შინაარსზე გადასვლა

ნჯამენა

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დედაქალაქი
ნჯამენა
ფრანგ. N’Djamena
არაბ. نجامينا
გერბი

ქვეყანა ჩადის დროშა ჩადი
კოორდინატები 12°06′59″ ჩ. გ. 15°04′20″ ა. გ. / 12.11639° ჩ. გ. 15.07222° ა. გ. / 12.11639; 15.07222
დაარსდა 1900
ადრეული სახელები ფორტ-ლამი
ფართობი 100 კმ²
ცენტრის სიმაღლე 298
მოსახლეობა 951 418 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 9514,18 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1
სატელეფონო კოდი 235
ნჯამენა — ჩადი
ნჯამენა

ნჯამენა (ფრანგ. N’Djamena; არაბ. نجامينا) — ჩადის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. 2009 წლის აღწერის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 951 418 ადამიანს შეადგენს. ქალაქი ნჯამენა ასევე ქვეყნის 23 ადმინისტრაციული რეგიონიდან ერთ-ერთის — ნჯამენის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია და დაყოფილია 10 საქალაქო რაიონად. მდინარე შარის და მდინარე ლოგონის შესართავის სიახლოვეს აგებულია პორტი, რომელიც კამერუნის ქალაქ კუსერის მოპირდაპირედ მდებარეობს. ეს უკანასკნელი და ნჯამენა ერთმანეთთან ხიდითაა დაკავშირებული. მრეწველობის მთავარი დარგებია ხორცის, თევზისა და ბამბის წარმოება. მიუხედავად სამოქალაქო კონფლიქტებისა, ნჯამენა ჩადის ეკონომიკური აქტივობის ცენტრად რჩება.

ქალაქი დაარსდა 1900 წელს ფრანგი კოლონიზატორების მიერ და მას ისინი იყენებდნენ, როგორც სამხედრო საყრდენ პუნქტს ფორტ-ლამის სახელწოდებით (ამ მომენტამდე ბრძოლაში გარდაცვლილი ფრანგი მეთაურის ფრანსუა-ჟოზეფ-ამედე ლამის პატივსაცემად). 1904 წლიდან ის შედიოდა საფრანგეთის კოლონია უბანგი-შარის შემადგენლობაში. 1910 წელს ქალაქი უკვე ეკუთვნოდა საფრანგეთის ეკვატორულ აფრიკას. 1958 წლიდან 1960 წლამდე ფორტ-ლამი იყო ჩადის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი, ხოლო 1960 წლის შემდეგ გახდა დამოუკიდებელი ჩადის რესპუბლიკის დედაქალაქი. ქალაქის თანამედროვე დასახელება გამოიყენება 1973 წლიდან.

2006 წლის 13 აპრილს გაერთიანებულმა ფრონტმა დემოკრატიული ცვლილებებისთვის ჯარმა სცადა ქალაქის დაპყრობა, მაგრამ მარცხი განიცადა ნჯამენისათვის ბრძოლის მსვლელობისას[1]. 2008 წლის 2 თებერვალს ამბოხებულთა ძალებმა ხელახლა სცადეს ქალაქის დაპყრობა, მაგრამ 2 დღის შემდეგ იძულებულები გახდნენ უკან დაეხიათ[2]. დღეისათვის ქალაქში არსებობს თანამედროვე ევროპული მშენებლობის მცირე რაოდენობის ქვის შენობები, მაგრამ დედაქალაქის ნაგებობათა ძირითად მასას შეადგენენ ქოხები და თიხისგან აგებული სახლები.

ქალაქი მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მდინარე შარის მარჯვენა ნაპირზე, მასთან მდინარე ლოგონის შეერთების ადგილიდან სიახლოვეს, ზღვის დონიდან 299 მეტრ სიმაღლეზე[3]. მისი ტერიტორია იმყოფება საკმაოდ ჭაობიან ადგილზე.

კლიმატი საკმაოდ ცხელია, სუბეკვატორული, ატარებს გამოკვეთილ მუსონურ თვისებებს. ყველაზე უფრო ცხელი თვეა — აპრილი, ნოტიო სეზონის დადგომამდე, ყველაზე უფრო ცივი — დეკემბერი. ცხელა მთელი წლის განმავლობაში, აპრილში ტემპერატურამ შეიძლება მიაღწიოს +46 °C-ს. აბსოლუტური მინიმუმი შეადგენს +8 °C-ს (დეკემბერი და იანვარი). ნოტიო სეზონი გრძელდება მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით, დანარჩენ დროს წვიმები საკმაოდ იშვიათობაა.

