შალვა ალექსი-მესხიშვილი
შალვა ალექსი-მესხიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 26 აპრილი, 1884 |
დაბადების ადგილი | თელავი |
გარდაცვალების თარიღი | 18 ივნისი, 1960 (76 წლის) |
მოქალაქეობა |
სსრკ რუსეთის იმპერია |
განათლება | ხარკოვის უნივერსიტეტი |
მამა | ლადო ალექსი-მესხიშვილი |
შვილ(ებ)ი | ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი |
შალვა ვლადიმერის ძე ალექსი-მესხიშვილი (დ. 26 აპრილი, 1884, თელავი ― გ. 18 ივნისი, 1960, თბილისი) — ქართველი ადვოკატი, პოლიტიკოსი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი 1918-1919 წლებში, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი, ლადო მესხიშვილის ვაჟი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საშუალო განათლება მიიღო თბილისში. 1902-1904 წლებში სწავლობდა ოდესის უნივერსიტეტში, ჯერ საბუნებისმეტყველო, შემდეგ კი იურიდიულ ფაკულტეტზე, მაგრამ სწავლის დასრულება ვერ მოახერხა. უნივერსიტეტიდან გარიცხეს სტუდენტთა რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის. 1909 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ალექსი-მესხიშვილი საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტების პარტიის ერთ-ერთი ლიდერი იყო. 1909 წელს იყო დაპატიმრებული. ადვოკატობა დაიწყო თბილისში 1910 წელს, მუშაობდა ნაფიცი ვექილის თანაშემწედ. 1910-1914 წლებში იცავდა მეფის მთავრობის კრიტიკის გამო პასუხისგებაში მიცემული ქართული ჟურნალ-გაზეთების რედაქტორებს და გამომცემლებს. 1917 წლის ნოემბრიდან იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი და ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. 1918-1919 წლებში ეკავა იუსტიციის მინისტრის პოსტი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის კოალიციურ მთავრობაში. 1919-1921 წლებში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი სოციალისტ-ფედერალისტების სიით. იყო იურიდიული კომისიის წევრი. 1921 წელს საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორდა და საადვოკატო მოღვაწეობას ეწეოდა. 1920-იანი წლების პირველ ნახევარში ორგზის იქნა დაპატიმრებული საბჭოთა რეჟიმის მიერ. 1925 წლის ივლის-აგვისტოში „პარიტეტული კომიტეტის“ პროცესზე იცავდა ბრალდებულთა ჯგუფს. იყო საქართველოს სსრ-ის ადვოკატთა კოლეგიის წევრი და მუდმივად ირჩევდნენ მისი პრეზიდიუმის შემადგენლობაში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ხვადაგიანი ი., „საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919“, თბილისი: „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“, 2016. — გვ. 148-149, ISBN 978-9941-0-9318-0.
- თარხნიშვილი გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 104.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 302.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|