მარია ლუიზა დე ბურბონ-პარმელი
მარია ლუიზა დე ბურბონ-პარმელი | |
---|---|
ბულგარეთის ცარიცა | |
მმართ. დასაწყისი: | 20 აპრილი, 1893 |
მმართ. დასასრული: | 31 იანვარი, 1899 |
წინამორბედი: | იოჰანა ლოიცინგერი |
მემკვიდრე: | ელეონორა როის ცუ კოისტრიცი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 17 იანვარი, 1880 |
დაბ. ადგილი: | რომი, იტალია |
გარდ. თარიღი: | 31 იანვარი, 1899, (29 წლის) |
გარდ. ადგილი: | სოფია, ბულგარეთი |
მეუღლე: | ფერდინანდ I, ბულგარეთის ცარი |
შვილები: |
ბორის III, ბულგარეთის ცარი კირილი, პრესლავის მთავარი ეუდოქსია ნადეჟდა, ვიუტემბერგის ჰერცოგინია |
სრული სახელი: | მარია ლუიზა პია ტერეზა ანა ფერდინანდა ფრანჩესკა ანტუანეტა მარგერიტა ჯუზეპინა კაროლინა ბიანკა ლუჩია აპოლონია დე ბურბონ-პარმელი |
დინასტია: | ბურბონები |
მამა: | რობერტო I, პარმის ჰერცოგი |
დედა: | მარია პია დე ბურბონ-სიცილიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
მარია ლუიზა დე ბურბონ-პარმელი (იტალ. Maria Luisa di Borbone-Parma, ბულგ. Мария-Луиза Бурбон-Пармска; დ. 17 იანვარი, 1880 — გ. 31 იანვარი, 1899) — ბურბონთა დინასტიის პარმის შტოს წარმომადგენელი. პარმის ჰერცოგ რობერტო I-ისა და მისი პირველი ცოლის, მარია პია დე ბურბონ-სიცილიელის უფროსი ასული. ბულგარეთის პირველი ცარიცა 1893-99 წლებში როგორც ფერდინანდ I-ის პირველი მეუღლე. ბულგარეთის ცარ ბორის III-ის დედა. ავსტრია-უნგრეთის უკანასკნელი იმპერატრიცის, ზიტა დე ბურბონ-პარმელის უფროსი და.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარია ლუიზა დაიბადა 1880 წლის 17 იანვარს რომში. იგი იყო პარმის ჰერცოგ რობერტო I-ისა და მისი პირველი ცოლის, მარია პია დე ბურბონ-სიცილიელის ასული. წყვილს სულ თერთმეტი შვილი ჰყავდა. 1882 წელს, მარია პია მშობიარობას გადაჰყვა. მათი საერთო შვილებიდან ორი ჩვილობაშივე დაიღუპა და მიუხედავად იმისა, რომ მემკვიდრის პრობლემა არ ყოფილა, 1884 წელს რობერტო მეორედ დაქორწინდა პორტუგალიის მეფე მიგელ I-ის ასულ მარია ანტონიაზე, რომელთანაც კიდევ თორმეტი შვილი შეეძინა. დედის გარდაცვალების შემდეგ, მარია ლუიზა განათლებას შვეიცარიაში, ქალაქ ბიარიცში იღებდა ინგლისელი აღმზრდელის მეთვალყურეობით. აქ მან მშობლიური იტალიურის გარდა, ხუთი ენა შეისწავლა: ფრანგული, ესპანური, ინგლისური, გერმანული და პორტუგალიური. გარდა ამისა კარგად იცოდა ხატვა და მუსიკა. მარია ლუიზას საოცრად გამოსდიოდა გიტარასა და ფორტეპიანოზე დაკვრა, აგრეთვე ძალიან უყვარდა დანტესა და ლეოპარდის შემოქმედება.
ქორწინება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1892 წლიდან მამამისმა წამოიწყო საქორწინო მოლაპარაკებები მარია ლუიზასა და ბულგარეთის ცარ ფერდინანდ საქსენ-კობურგ-გოთელის ქორწინებასთან დაკავშირებით. მოლაპარაკებები რობერტოსა და ფერდინანდის დედას, პრინცესა კლემენტინა ორლეანელს შორის მიმდინარეობდა. მათი ნიშნობა ბურბონ-პარმელთა ავსტრიულ რეზიდენციაში, შვარცაუს სასახლეში შედგა. ამ დღემდე მარია ლუიზას და ფერდინანდს ერთმანეთი ნანახიც არ ჰყავდათ. ამ დღესთან დაკავშირებით, კლემენტინამ თავის რძალს, დიდი ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიას ასეთი რამ მისწერა:
„უბედური გამომეტყველება აქვს და არც ისე ლამაზია, ეს ის ერთადერთი რამაა რაც აკლია, რადგან შინაგანად ძალიან მომხიბვლელია, აქვს შარმიც, მახვილგონიერია, ჭკვიანი და ძალიან საყვარელი.“
|
ქორწინება 1893 წლის 20 აპრილს შედგა პიანორეს სასახლეში, იტალიის ქალაქ ლუკაში. მარია ლუიზა ამ დროს ოცდასამი წლის იყო, ანუ ფერდინანდზე ცხრა წლით უმცროსი. ქორწილის დღიდან ზუსტად ცხრა თვესა და ათ დღეში დაიბადა მათი პირველი ვაჟი და მემკვიდრე, რომელსაც ბორისი დაარქვეს.