ნჯამენა მდებარეობს პრაქტიკულად საჰელის ცენტრში, რეგიონის, რომელიც გარდამავალია სამხრეთში მდებარე უფრო ნოტიო და ნაყოფიერ სავანასა და ჩრდილოეთში მდებარე საჰარას შორის. ნჯამენისთვის დამახასიათებელია საკმაოდ ცხელი სუბეკვატორული კლიმატი მოკლე, მაგრამ ძლიერი ნოტიო სეზონით ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით და ხანგრძლივი მშრალი სეზონით, რომლის პიკია ნოემბრიდან მარტის ჩათვლით, როდესაც წვიმები პრაქტიკულად არ მოდის.

ტემპერატურა ნჯამენაში მთელი წლის განმავლობაში საკმაოდ მაღალია და შეიძლება ჩრდილში +45 °C-საც ასცდეს, ხოლო თვის საშუალო ტემპერატურა ყველაზე უფრო მაღალია აპრილ-მაისში და შეადგენს +33 °C-ს, იანვარში ეცემა +23 °C-მდე, მაგრამ ამ დროს დგება მშრალი სეზონი, რომლის დროსაც ნალექები გამორიცხულია. ნალექების წლის საშუალო რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 500 მმ-ს.

მოსახლეობა 2009 წლია აღწერის მონაცემებით შეადგენს 951 418 ადამიანს.[4]

ძირითადი ეთნიკური ჯგუფები: ტუბუ (16,97 %); არაბები (11,08 %); ჰაჯარაი (9,15 %); ნგამბაიე (6,41 %); ბილალა (5,83 %); კანემბუ (5,80 %); მაბა (4,84 %); კანური (4,39 %); გორი (3,32 %); კუკა (3,20 %); სარა (2,24 %) და ბარმა (2,10 %). ოფიციალური ენებია ფრანგული და არაბული, მაგრამ ქალაქის მაცხოვრებლები ასევე ლაპარაკობენ ნილო-საჰარული, აფრაზიული და ნიგერ-კონგოს ოჯახის ენებზე. მორწმუნეთა შორის ჭარბობენ მუსლიმები; ქრისტიანები ცოტა უფრო ნაკლებია. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი აფრიკული ტრადიციული რელიგიების მიმდევრებია.

ქალაქის მოსახლეობის რაოდენობის დინამიკა წლების მიხედვით:

1937 1947 1958 1960 1970 1993 2000 2009
9976 18 375 53 000[5] 60 000[5] 130 000[5] 529 555[5][6] 728 000[5] 951 418

ქალაქი ტრანსსაჰელის მაგისტრალის აღმოსავლეთის ბოლო პუნქტია; ამას გარდა, ნჯამენა ავტოქსელით დაკავშირებულია აღმოსავლეთ და ცენტრალურ აფრიკასთან. ქალაქის შემოგარენში მდებარეობს ნჯამენის საერთაშორისო აეროპორტი. სარკინიგზო კავშირი ქალაქთან არ არსებობს.

ქალაქის მოზრდილი მოსახლეობის ნახევარზე მეტი განათლებულია. მასწავლებლების და სოციალური სფეროს მომსახურეების ძირითად მასას შეადგენენ ფრანგები. 1971 წელს ქალაქში გაიხსნა ნჯამენის უნივერსიტეტი, სადაც სწავლება მიმდინარეობს ფრანგულ ენაზე, ხოლო 1991 წელს — კინგ-ფაისალის უნივერსიტეტი, სადაც სწავლება მიმდინარეობს არაბულ ენაზე[7]. ქალაქში ასევე არსებობს ზოოტექნიკის და ვეტერინარიის ინსტიტუტი, ჰუმანიტარული მეცნიერებების ეროვნული ინსტიტუტი, ტროპიკული ქვეყნების მეცხოველეობის და ვეტერინარიის ინსტიტუტი, მებამბეობის ინსტიტუტი, ადმინისტრაციის ეროვნული სკოლა, ეროვნული მუზეუმი.

დამეგობრებული ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. BBC: UN condemns rebel attack in Chad
  2. Rebels clash with Chadian forces inside capital (February 2, 2008).
  3. N'Djamena, Chad Page. Fallingrain Global Gazetteer. ციტირების თარიღი: 2013-12-28.
  4. მოსახლეობის 2009 წლის აღწერა (Census-2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-07-01. ციტირების თარიღი: 2017-03-01.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 Zeleza, Tiyambe (2003). Encyclopedia of twentieth-century African history. Taylor & Francis, გვ. 379. ISBN 978-0-415-23479-5. 
  6. Europa Publications (2004). Africa South of the Sahara. Routledge, გვ. 230. ISBN 978-1-85743-183-4. 
  7. Chad’s education system follows the model of its former colonizer, France. Bibl.u-szeged.hu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-24. ციტირების თარიღი: 2013-03-26.
  8. Toulouse-N’Djamena: une solidarité durable French. Adequations (2008). ციტირების თარიღი: 30 November 2009.
  9. რუსეთ-ჩადის ურთიერთობა. Russian Ministry of Foreign Affairs (16 February 2009). ციტირების თარიღი: 2009-07-23.