შინაარსზე გადასვლა

გარეუბანი (თბილისის უბანი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თბილისის ვახუშტისეულ გეგმაზე (1735) გარეუბანი აღნიშნულია პირობითი ნიშნით „იბ“

გარეუბანი, გარეთუბანი — ფეოდალური ხანის თბილისის უბანი მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, კალას ჩრდილოეთითა და დასავლეთით, მისი გალავნის გარეთ.

ქართულ ისტორიულ დოკუმენტებში გარეუბანი პირველად XVI საუკუნეში იხსენიება. დროთა განმავლობაში მისი საზღვრები იცვლებოდა. XVIII საუკუნის 20-იან წლებში ოსმალებმა გააპარტახეს გარეუბანი, აქაური მოსახლეობა კი ქალაქში გადასახლდა. ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილი თბილისის გეგმის (1735) მიხედვით გარეუბანი დაახლოებით ამჟამინდელ ქაშვეთის ეკლესიამდე აღწევდა. იმავე საუკუნის 60-70-იან წლებში იწყება გარეუბნის ხელახალი დასახლება. ერეკლე II-ს ბრძანებით 1783 წელს ჩატარებული აღწერის მონაცემებით გარეუბანში 550 კომლი ცხოვრობდა.

ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან შეერთების (1801) შემდეგ ქალაქის ტერიტორია სამ ნაწილად დაიყო, ერთი მათგანი იყო გარეუბანი; ამ დროიდან გარეუბანში აგებენ ევროპული ტიპის შენობებს. უბნის ცენტრი ქმნიდა მოედანს (ახლანდელი თავისუფლების მოედანი). გარეუბნის მასობრივი განაშენიანება 1833 წლიდან ხდება, მას შემდეგ, რაც ქალაქის გეგმაზომიერი დაპროექტება დაიწყო, რამაც განაპირობა გარეუბნისა და ზოგადად, თბილისის განვითარება ჩრდილო-დასავლეთით გოლოვინის (ამჟამად რუსთაველის) პროსპექტის მიმართულებით. ამ დროისთვის გარეუბნის უკიდურესმა საზღვარმა ჩრდილოეთით ამჟამინდელი ვერის ბაღის ტერიტორიამდე მიაღწია. აქ გაშენებული იყო მეფის, დედოფლის, ბატონიშვილთა, ქალაქის მამასახლისისა და თბილელი ეპისკოპოსის ბაღები. 1859 წელს ადრინდელი ყაბახის ადგილას გაშენდა პარკი (ახლანდელი 9 აპრილის სახელობის პარკი; ყოფ. კომუნარების სახელობის პარკი). ამ დროისათვის გარეუბანი ახლანდელი კაკაბაძეების (ყოფ. გ. ლეონიძის) ქუჩამდე აღწევდა. XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან ქალაქის ოფიციალურ ტოპონიმიკაში გარეუბანი აღარ იხსენიება.

გარეუბნის უკიდურესი ზღვარი ჩრდილოეთით იყო ახლანდელი ვერის ბაღის (ყოფ. კიროვის სახელობის პარკის) მიდამოები. XVI—XVII საუკუნეებში გარეუბნის ტერიტორია ქალაქის გალავნიდან ქაშვეთის ეკლესიამდე უკვე მჭიდროდ იყო დასახლებული. გარეუბანი იყოფოდა რამდენიმე მიკროუბნად:

  • მუხრანბატონიანთ უბანი — ავანაანთხევის ორივე მხარეს, მტკვრის პირიდან ახლანდელი ჩახრუხაძისა და ბარათაშვილის ქუჩების კუთხემდე და ვანქის უბნამდე;
  • ვანქის უბანი — ვანქის მონასტრის მიდამოები (ახლანდელი გიორგი ათონელის ქუჩა);
  • ორბელიანთ უბანი — ვანქის უბნიდან „გარეთუბნის მეიდნამდე“ ანუ ყაბახამდე (ასპარეზი) ჩრდილოეთით და მტკვრამდე აღმოსავლეთით;
  • შუა კარის უბანი — „დიღმის გზისა“ და „შუა კარის გზის“ მიდამოები — ახლანდელი პუშკინისა და მუზეუმის ქუჩებს, რუსთაველის პროსპექტისა და თავისუფლების მოედანს შორის მოთავსებული ტერიტორია.
  • ბერძნიშვილი მ., თბილისის გარეგანი სახე XVIII საუკუნეში, თბილისი, 1968;
  • თბილისის ისტორია, შ. მესხიას რედ., თბილისი, 1958;