავგუსტ III საქსონიელი
შვილები: 1. ფრიდრიხ კრისტიანი, საქსონიის კურფიურსტი
2. მარია ამალია, ესპანეთის დედოფალი
3. მარია მარგარეტა
4. მარია ანა, ბავარიის კურფიურსტი
5. ფრანც ხავიერი
6. მარია ჟოზეფა, საფრანგეთის დოფინი
7. კარლი, კურლანდის ჰერცოგი
8. მარია კრისტინა, რემირემონტის აბატი
9. მარია ელიზაბეთი
10. ალბერტ კაზიმირი, ტესჩენის ჰერცოგი
11. კლემენტ ვენეცელი, ტრიერის არქიეპისკოპოსი
12. მარია კანიგუნდა, ესენის აბატი
სრული სახელი: მარია იოზეფა ბენედიქტა ანტონია ტერეზია ხავიერა ფილიპინა
დინასტია: ჰაბსბურგები
მამა: იოზეფ I, საღვთო რომის იმპერატორი
დედა: ვილჰელმინა ამალია ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელი
რელიგია: კათოლიციზმი

მარია იოზეფა ავსტრიელი (გერმ. Maria Josepha von Österreich, პოლ. Maria Józefa Habsburżanka; დ. 8 დეკემბერი, 1699, ვენა, ავსტრია — გ. 17 ნოემბერი, 1757, დრეზდენი, საქსონია) — ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. საღვთო რომის იმპერატორ იოზეფ I-ისა და მისი ცოლის, ვილჰელმინა ამალია ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელის ასული. საქსონიის კურფიურსტი 1733-57 და პოლონეთ-ლიტვის დედოფალი 1734-57 წლებში როგორც ავგუსტ III საქსონიელის მეუღლე და მისი თექვსმეტი შვილის დედა.

მარია იოზეფა 1710 წელს, უნგრულ ნაციონალურ სამოსში

მარია იოზეფა დაიბადა 1699 წლის 8 დეკემბერს ვენაში. იგი იყო საღვთო რომის იმპერატორ იოზეფ I-ისა და მისი მეუღლის, იმპერატრიცა ვილჰელმინა ამალია ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელის ასული. იგი დაბადებიდან მალევე მონათლეს კათოლიკედ. მას სახელი მარია ღვთისმშობელ მარიამის, ხოლო იოზეფა მამის, იმპერატორ იოზეფის პატივსაცემად დაარქვეს. 1703 წელს მისმა ბაბუამ, იმპერატორმა ლეოპოლდ I-მა გამოსცა მემკვიდრეობის პრაგმატული პაქტი, რომლისდა მიხედვითაც, თუკი მისი ორივე ვაჟი (იგულისხმება იმპერატორი იოზეფი და მისი ძმა კარლი) უვაჟებოდ დაიღუპებოდნენ, ტახტზე ავიდოდა არა მარია იოზეფა, არამედ ერცჰერცოგ კარლის უფროსი ქალიშვილი მარია ტერეზია.

საქორწინო მოლაპარაკებები მარია იოზეფასა და საქსონია-პოლონეთ-ლიტვის მეფე ავგუსტ II-ის ვაჟს, პრინც ავგუსტს შორის ჯერ კიდევ 1704 წლიდან დაიწყო. თუმცაღა ვინაიდან პრინცი ავგუსტი ამ დროს ლუთერანი იყო, მარია იოზეფა კი კათოლიკე, ქორწინებას დიდი მომავალი არ ჰქონდა, მაგრამ მას შემდეგ რაც ავგუსტმა 1712 წელს კათოლიკობა მიიღო საქორწინო მოლაპარაკებები სერიოზულად დაიწყო. 1719 წლის 20 აგვისტოს მარია იოზეფა და ფრიდრიხ ავგუსტი დაქორწინდნენ. ამ ქორწინებით დამოყვრნენ ვეტინებისა და ჰაბსბურგების დინასტიები, ავგუსტ II-ს კი იმედი ჩაესახა, რომ ამ ქორწინების საფუძველზე ავსტრიის მემკვიდრეობის ომში, რომელიც გარდაუვალი იყო მას უპირატესობა ექნებოდა უძლიერესი ავსტრია-უნგრეთის ტახტზე ასასვლელად. მას შემდეგ რაც 1722 წელს წყვილს უკვე მესამე ვაჟი შეეძინათ, მეფე ავგუსტის სიმპატიები და იმედები მათდამი კიდევ უფრო გაიზარდა. საქსონიაში ახალგაზრდა წყვილი დრეზდენის სასახლეში ცხოვრობდა. მათი მრავალწლიანი ქორწინება ძალიან ბედნიერი აღმოჩნდა და ავგუსტს მეუღლისთვის არასდროს უღალატია, განსხვავებით ბევრი ევროპელი მონარქისგან.

