ნიკოლოზ ელიავა
ნიკოლოზ ელიავა | |
---|---|
დაბ. თარიღი | 1874 |
დაბ. ადგილი | ღანირი |
გარდ. თარიღი | 13 ივლისი, 1937 |
საქმიანობა | პოლიტიკოსი |
ალმა-მატერი | მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი |
ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა (დ. 1876, სოფ. ღანირი, ქუთაისის მაზრა — გ. 13 ივლისი, 1937) — ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი. რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. დაპატიმრებამდე მუშაობდა სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს ეკონომისტად.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი 1902 წელს.
1902 წელს იცავდა ბათუმის მუშათა გაფიცვის შემდეგ დაპატიმრებული მუშების ჯგუფს. 1905 წლიდან მუშაობდა რსდმპ-ის ბოლშევიკების ფრაქციაში. იყო ჟურნალ „[[მოგზაური]ს“ მეორე რედაქტორი. 1906 წელს შედიოდა ადვოკატთა ჯგუფში, რომლებიც იცავდნენ გურიის რესპუბლიკის სქმზე ბრალდებულებს.[1] 1910 წელს არჩეული იყო ქართული სახალხო თეატრის გამგეობის თავმჯდომარედ. 1912 წელს ადმინისტრაციული წესით გადაასახლეს როსტოვში, საიდანაც ამნისტიით გათავისუფლდა. 1913 წელს, „მგზავრის“ რედაქტორობისას. პეტერბურგის ციხეში გაატარა 3 წელი, შემდგომ კი გადაასახლეს ასტრახანში. 1916 წლიდან მუშაობდა ტფილისის დაჭრილთა და ომში დასახიჩრებულთა კომიტეტის მთავარ კონტროლიორად. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ, მარტიდან ნოემბრამდე, იყო ტფილისის საგუბერნიო მომარაგების კომიტეტის თავმჯდომარე. 1917 წლიდან იყო საქართველოს ქალაქთა კავშირის თავმჯდომარე. 1917 წლის აგვისტოში თბილისის ხმოსანთა სათათბირომ აირჩია ქალაქისთავად.[2] 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1918 წლიდან იყო თბილისის ქალაქის თავი. 1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დატოვა სამშობლო და წავიდა ემიგრაციაში. ცხოვრობდა სტამბოლში, შემდეგ გერმანიასა და საფრანგეთში.
1924 წლის სექტემბერში აგვისტოს აჯანყების ჩახშობის შემდეგ საქართველოს სსრ-ის ხელისუფლებამ მოახდინა მისი ქონების კონფისკაცია.[3] 1926 წელს ითხოვდა საქართველოში დაბრუნების უფლებას. 1926 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა თბილისში. შემდგომ წლებში მუშაობდა სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებაში. იყო დამცველთა (ადვოკატთა) კოლეგიის წევრი. 1930-იანი წლების მეორე ნახევარში მუშაობდა საქართველოს სსრ სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს ეკონომისტად. 1937 წლის 15 აპრილს პენსიონერი „კონტრრევოლუციური მენშევიკური ცენტრის“ წევრობის ბრალდებით დააპატიმრეს. 1937 წლის 12 ივლისს სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელმა სესიამ დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს 13 ივლისის ღამეს. დახვრიტეს ასევე მისი ვაჟი. რეაბილიტირებულია სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის მიერ 1957 წლის 8 ოქტომბერს.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი (1899)
- საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918)
- საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917)
- საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919)
- ქართული სახალხო თეატრის გამგეობა, თავმჯდომარე (1910)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ მახარაძე ი., „გურიის რესპუბლიკა გურიის გლეხთა მოძრაობა 1902-1906 წლებში“, თბილისი: „აზრი", 2016. — გვ. 224, ISBN 978-9941-9458-6-1.
- ↑ ჯანელიძე ო., დაუშვილი ა., ხოსიტაშვილი მ., „თავისუფალი საქართველოს დედაქალაქი თბილისი 1918-1921 წლებში“, თბილისი, 2019, გვ. 25 ISBN 978-9941-9553-1-9
- ↑ ჯიქია ლ., 1924 წლის აჯანყება დასავლეთ საქართველოში, თბ.: უნივერსალი, 2012. — გვ. 261.
- დაბადებული 1874
- გარდაცვლილი 13 ივლისი
- გარდაცვლილი 1937
- დაბადებული 1876
- ქართველი ადვოკატები
- საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები
- ქართველი სოციალ-დემოკრატები
- რსდმპ-ის წევრები
- საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები
- საბჭოთა კავშირის რეპრესიების მსხვერპლნი საქართველოში
- თბილისის მერები
- სამტრედიის მუნიციპალიტეტში დაბადებულები