ბულგარეთის ცარიცა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარია ლუიზა მის ქმარს არასდროს ჰყვარებია. თუმცა, ფერდინანდმა კარგად იცოდა, რომ ბულგარეთის სამეფო დინასტიის გასაგრძელებლად მემკვიდრეები იყო საჭირო, რის გამოც ცოლთან მაინც ახლო ურთიერთობას იჭერდა შვილების გასაჩენად. რუსეთის იმპერიის მიერ ბულგარეთის სუვერენულ სახელმწიფოდ აღიარების სანაცვლოდ, 1895 წელს მათი ვაჟი ბორისი მართლმადიდებლად მოინათლა, თუმცა თავად მარია ლუიზა კათოლიციზმის ერთგული დარჩა. ბულგარელები თავიანთი ცარიცას მართლმადიდებლობაზე მოქცევას მოითხოვდნენ, რაც ორსული მარია ლუიზასთვის დიდი სტრესი იყო, თუმცა მშობლების დახმარებით მაინც მოახერხა სასურველი რელიგიის შენარჩუნება.
მათი მეორე ვაჟი უკვე კათოლიკედ მოინათლა. აღსანიშნავია, რომ მას იმდენად არ სურდა ბორისის გამართლმადიდებლება, რომ მისი ნათლობის დროს არა მხოლოდ არ მივიდა ცერემონიალზე, არამედ საერთოდ დატოვა დედაქალაქი სოფია. იგი ბულგარეთის სამეფო კარს მხოლოდ 1896 წლის მაისში დაუბრუნდა. ამავე წლის ზაფხულში, მარია ლუიზას ლონდონიდან ბრილიანტის ყელსაბამი ჩამოუვიდა, რომელიც მას დედოფალმა ვიქტორიამ აჩუქა. 1898 წლის ივლისში იგი თავის ქმართან და შვილებთან ერთად ოფიციალურად ესტუმრა რუსეთის დედაქალაქ სანქტ-პეტერბურგსა და იმპერატორ ნიკოლოზ II-ის კარს. ცნობილია, რომ იგი გაოცებული დარჩა ცოლისადმი ასე მოსიყვარულე ნიკოლოზით.
გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირად ცხოვრებაში არსებულმა სირთულეებმა და უკანასკნელ ხუთ წელიწადში ოთხი ბავშვის გაჩენამ, საგრძნობლად შეარყია მარია ლუიზას ჯანმრთელობა. რუსეთიდან დაბრუნებიდან მალევე იგი პნევმონიით დაავადდა და 1899 წლის 31 იანვარს, 29 წლის ასაკში, დედაქალაქ სოფიაში გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ გარდაცვალების მიზეზი პნევმონია არ ყოფილა. იგი თავისი მეოთხე და უკანასკნელი მშობიარობიდან სულ რაღაც ოცდაათ საათში დაიღუპა. იგი დაკრძალეს ქალაქ პლოვდივის წმინდა ლუი IX ფრანგის სახელობის კათოლიკურ კათედრალში.
მისი გარდაცვალებიდან ათ წელიწადში ფერდინანდი მეორედ დაქორწინდა გერმანელ დიდგვაროვან ქალზე, ელეონორა კოიშტრიცელზე, თუმცა მასთან ბედნიერი ქორწინებისდა მიუხედავად, შვილები არ ჰყოლია. თავად ფერდინანდი, 1918 წელს იძულებული გახდა ტახტიდან გადამდგარიყო, რის შემდეგაც ბულგარეთის ცარი მარია ლუიზას ვაჟი, ბორის III ხდება.
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბორის III (1894-1943), ბულგარეთის ცარი, ცოლად შეირთო იტალიის მეფის ასული ჯოვანა სავოიელი, რომელთანაც შეეძინა ორი შვილი, მათ შორის ბულგარეთის უკანასკნელი ცარი სიმეონ II;
- კირილი (1895-1945), პრესლავის მთავარი, იყო თავისი ძმის შვილის რეგენტი 1943-44 წლებში. გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
- ეუდოქსია (1898-1985), გარდაიცვალა გაუთხოვარი და უშვილო;
- ნადეჟდა (1899-1958), ცოლად გაჰყვა ვიუტემბერგის ჰერცოგ ალბრეხტ ევგენის, რომელთანაც ხუთი შვილი შეეძინა;
ჯილდო და ჰერალდიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯილდო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გერბი და მონოგრამა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წარმომავლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წინაპრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პატრიარქატული წარმოშობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პატრიარქატული წარმომავლობა |
---|
|
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Aronson, T. (1986) Crowns in conflict: the triumph and the tragedy of European monarchy, 1910–1918, John Murray Publishers, London; ISBN 0-7195-4279-0
- Constant, S. (1979) Foxy Ferdinand, 1861–1948, Tsar of Bulgaria, Sidgwick and Jackson, London; ISBN 0-283-98515-1