დედოფალი და კურფიურსტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დედოფალი მარია იოზეფა ავსტრიელი

1733 წელს ფრიდრიხ ავგუსტი ჯერ საქსონიის კურფიურსტი, ხოლო 1734 წელს კი უკვე პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის მეფეც გახდა. ავგუსტ III-ისა და მარია იოზეფას კორონაცია ამავე წლის 14 იანვარს შედგა პოლონეთის ქალაქ კრაკოვში. დედოფალი მარია იოზეფა მეტად რელიგიური, ჭკვიანი და ამბიციური იყო. თანამეგობრობის ტერიტორიაზე მან მრავალი ეკლესია-მონასტერი ააგო და ამასთან მხარს უჭერდა პოლონეთში იეზუიტთა ორდენის მოღვაწეობას.

როგორც პოლონეთის დედოფალი და საქსონიის კურფიურსტი, თავის ცხოვრებას სწორედ ამ ორ ქვეყანაში ატარებდა, მაგრამ მის მთავარ რეზიდენციად კვლავაც საქსონია რჩებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი საყვარელი ადგილი სწორედ დრეზდენის სასახლე იყო, იგი ასევე დიდ დროს ატარებდა პოლონეთში, სადაც ასევე სიამოვნებდა ყოფნა, ვინაიდან მას ძალიან უყვარდა კათოლიკეები და მნიშვნელობა არ ჰქონდა მათ ეროვნებას. 1734-6 წლებში მეფე-დედოფალი სულ პოლონეთში იყვნენ. ამ პერიოდში მარია იოზეფამ ისწავლა პოლონურად ლაპარაკი და ასევე ხშირად ესწრებოდა პოლონეთის პარლამენტის შეკრებებს. არსებობს დადასტურებული საბუთები და წერილები, რომ დედოფალი მარია იოზეფა შვილებს ყოველთვის მხოლოდ ფრანგულად ესაუბრებოდა, რადგან პოლონეთში ეს ენა თითქმის არავინ არ იცოდა, მას სურდა შვილებთან მისი საუბრები ვერავის გაეგო. მას აგრეთვე ძალიან უყვარდა მუსიკა, ხელოვნება და ქმართან ერთად ნადირობა. ცნობილია, რომ მთელი შემოდგომის სეზონს ბედნიერი წყვილი თავიანთ სანადირო ჰაბერტუსბურგის სასახლეში ატარებდნენ.

მარია იოზეფა 1737 წლისთვის

იგი კათოლიციზმს ფაქტობრივად თავს უძღვნიდა და განსაკუთრებულ პატივს სცემდა წმინდა ფრანსისკეს ორდენს, რომელსაც მაქსიმალურად დაეხმარა დრეზდენში კათოლიკური კათედრალის აშენებაში. დედოფლის პირადი მოძღვარი, მამა ანტონ ჰერმანი აცხადებდა, რომ მარია იოზეფა კათოლიკური მრსწამსის ერთგულებისა და წესრიგის განსახიერება იყო, ვინაიდან იგი დღეში 2-ჯერ ან 4-ჯერაც კი ესწრებოდა მესას, ეწეოდა ქველმოქმედებას, გამუდმებით ლოცულობდა და მარხულობდა. ასევე მისი მოძღვარის განცხადებით დედოფალს მონაზვნადაც კი სურდა აღკვეცა, მაგრამ თავის საერო ვალდებულებებს ვერ ელეოდა. იგი ასევე ეწეოდა კათოლიციზმის პოპულაციასა და პროტესტანტების დევნას. ვინაიდან მას მკაცრი მორალი ჰქონდა, იგი არც ისე კარგად ეპყრობოდა თავისი ქმრის ნახევარ-ძმებს, რომელთაც იგი "ცოდვის შვილებად" მოიხსენიებდა.

დედოფალი მარია იოზეფა პოლიტიკურად მეტად აქტიური პიროვნება იყო. მიუხედავად იმისა, რომ მისი ქმრის ქვეყანაში არ ყოფნისას იგი რეგენტად ინიშნებოდა, ის მაინც ახერხებდა პოლიტიკურ საქმიანობებში ჩარევას, მაშინაც კი, როცა ავგუსტი შინ იყო. საჯაროდ იყო ცნობილი, რომ მეფის ნაცვლად სწორედ დედოფალი აგვარებდა სახელმწიფო საქმეებს და სწორედ იგი ხვდებოდა ხოლმე უცხოურ ელჩობებს. სავარაუდოდ მარია იოზეფას ცუდი ურთიერთობა ჰქონდა თავის უფროს ვაჟ ფრიდრიხ კრისტიანთან, რადგან დედოფალს სურდა, რომ პოლონეთის მომავალი მეფე არა ის, არამედ მისი მეორე ვაჟი ფრანც ხავიერი გამხდარიყო. სწორედ ამიტომ პრინცმა ფრიდრიხ კრისტიანმა დატოვა სამშობლო და ბოჰემიაში გაემგზავრა, რათა საჭირო პოლიტიკური კავშირები შეექმნა. იგი აპირებდა ბოჰემიაში ცოლად შეერთო ავსტრიის მომავალი იმპერატრიცა მარია ტერეზია, მაგრამ მას ამის საშუალება არ მისცეს და უკან, პოლონეთში დააბრუნეს.

მარია იოზეფა 1755 წელს

1740 წელს ავსტრიის მემკვიდრეობის ომში მარია იოზეფამ და ავგუსტ III-მ ტახტზე პრეტენზია განაცხადეს. მან ეს პრეტენზია თავისი დის, მარია ამალიას სასარგებლოდ დათმო, 1742 წელს კი იგი ავსტრიასთან ალიანსში შევიდა.

ავსტრიის მემკვიდრეობისთვის ატეხილი შვიდწლიანი ომის პერიოდში მარია იოზეფა დრეზდენში ცხვრობდა ფრიდრიხ კრისტიანთან და მის ცოლთან, მარია ანტონია ბავარიელთან ერთად. იგი მაშინაც კი დრეზდენში დარჩა, როდესაც ქალაქს ალყა პრუსიელებმა შემოარტყეს. ქალაქი დაეცა და მარია იოზეფა, მისი ვაჟი და რძალი დრეზდენის სასახლეში პრუსიელებმა დაატყვევეს. დედოფალს შვილებთან წერილების გაგზავნა აუკრძალეს, მაგრამ ფარული შეტყობინებების გაგზავნას მაინც ახერხებდა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი იმპერატორ ფრიდრიხ II დიდის მიერ იყვნენ დატყვევებულნი, იგი მაინც ახერხებდა პირად აუდიენციასა და დახმარების თხოვნას. 1757 წლის 4 აპრილს პრუსიელებმა მისი საიდუმლო შიკრიკიც დააკავეს. ამავე წლის 6 სექტემბერს ავსტრიის სამეფო კარზე მისი უკანასკნელი წერილი ჩავიდა, სადაც იწერებოდა, რომ ეს უკანასკნელი წერილი იყო, რადგან ფრიდრიხი მას მკაცრად იცავდა.

1757 წლის 17 ნოემბერს მარია იოზეფა დრეზდენის სასახლეში, ტყვეობაში დაიღუპა ინსულტის შედეგად. იგი დაკრძალეს მისსავე აგებულ დრეზდენის კათოლიკურ საკათედრო ტაძარში.

  1. ფრიდრიხ ავგუსტი (დ. 1720 — გ. 1721), გარდაიცვალა ჩვილობაში;
  2. იოზეფ ავგუსტი (დ. 1721 — გ. 1728), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  3. ფრიდრიხ კრისტიანი (დ. 1722 — გ. 1763), საქსონიის კურფიურსტი, ცოლად შეირთო მარია ანტონია ბავარიელი, რომელთანაც შეეძინა შვილები, მათ შორის მომავალი ორი საქსონიის კურფიურსტი;
  4. მკვდარშობილი (1723);
  5. მარია ამალია (დ. 1724 — გ. 1760), ცოლად გაჰყვა ესპანეთის, ნეაპოლისა და სიცილიის მეფე კარლ III ბურბონს, რომელთანაც შეეძინა შვილები, მათ შორის ესპანეთის მომავალი მეფე კარლ IV, სიცილიისა და ნეაპოლის მომავალი მეფე ფერდინანდ I და ასევე საღვთო რომის იმპერატრიცა მარია ლუისა ესპანელი;
  6. მარია მარგარეტა (დ. 1727 — გ. 1734), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  7. მარია ანა სოფია (დ. 1728 — გ. 1797), ცოლად გაჰყვა ბავარიის კურფიურსტ მაქსიმილიან იოზეფ III ვიტელსბახს, თუმცა მათ შვილები არ ჰყოლიათ;
  8. მკვდარშობილი (1729);
  9. ფრანც ხავიერი (დ. 1730 — გ. 1806), საქსონიის პრინცი, ცოლად შეირთო მარია კლარა სპინუჩი, რომელთანაც შეეძინა ათი შვილი;
  10. მარია ჟოზეფა (დ. 1731 — გ. 1767), ცოლად გაჰყვა საფრანგეთის დოფინ ლუი დე ბურბონს, რომელთანაც შეეძინა შვილები, მათ შორის საფრანგეთის სამი მეფე — ლუი XVI, ლუი XVIII, შარლ X და ასევე სარდინიის დედოფალი მარი კლოტილდა ფრანგი;
  11. კარლი (დ. 1733 — გ. 1796), კურლანდის ჰერცოგი, ცოლად შეირთო ფრანცისკა კორვინ-კრასინსკა, რომელთანაც მხოლოდ ერთი ქალიშვილი შეეძინა;
  12. მარია კრისტინა (დ. 1735 — გ. 1782), რემირემონტის აბატი, გარდაიცვალა გაუთხოვარი და უშვილო, საფრანგეთში;
  13. მარია ელიზაბეთი (დ. 1736 — გ. 1818), პოლონეთისა და საქსონიის პრინცესა, გარდაიცვალა გაუთხოვარი და უშვილო;
  14. ალბერტი (დ. 1739 — გ. 1822), ტესჩენის ჰერცოგი და ავსტრიული ნიდერლანდების შტატჰალტერი, ცოლად შეირთო ერცჰერცოგინია მარია კრისტინა ავსტრიელი, რომელთანაც მხოლოდ ერთი გოგონა შეეძინა;
  15. კლემენტ ვენეცელი (დ. 1739 — გ. 1812), ტრიერის არქიეპისკოპოსი, გარდაიცვალა უცოლო და უშვილო;
  16. მარია კანიგუნდა (დ. 1740 — გ. 1826), ესენის აბატი, გარდაიცვალა გაუთხოვარი და უშვილო.
  • Potter, George R. The New Cambridge Modern History.
  • Helen, Watanabe-O'Kelly (2004). "Religion and the Consort: Two Electresses of Saxony and Queens of Poland (1697-1757)". In Campbell Orr, Clarissa. Queenship in Europe 1660-1815: The Role of the Consort. Cambridge University Press. pp. 252–275. ISBN 0-521-81422-7.